რად ვაქციეთ 9 მაისი

2019-05-11 12:39:30
ბლოგი

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ჩვენთვის და, იმედი მაქვს, მომავალი თაობებისთვისაც, ყოველ შემთხვევაში, ჩემი შვილების თაობისთვის მაინც, არის და იქნება ის დღესასწაული, რომლის მნიშვნელობას რუსეთის სათავეში ვერც ერთი პოლიტიკური ძალის მოსვლა ვერ ცვლის.  ასევეა პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებშიც. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება ამ დღესასწაულის მიმართ დამოკიდებულება როგორც ჩვენთან  – რუსეთში, ისე პოსტსაბჭოთა სივრცეში. მაგალითად, ყაზახეთში 9 მაისის აღნიშნვა გააუქმეს, არადა ყაზახეთი რუსეთისთვის ერთ–ერთი ყველაზე ახლობელი რესპუბლიკაა, განსაკუთრებით - ახლა, ბელარუსთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე...

ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, იმის შედეგია,  რომ ჩვენთვის ამ წმინდა დღეს – 9 მაისს ამოფარებული ხელისუფლება პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს და სურს, ინფორმატიულად გადაფაროს ის თეთრი ლაქები და ხშირ შემთხვევაში, დანაშაულები, რომელთაც ის საკუთარი ხალხის მიმართ სჩადის. ეს ძალზედ ხელსაყრელი იდეაა, გამოიყენო „უკვდავი პოლკი“ ხალხის რეალურად არარსებული ერთობის წარმოსაჩენად: როდესაც ქვეყანაში პროტესტებზე იწყება საუბარი, გვეუბნებიან, „რა სისულელეა? რაიმეს მიმართ პროტესტის გრძნობა ქვეყანაში 0,0001%–ს თუ აქვს, შეხედეთ, რამდენი ადამიანი გადის მარშზე, ჩვენთანაც და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაშიც, მთელსმსოფლიოშიცო“... ამბობენ, „შეხედეთ, რამდენ ვეტერანს ვურიგებთ ბინებსო“.. თუმცა გულახდილად რომ ვთქვათ, ჩემში ყოველწლიურად სულ უფრო მეტ უხერხულობას იწვევს ერთი რამ: ჯერ კიდევ 80–იან წლებში, როდესაც მოსწავლე ვიყავი და აღლუმებზე გავყავდით, უკვე მაშინ ვეტერანები საკმაოდ მოხუცები იყვნენ, აქედან გამომდინარე, ახლა ისინი წესით, დაახლოებით 90 წლისანი უნდა იყვნენ და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, როგორ არის აგებული ჩვენს სახელმწიფოში სოციალური პოლიტიკა, რა დამოკიდებულებას იჩენს სახელმწიფო ზოგადად მოსახლეობის და საკუთრივ ვეტერანების მიმართ მთელი ამ წლების განმავლობაში, არ მგონია, დღევანდელ დღემდე მათგან რეალურად ამდენ ადამიანსმოეღწიოს... ხშირია შემთხვევები, როდესაც ვეტერანის სტატუსს ამა თუ იმ მიზნით აძლევენ მოქალაქეებს, რომელთაც იმ გამარჯვებასთან არანაირი შეხება არასოდეს ჰქონიათ..

და ეს იდეოლოგია, რომელსაც ახლა თავს გვახვევენ, აშკარად რაღაც მიზანს ემსახურება – ჩემი აზრით, იმას, რომ „დაასაბუთონ“ საკუთარი უსუსურობა, უუნარობა, შექმნან მეტ–ნაკლებად ნორმალური, სოციალური, სამართლებრივი, სამართლიანი სახელმწიფო, მათ შორის - ვეტერანებისთვის. მე ხშირად მიწევს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩასვლა და საკუთარი თვალით ვხედავ, რა საშინელ მდგომარეობაშია ხალხი, რაოდენ გაუსაძლისია მისი როგორც ფიზიკური, ისე ქონებრივი, სოციალური, ფსიქოლოგიური ყოფა. ვეტერანები ამ კუთხით ერთ–ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიაა და მათ წინაშე ის ვალი, რომლის მოხდაზეც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამდენს საუბრობენ ყოველ 9 მაისს, ნამდვილად არ სრულდება.

საერთოდაც, ჩემი აზრით, ეს ვალი უნდა სრულდებოდეს უხმოდ, ზედმეტი აფიშირების გარეშე და სრულდებოდეს რეალურად, თუკი ჩვენ ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის რაღაც პოზიტიური იდეის, პოზიტიური ხატის შექმნა გვსურს... მაგრამ ჩვენ კარგს ვერაფერს ვქმნით, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რაღაცის ან ვიღაცის წინააღმდეგ გაერთიანება, ახლა კი არავინ არის ისეთი, ვის წინააღმდეგაც შეგვიძლია, გავერთიანდეთ: დღეს ჩვენ იმაზე ვართ დამოკიდებულები, დაგვრთავს თუ არა რაიმეს ნებას აშშ, მოგვცემს თუ არა რაიმესთვის ფულს, მოგვცემს თუ არა შესაძლებლობას, სადმე, ევროპისკენ ჩვენი გაზი გავატაროთ; იყიდიან ჩინელები ჩვენს ტყეს, თუ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოისვრიან ჩვენივე მავნე წარმოებას; გადაგვიხდის თუ არა ერდოღანი რაღაც რაკეტებში; შევძლებთ თუ არა, ეს რაკეტები ინდოეთს მივყიდოთ; აი, ამაზე ვართ დღეს დამოკიდებულები და აი, ამ ფონზე ჩვენს ნამდვილად დიად ქვეყანას, ნამდვილად დიად ხალხს რუსეთის შიგნით მსგავს ზეიმებს, რაღაც სანახაობებს გვიწყობენ!

და ყველა მსგავსი ღონისძიება განსაკუთრებით უღმერთოდ გამოიყურება ბოლოდროინდელი გაუთავებელი ტრაგედიების ფონზე, რომელთა უმთავრესი მიზეზი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების დაუდევრობა და ზოგჯერ დანაშაულებრივი ქმედებებია, როგორც ეს სულ რამდენიმე დღის წინ შერემეტიევოში ვიხილეთ...

მინდა, მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, თითოეულ ჩვენგანს მაშინდელი გამარჯვება, მინდა, ის გამარჯვება წარმოადგენდეს ჩვენთვის რაღაც ჩუმსმოკრძალებულს, შინაგანს და ძვირფასს. მაგრამ დღეს ახალი სახელმწიფო გვაქვს ასაშენებელი, ახალი რუსეთი, რომელიც დიდი თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი გახდება და არა ის, რომელიც უკან იხედება და ცდილობს, გაანადგუროს ადამიანები, რომლებიც რაღაც საკითხებში შესაძლოა, არ ეთანხმებოდნენ ხელისუფლების მიერ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დაწერილ და თავს მოხვეულ ისტორიას. სანამ წინ არ გავიხედებით, ჩვენ არათუ ვერაფერს შევქმნით, ვშიშობ, ქვეყანა დაგვეშლება და ეს ნამდვილად არ მინდა... გილოცავთ 9 მაისს.   

რად ვაქციეთ 9 მაისი