კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხაფანგში…

2019-02-23 10:08:26
ბლოგი

ამ დღეებში მოსკოვიდან პირველი ზარი გაისმა. ზარიც არა, უფრო ზარუკა. ისე, თითქოს სასხვათაშორისოდ, დიდი არაფერი, არავითარი ჭექა-ქუხილი და იარაღის ჟღარუნი. მშვიდად და ინტელიგენტურად. სულ ის იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მორცხვად ახსენა «შესაძლო არასასიამოვნო სიურპრიზები», თუ თბილისი კარად არ მოიქცევა… ორიოდ საათში კი მან ტონი შეარბილა, აქაოდა, «არასწორად გამიგეს, ცოტა სხვა რამეს ვგულისხმობდიო».

თუმცა ვისაც ყური აქვს, გაიგებს... ჩვენ, რომელთაც რუსი ჩინოსნების გამონათქვამებში მალული აზრის ამოცნობის მდიდარი გამოცდილება გაგვაჩნია, გავიგონეთ და გავიგეთ. კითხვა იმაში მდგომარეობს, გაიგო თუ არა თვითშეყვარებულობისა და თვითტკბობის სტადიაში მყოფმა “ქართულმა ოცნებამ».

ყველაფერი კი დაიწყო 2012 წელს, მას შემდეგ, რაც “ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა. რა თქმა უნდა, როგორც იტყვიან, სანთელი არ მჭერია და 100%-იანი სიზუსტით ვერ ვიტყვი, თუმცა სრულად ვარ დარწმუნებული, რომ დიდ გურუსა და კრემლს შორის იმ პერიოდში მოქმედებდა არაფორმალური შეთანხმება: თქვენ იქ, თქვენთან, საქართველოში სააკაშვილი ჩამოაგდეთ, ჩვენ რითიც შევძლებთ, დაგეხმარებით, სანაცვლოდ კი გაგიხსნით ბაზარსა და საავიაციო მომისვლას, რომ თქვენთან რუსმა ტურისტებმა იარონო. ამასთან, რა თქმა უნდა, არანაირ სტრატეგიულ საკითხებს ეს ჯენტლმენური შეთანხმება არ ეხებოდა – როგორი მტრულებიც იყვნენ ერთმანეთის მიმართ ჩვენი ქვეყნები, ისეთებად დარჩნენ, თუმცა სააკაშვილისადმი სიძულვილი როგორც კრემლში, ისე “შუშის სასახლეში” იმდენად ყოვლისმშთანთქმელი იყო, რომ მხარეები ამ გარიგებაზე ყოველგვარი ეჭვის გარეშე წავიდნენ.

მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა და მას განუხრელად იცავენ. პუტინი, როგორც ნამდვილი მაფიოზი, ბევრად მეტად აფასებს არაოფიციალურ შეთანხმებებს, ვიდრე ოფიციალურს. ამ უკანასკნელებს ის არღვევს, როგორც მოისურვება, აი, პირველებს კი - არა. ბიჭმა თქვა? - ბიჭმა შეასრულა. მარტივი ფსიქოლოგიაა.

თუმცა ეჭვი მაქვს, მოვა დრო და ბიჭი გადაწყვეტს, რომ კოლეგას საძულველი მიშას გაძევების სანაცვლოდ უკვე საკმარისად დაეხმარა. არავითარი ჯენტლმენური შეთანხმება არ მოქმედებს მუდამ, განსაკუთრებით იქ, სადაც ჯენტლმენებს ახლოსაც არ გაუვლიათ.

კარასინის მხრიდან სიგნალი მარტივი იყო და გასაგები – «ბიჭებო, მოწყვლადები ხართ, მარცხენა ხელის ნეკა თითის ერთი მოძრაობა – და რუსულ ბაზარს რუსი ტურისტებით ბოლო მოეღება, ასე რომ, ჭკუით იყავითო».

რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, ჭკუით ვყოფილიყავით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სიტყვები დერეფნებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მსვლელობისას ითქვა, რომელზეც მოსკოვი ფაქტობრივად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას მოითხოვს, ამოცანა “ჭკუით ვიყოთ”, «არ გავანაწყენოთ», «არ გავაბრაზოთ» არშესრულებადი ხდება.

ასეა თუ ისე, ერთი რამ უდავოა: ყველაფერი, რაც ხდება, 100%-ვე “ქართული ოცნების” ბრალია, უფრო ზუსტად, პერსონალურად ერის მამის, რომელიც არსობრივად, წარმოადგენს კიდეც “ქართულ ოცნებას” – ლაქიებსა და მზარეულებს არ ვთვლი.

2000-იან წლებში საქართველო რუსული ბაზრის გარეშე აღმოჩნდა და ქვეყანას ბევრი რამის გამოვლა მოუწია, რომ ახალ პირობებთან ადაპტირებულიყო, მათ შორის - ფსიქოლოგიურთან. ვინაიდან ქართველი ე.წ. ბიზნესმენების უმრავლესობა აზროვნების სტილით პრიმიტიული ვაჭრუკანაა, მათი ფანტაზია უმარტივეს და თვალსაჩინო გადაწყვეტილებებს ვერ სცდება. და რა შეიძლება, იყოს ჩვენს სიტუაციაში ყველაზე მარტივი და თვალსაჩინო გადაწყვეტილება, რომელიც არ ცინტელექტს, არც მენეჯმენტს, არც მასშტაბურ აზროვნებას მოითხოვს? - რა თქმა უნდა, «ყველაფერი რუსეთში გავუშვათ».

რუსულ ბაზარზე ქართული ბიზნესის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ნარკოდამოკიდებულებას წააგავს და მისგან გათავისუფლება ძალზე რთულია. მაგრამ რუსული ემბარგოს შემოღების შემდეგ გაირკვა, რომ ეს დამოკიდებულება დაძლევადია.

როგორც აღმოჩნდა, შესაძლებელია, რუსული ბაზრის გარეშეც გააგრძელო ცხოვრება და მეტიც, საგრძნობი ეკონომიკური ზრდაც კი აჩვენო; რომ რუსული ბაზარი არ არის პანაცეა, რადგან გარდა იმისა, რომ დიდია, ძალიან კარგადაა ათვისებული და იმდენის გაყიდვა, რომ ქვეყანა გამდიდრდეს, შეუძლებელია. სსრკ დაიშალა, თუ ვინმემ ვერ შეამჩნია...

2012 წელს რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება 0%-ს შეადგენდა. მაგრამ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა. ფსიქოლოგიურად, არსობრივად, ისეთივე ვაჭარი, ინტრიგების ოსტატი, ძალიან დაბალი ჭერითა და ღარიბი წარმოსახვით. დიდი წარმატება დიდი ტვინის ნიშანი ყოველთვის როდია. ყველაზე მდიდარი ადამიანიც კი შეიძლება, მენტალურად ვაჭრუკანად რჩებოდეს...

დაამატეთ ამას წმიდათა წმიდა – მიშას ჯიბრზე კეთება. და მივიღეთ შედეგი. რუსეთზე 0% დამოკიდებულება შარშანდელი თოვლივით წარსულს ჩაბარდა. დღეს რუსეთი უბადრუკი ქართული პროდუქციის მთავარი იმპორტიორი და ტურისტების ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია.

წვალების რამდენიმე წელი, რომლის განმავლობაშიც საქართველო ეგუებოდა და საბოლოოდ შეეგუა რუსეთის გარეშე ცხოვრებას, წყალში გადაიყარა. პრიმიტიულმა, უგონო სწრაფვამ სწრაფი ფულისკენ და წინ ხედვის უუნარობამ კვლავ აქცია საქართველო მოწყვლადად...

მეოცნებეების” რიტორიკით თუ ვიმსჯელებთ, მათ არ ესმით, რომ თავად, საკუთარი ნებით, ყოველგვარი იძულების გარეშე შეყვეს თავი ხაფანგში, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება, ჩაიკეტოს. ჩვენი გურუს წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე სიხარულით ყვება, რამდენად გაიზარდა ქართული ექსპორტი რუსეთში. გულახდილად ხარობს, გულწრფელად... იმის მაგივრად, რომ თავში იშენდეს ხელებს – როგორ დავაყენე ქვეყანა გილიოტინის ქვეშო...

100%-ით ვარ დარწმუნებული: ადრე თუ გვიან, ხაფანგი ჩაიკეტება. მიზეზი უამრავი შეიძლება, იყოს – რაღაც საკითხში ”ოცნება” აუცილებლად გამოიჩენს მისთვის უჩვეულო პრინციპულობას და ამით გააჩენს საბაბს სანქციების ასამოქმედებლად. ან 2020 წელს ხელისუფლებაში მოვა ვიღაც, ვისი ხილვაც კრემლს არ სურს. ან სულაც უმნიშვნელო საბაბი იქნება გამოყენებული – მაგალითად, რომელიმე ლუგარის ლაბორატორია. ან რამე სხვა. სურვილი იყოს და საბაბი მოიძებნება. უკვე იმით ხარ დამნაშავე, რომ გშია…

და მაშინ მოგვიწევს ყველაფრის ნულიდან გავლა – გასაღების ბაზრის არარსებობის, ასობით ათასი რუსი ტურისტის არყოლის. იმ პირობებში, როცა ეროვნულ ვალუტას მუდმივად არყევს, ეს არცთუ სახუმარო გამოცდა იქნება.

თავად ის ფაქტი, რომ არავინ დაფიქრდა შედეგებზე, სახელმწიფოებრივ დანაშაულად შეიძლება, ჩაითვალოს – იმდენად, რამდენადაც საერთოდ შესაძლებელია საუბარი რაიმე “სახელმწიფოებრივზე” “ქართული ოცნების” შესრულებით...

პარალელურად სრულიად გაუგებარი გზით ივანიშვილის გენიალური მენეჯმენტი საქართველოს ეკონომიკის სხვა კონკურენტუნარიან დარგებს ურტყამს, კერძოდ, ამცირებს ტრანზიტს, 2017 წელს კი ქვეყნის მთავარი აქტივი – რკინიგზა მინუსში გადავიდა. როგორც ჩანს, ამ დიდი მიღწევისთვის საქრკინიგზის ხელმძღვანელი პრემიერად დანიშნეს...

ყველაფერთან ერთად, ამ დღეებში ვხედავთ, როგორ კარგავს საქართველო პერსპექტიულ ობიექტს – ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც “თიბისი ბანკის” ირგვლივ აგორებულ სკანდალთან ერთად სამარდება, - სკანდალთან, რომელიც, როგორც ჩანს, პირადი გაბოროტების გამო ააგორა ჩვენმა გურუმ, ლაქიებმა კი “ხუთიანზე” შეუსრულეს.

აი, ვუყურებ მას და სულ ვეკითხები საკუთარ თავს: ის ან აგენტია, ან საერთოდ ვერ აზროვნებს. შემდეგ მუდამ ამ დასკვნამდე მივდივარ: დიდი ალბათობით, მეორეა… არავითარი ღრმა განზრახვა. უბრალოდ წვრილი ვაჭრის ფსიქოლოგია და არავითარი ჯაშუშობა...

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა,არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

https://www.ekhokavkaza.com/a/29802852.html

 
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხაფანგში…