როგორ დაამარცხეს საქართველო

2019-08-08 16:29:11
ბლოგი

განსაკუთრებული ნიჭია, ამდენი სისაძაგლე აკეთო და ვერაფერი იხეირო

2008 წლის 8 აგვისტო რუსეთ–საქართველოს ომის დაწყების ოფიციალურ თარიღად ითვლება.

ომი სამხრეთ ოსეთში დაიწყო.  

მანამდე ვიყავი ამ არაღიარებულ რესპუბლიკაში და მახსოვს, შინ დაბრუნების შემდეგ როგორ ვუთხარი მეგობარს: „კავკასიაში ომი იქნება, ეს ომი სამხრეთ ოსეთში დაიწყება“.

სამხრეთ ოსეთი – ეს დსთ–ის ტერიტორიაზე ღაზას სექტორის ჩამოყალიბების პირველი გამოცდილებაა. ეს იყო დონბასი 1.0 – ღატაკი ტერიტორია სამუშაოს გარეშე, უზარმაზარი მიგრაციით.

ადგილობრივი ხელისუფლება,  – იგივე ბანდიტები, – ჯერ საქართველოდან მომავალი კონტრაბანდით ხეირობდნენ, ხოლო როდესაც სააკაშვილმა იგი აღკვეთა ( რაც, უდავოდ, მისი სტრატეგიული შეცდომა იყო), ერთადერთ დარჩენილ შემოსავლად სანგრებში ჯდომა და რუსული ფულით „ქართველი ფაშისტების“ წინააღმდეგ ბრძოლა იქცა.

ეკონომიკის სრული არარსებობა (მახსოვს, მაღაზიაში 1000–რუბლიანი კუპიურა ვერ დამიშალეს), გაუმართავი წყალგაყვანილობა და ნანგრევები – ამ ყველაფრის კომპენსირებას დერჟავული ისტერია ახდენდა. მახსოვს, როგორ ამიყვანა ადგილობრივმა პედაგოგმა ავნევის თავზე ერთ–ერთ სიმაღლეზე და ამაყად განმიცხადა: „აქ მსოფლიოს გეოპოლიტიკური ცენტრია. აქედან ამერიკის დამარცხება დაიწყებაო“.

ქართული სოფლები სამხრეთ ოსეთში ოსურების გვერდით არსებობდნენ. „ბოროტმა ფაშისტმა სააკაშვილმა“ ისინი ახალი საქართველოს მოციმციმე ვიტრაჟებად აქცია - ახალი გასამართი სადგურებით, გზებითა და საავადმყოფოებით. კონტრასტი შოკისმომგვრელი იყო – ისეთივე, როგორც ღაზასა და თელ–ავივს შორის.

სამხრეთ ოსეთს კორუფცია მართავდა, საქართველოს – წესრიგი და კანონი. სამხრეთ ოსეთის მმართველებს მოუწიათ, მოქალაქეებისთვის ქართულ საავადმყოფოებში მკურნალობა აეკრძალათ და ერთადერთი, რისი გაკეთებაც მათ თვითგადარჩენისთვის შეეძლოთ, ეს მათი განადგურება იყო. რაც გააკეთეს კიდეც.  

დაძაბულობამ ზრდა 2008 წლის ივლისში დაიწყო.

რუსულმა ჯარმა საზღვარზე „ქართული აგრესიის მოგერიებაში წვრთნების“ ჩატარება წამოიწყო. 3 აგვისტოს ოსების პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ცხინვალიდან ევაკუაცია გამოაცხადა. სამოქალაქო მოსახლეობამ ქალაქის დატოვება დაიწყო. მათ ნაცვლად ცხინვალში შევიდნენ „მოხალისეებისა“ და საშტატო პროპაგანდისტების მთელი ბრიგადები „ქართული აგრესიის მოგერიების“ ფართოდ გასაშუქებლად.

ვინაიდან „აგრესია“ ჯერ არ არსებობდა, იგი უნდა შეექმნათ.

გაუგებარი ხალხი ქართულ სოფლებსა და საგუშაგოებს უშენდა ჭურვებს, რომლებიც, როგორც ჩანს, იქვე მოიპოვეს, სადაც შემდგომში სხვა „მოხალისეებმა“ – ტანკები დონბასისთვის. რუსული მედია ამ დროს ქართული მხრიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევების შესახებ იუწყებოდა.

7 აგვისტოს ოსურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქართველებმა ორი ოსური სოფელი – დმენისი და ხეთაგიროვო გაანადგურეს. ჟურნალისტები ადგილზე ჩავიდნენ. ოსური სოფლები ხელუხლებელი დახვდათ. აი, მეზობელი ქართული სოფელი ნული კი ცეცხლის ალში იყო გახვეული.

ეს იყო კლასიკური პროპაგანდა: ყოველთვის მიაწერე მტერს ის, რასაც თავად აკეთებ. ქართველებზე ყოველი თავდასხმა სიცრუედ ცხადდებოდა. ქართველების ყველა საპასუხო შეტევა – „არაპროვოცირებულ აგრესიად“.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტი სააკაშვილი ტელეფონით ევროპელ ლიდერებთან დაკავშირებას ცდილობდა. მისთვის არავის ეცალა. დარეკა სახელმწიფო დეპარტამენტშიც, სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთანაც კი ვერ მოახერხა საუბარი, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯორჯ ბუშზე.  ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც დაკავშირება შეძლო, კონდოლიზას მოადგილე მეთიუ ბრაიზა იყო, რომელმაც სააკაშვილს ურჩია, „რუსეთის პროვოკაციებს არ აჰყოლოდა“.

ქართველებმა ჯარების გაშლა მხოლოდ 7 აგვისტოს დაიწყეს. იმ დროისთვის, შეგახსენებთ, ცხინვალი უკვე ევაკუირებული იყო.

სააკაშვილს მშვიდობიანი გამოსავლის იმედი ჰქონდა: მან ცხინვალში რეიტენგრაციის საკითხთა მინისტრი თემურ იაკობაშვილი გაგზავნა. ეს უკანასკნელი იქ რუს ელჩ პოპოვთან ერთად უნდა ჩასულიყო, თუმცა გორისკენ გზაში პოპოვმა იაკობაშვილს დაურეკა და ამცნო, რომ „საბურავი დაეშვა“. „სათადარიგო დააყენეთ“ – ურჩია იაკობაშვილმა. „სათადარიგოც გახვრეტილია“, – იყო პასუხი.  

ცხინვალში ჩასული იაკობაშვილი რუსი სამშვიდობოების ხელმძღვანელ მარატ კულახმეტოვს შეხვდა. პრეზიდენტი კოკოითი შეხვედრაზე არ გამოცხადდა. „კოკოითი კონტროლიდან გავიდა“ – განუმარტა კულახმეტოვმა.

იაკობაშვილი რამდენიმე წუთის წასული იყო, კულახმეტოვი და კოკოითი რომ ჟურნალისტებთან ერთად გავიდნენ და ამცნეს, „მოლაპარაკებების გამართვაზე შევთანხმდითო“.  შეგახსენებთ, რომ იმ დროს ცხინვალში სამოქალაქო პირები თითქმის აღარ იმყოფებოდნენ, ხოლო თითი–ოროლა დარჩენილი წერდა: «даешь досрочное заполнение грузинскими трупами морга в Гори» (“წინმსწრებად აავსეთ გორის მორგები ქართველების გვამებით”).

იმედგადაწურულმა სააკაშვილმა ომის თავიდან აცილების ბოლო მცდელობა განახორციელა: გამოაცხადა, რომ ქართული მხარე ნებისმიერი სახის ცეცხლს დაუყოვნებლივ წყვეტდა.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, 23:30 სთ–ზე ქართულ სოფელ თამარაშენის მიმართულებით გაიხსნა ცეცხლი და იმავდროულად სააკაშვილმა მიიღო მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსული ტანკები უკვე როკის გვირაბს კვეთდნენ.

ეს, როგორც ჩანს, ტანკების მეორე კოლონა იყო. პირველი უკვე დიდი ხანია, ჯავის ბაზაზე იდგა. ქართველმა მფრინავებმა იგი დილის დაახლოებით 5 სთ–ზე დაბომბეს და რუსეთის ხელისუფლება შემდგომში დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამდა აღშფოთებას „ჰუმანიტარული კონვოის“ დაბომბვასთან დაკავშირებით, რომელიც ღამის 3 სთ–ზე სასწრაფოდ დაიძრა ჯავიდან ცხინვალის მიმართულებით.

თამარაშენისთვის ცეცხლის გახსნის მიზეზი მარტივი იყო: ეს სოფელი განთავსებულია “ტრანსკამზე”  – ერთადერთ ნორმალურ გზაზე, რომელიც როკის გვირაბს ცხინვალთან და შემდეგ გორთან აერთებს. მეორე – ზარის შემოვლითი გზა ტანკებისთვის გაუვალი იყო. თამარაშენის დაცხრილვა სხვა არაფერია, თუ არა საარტილერიო მომზადება “ტრანსკამზე” ქართული წერტილების გასანადგურებლად, რათა შემდეგ მასზე რუსულ ტანკებს გაეარათ.

დასავლეთი მთლიანად საქართველოს მხარეს იყო. მაგრამ ძალიან მალე დასავლური ბიუროკრატიის დამოკიდებულებამ ცვლა დაიწყო. რუსულმა ფულმა, რუსული გავლენის აგენტებმა და უბრალოდ რუსეთთან  დაპირისპირების არსურვილმა თავისი საქმე გააკეთა. დასავლელ პოლიტიკოსებს ომი გამოეპარათ და ახლა ეძებდნენ გზებს, პასუხისმგებლობისგან თავი დაეძვრინათ, ამის საუკეთესო გზას კი სააკაშვილის დადანაშაულება წარმოადგენდა.

რუსეთის დაშოშმინების ამ პოლიტიკის კულმინაციად იქცა ევროკავშირის კომისიის მიერ გამოცდილი შვეიცარიელი ბიუროკრატის – ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით მომზადებული მოხსენება.

კომისიას პასუხი უნდა გაეცა კითხვისთვის, „ვინ დაიწყო ომი“ და მან პასუხი ასე გასცა:  ქართველების მტკიცებით, ომი რუსებმა დაიწყეს, რუსების მტკიცებით – ქართველებმა, ხოლო სიმართლე რომელია, ჩვენ არ ვიცით.

მეტიც, კომისიამ განაცხადა, რომ ომი იმ მომენტში დაიწყო, როდესაც საქართველომ ცხინვალზე მიიტანა იერიში.

ამით ტალიავინის კომისიამ ომს ახალი განსაზღვრება მისცა. ამ საოცარი კონცეფციის მიხედვით, აგრესორს ომში არა მისი დამწყები მხარე წარმოადგენდა, არამედ ის, რომელმაც საკუთარი ტერიტორიის დაცვა გადაწყვიტა.

ტალიავინის კომისიის დასკვნით, სააკაშვილს უბრალოდ პასუხი არ უნდა გაეცა.

მას პასუხი არ უნდა გაეცა მაშინ, როდესაც რუსული არტილერია “ტრანსკამის” გასწვრივ ქართულ სოფლებს მიწასთან ასწორებდა, არც მაშინ, როცა რუსულმა ტანკებმა გორი დაიკავეს. არც მაშინ, როდესაც ისინი თბილისს მიუახლოვდნენ. და რომ გაეცა პასუხი, აი, აქ ის ომს დაიწყებდა! და ნახეთ, ლოგიკურიცაა: სააკაშვილს რომ პასუხი არ გაეცა, ომი არ იქნებოდა, იქნებოდა მხოლოდ ოკუპაცია...

ტალიავინის კომისია ერთადერთი არ იყო, ვინც რუსეთის დაშოშმინებით დაკავდა. დამშოშმინებელთაგან ყველაზე გავლენიანად აშშ–ის ახალი პრეზიდენტი ბარაქ ობამა მოგვევლინა. არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე მან რუსეთთან ურთიერთობებში „გადატვირთვა“ გამოაცხადა და ამით კრემლის თვალში სამართლიანად აღიარა მთელი ის უგონო ანტიამერიკული პროპაგანდა, რომელიც რუსეთ–საქართველოს ომს წითელ ხაზად გასდევდა.

რომ არ ყოფილიყო „გადატვირთვა“, არ იქნებოდა არც დომბასი, არც ყირიმი.

ყირიმის შემდგომი ანექსია, პროექტი „ნოვოროსია“, ომი სირიაში და „ჰიბრიდული ომი“ აშშ–ის წინააღმდეგ გვაიძულებს, თავიდან შევაფასოთ ყველაფერი ის, რასაც რუსული პროპაგანდა და დასავლელი დამშოშმინებლები მთელი ამ დროის განმავლობაში რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ წერდნენ.

ყირიმის შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლების ქცევა სრულიად საპირისპირო იყო მიხეილ სააკაშვილის ქცევისა – დიდწილად სწორედ იმიტომ, რომ მათ დასავლეთის მიერ საქართველოს ღალატის გამოცდილება გაითვალისწინეს. როდესაც კიევი მიხვდა, რომ რუსეთი ყირიმში „თავაზიანი ადამიანების“ წარმოდგენილობას ზრდიდა, კიევმა გააკეთა ზუსტად ის, რაც თავის დროზე სააკაშვილს ბრაიზამ ურჩია  – „პროვოკაციას არ აჰყვა“.

სამწუხაროდ, ეს რეკომენდაცია არცთუ სასარგებლო აღმოჩნდა. კრემლმა არა მარტო წაიღო ყირიმი, არამედ დაუყოვნებლივ გააგრძძელა წინ წაწევა.

საქართველოში, უკრაინაში, სირიაში, აშშ–ის წინააღმდეგ „ჰიბრიდულ ომში“ კრემლი ყოველთვის ახდენდა ერთი და იგივე modus operandi-ს დემონსტრირებას. იგი ყოველთვის უარყოფდა უშუალო მონაწილეობას და თავის ქმედებებს ვიღაც გაურკვეველ მოხალისეებს მიაწერდა. ყოველთვის ახდენდა ვითარების ესკალაციას ფეიქ–“მოხალისეების” გამოყენებით.

და სამწუხაროდ, ყველა ამ ომში მოწინააღმდეგე ძალიან ბევრს კარგავდა. სააკაშვილმა , მაგალითად,  ხელისუფლება დაკარგა – ამომრჩეველმა მას ომში მარცხი ვერ აპატია და სამაგალითო ქართული სახელმწიფოს ბრწყინვალე შენობა ამომრჩევლის ნებით ჩვეულ პოსტსაბჭოთა კორუფციულ საპირფარეშოდ გადაიქცა.

მოწინააღმდეგე ყველაფერს კარგავდა. მაგრამ რუსეთი არაფერს იძენდა, პრობლემების გარდა. გამონაკლისს მხოლოდ ყირიმის ანექსია წარმოადგენს, სხვა შემთხვევებში არც ერთი ჰიბრიდული ომი, რომელიც რუსეთმა აწარმოა, არ დასრულებულა გავლენის ზრდით ან ეკონომიკის მომძლავრებით.

ეს განსაკუთრებული ნიჭია, ამდენი სისაძაგლე აკეთო და ვერაფერი იხეირო.


ავტორი: იულია ლატინინა