მთაწმინდის შუალედური არჩევნების პოლიტიკური შუქჩრდილები

2019-06-19 09:41:22
ბლოგი

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები გაიმართა, სადაც I ტურში ამომრჩეველთა მხოლოდ 34,27%-მა დააფიქსირა საკუთარი აზრი. არჩევნების მეორე ტურში კი, რომელიც 9 ივნისს გაიმართა 41.23%-იანი აქტივობით საბოლოო გამარჯვება პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა - ვლადიმერ კახაძემ მოიპოვა. დაბალი აქტივობა დღევანდელი პოლიტიკური ელიტისადმი გამოცადებული უნდობლობის ერთგვარი ლოგიკური გამოხატულებაა.  ამომრჩეველს დროთა განმავლობაში ჩამოუყალიბდა ნიჰილისტური დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესისადმი. თუმცა, მთაწმინდის არჩევნების დროს ყველაზე თვალშისაცემი პროცედურული დარღვევები იყო, რაც  აკნინებს არჩევნების ღირებულებას და კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოების პოლიტიკისადმი ნდობას.

კამპანიის პერიოდში კანდიდატების ამომრჩევლებთან კომუნიკაციის გზები სხვადასხვაგვარი იყო. წინასაარჩევნო კამპანიის დროს სახელისუფლებო კანდიდატი ძველი, მრავალჯერ ნაცადი  გზით და დიდწილად კოორდინატორების მეშვეობით შეკრებილ ხალხთან მართავდა საჯარო შეხვედრებს, მაშინ როცა რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი ე.წ. კარდაკარზე დადიოდა და მიმართავდა ევროპაში ნაცად მეთოდებს, როგორიცაა  მსვლელობა, პროგრამის საჯარო პრეზენტაცია და ამომრჩევლებისთვის ყვავილების დარიგება. ასევე სახეზე იყო კანდიდატებს შორის ფინანსური რესურსის სრული უთანასწორობა. სახელისუფლებო კანდიდატი ადმინისტრაციულ რესურსს მაქსიმალურად იყენებდა, ასევე თვალშისაცემი იყო კამპანიაზე დახარჯული თანხების არაპროპორციულობა კონკურენტ კანდიდატებთან შედარებით. ამ საკითხს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც გაუსვა ხაზი ეუთომ, მისი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში. სადაც ფინანსური შემოწირულობების ნაწილში ეუთო პარტიებსა და კანდიდატებს უფრო მეტი გამჭირვალეობისკენ მოუწოდებდა. სავარაუდოდ მთაწმინდის შუალედური არჩევნების საბოლოო ანგარიშშიც დაეთმობა ამ ფაქტორს მნიშვნელოვანი ადგილი.

და მაინც რა ხდებოდა 19 მაისს მთაწმინდის საარჩევნო უბნებზე?

მთაწმინდის 31-ვე უბანზე შეიმჩნეოდა რამოდენიმე ნიშანდობლივი და მანკიერი პრაქტიკა. როგორიცაა უბნებზე კოორდინატორების მობილიზება, უბნის გარეთ საეჭვო (ქურდული მენტალიტეტის მქონე) ადამიანების მუდმივი მიმოსვლა, ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაციის გადამოწმება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან; გარდა ამისა, საეჭვო სურათს ქმნიდა ფაქტი, რომ ე.წ. კოორდინატორები ახლო ურთიერთობას ამჟღავნებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრთან, რაც ჩურჩულში, გადალაპარაკებაში და  მსგავსი პოზიციების დაფიქსირებაში გამოიხატებოდა. გარდა ამისა, პარტიული მუშაკები სამაგიდო სიებთან ახლოს დგომას ცდილობდნენ, მაშინ როცა ეს კანონითაა შეზღუდული, რადგან ეს პირად მონაცემებთან ერთად მაიდენტიფიცირებელ ფოტოსურათსაც შეიცავს. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების დღეს ვლინდება პერსონალური მონაცემების დაცვის, სრული უგულებელყოფა. მაშინ როცა ‘საქართველოს კანონში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’ 10-ე მუხლში გარკვევით ვკითხულობთ პირადი მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ  გარემოებას-ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ფიზიკური პირის მიერ. გარდა ამისა, თითოეული დარღვევა შინაარსობრივად განვიხილოთ მთაწმინდის ოლქის ერთ-ერთ უბანზე დაკვირვების საფუძველზე:

·         უბანზე სადამკვირვებლო სტატუსი ჰქონდათ საზოგადოებისთვის უცნობ  არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც საეჭვოდ ჰარმონიულად კონტაქტობდნენ ხოლმე კომისიის  რამდენიმე წევრთან. ასევე ხშირი იყო მათი უბნიდან გაწვევის შემთხვევებიც. ამის საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ ფსევდო ორგანიზაციების გასაღება ნამდვილ კეთილსინდისიერ სადამკვირვებლო ჯგუფებად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს ვნებს როგორც დამოუკიდებელ ორგანიზაციათა რეპუტაციას, ისე საარჩევნო პროცესის ობიექტურ გაშუქებას.

·         უბანზე წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდნენ ერთ-ერთი პარტიის წევრები, რომლებიც ამავდროულად დეპუტატებიც არიან პარლამენტში. როგორც გაირკვა, მათ კანონიერად ამის უფლება აქვთ, თუმცა კვლავაც -საკამათოა მათი ჩართულობის ფორმის საკითხი. პარლამენტარის უბანზე ყოფნას შეიძლება ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი ახლდეს თან, ესენია: კონკრეტული, საჯაროდ ცნობილი წარმომადგენლის ადგილზე ყოფნა ამომრჩეველში პირდაპირ, თუ ირიბ ასოციაციას იწვევს და საუბნო კომისიის წევრებისთვის უბანზე პოლიტიკური „ავტორიტეტის“ ჩვენება, რომლის ყოველ რეპლიკა-შენიშვნას კომისია „ორმაგი პასუხისმგებლობით“ ეკიდება. ამ უკანასკნელის  მაგალითი გამოვლინდა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დასრულების შემდგომ მთვლელთა გადანაწილების პროცესში, როდესაც კომისიის მდივანმა გარკვევით მიუთითა იმ პიროვნებაზე, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო მთვლელის მეთვალყურე. ამით გარკვეული სუბორდინაცია იკვეთება რაც პოლიტიკური ფიგურების უბანზე პოზიციონირების პირობებში არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს. აგრეთვე, ჩანს  ინტერესთა კონფლიქტი, რამეთუ როდესაც უნდა აირჩეს საკანონმდებლო ორგანოს მომავალი წევრი, იმავე მოწვევის პარლამენტში, სადაც თავად ეს წარმომადგენელი საქმიანობს, აჩენს კითხვის ნიშნებს. სწორედ ამიტომ, პარტიებმა თუ კანდიდატებმა მხოლოდდამხოლოდ მათი ინტერესების დამცველი წარმომადგენლები უნდა გაგზავნონ საარჩევნო უბნებზე.

·         უბანზე აგიტაციის წერტილოვანი გამოვლინებებიც იკვეთებოდა. როგორიცაა დამკვირვებელთა მიერ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლოგოს სხვადასხვა გზით აფიშირება როგორც უბანზე, ისე საარჩევნო უბნის შესასვლელთან.  საქართველოს საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის მეორე თავის დ) ნაწილი კი ამას კრძალავს. ხსენებული ფაქტები არათანაბარ მდგომარეობაში ამყოფებს პოლიტიკურ სუბიექტებს და საჭიროა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ამგვარ საჩივრებზე განხორციელდეს ადეკვატური რეაგირება.

ავტორიტეტულმა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ანგარიშში ხაზი გაუსვეს, რომ კენჭისყრა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა. მთაწმინდაზე არ გამოვლენილა ფიზიკური დაპირისპირებისა თუ ხელჩართული კონფლიქტის ნიშნები, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი პუნქტი ნიშანდობლივია და საჭიროებს ეტაპობრივ გამართვას, რათა აღმოიფხვრას როგორ შიდა საარჩევნო კოდექსის ხარვეზები, ისე პროცედურულად საარჩევნო კომისიების მუშაობის სპეციფიკა. კომისიის წევრები მხოლოდ ნორმატიულად, ვიწროდ ხედავენ საარჩევნო კანონმდებლობას და მაშასადამე დარღვევად არ მიაჩნიათ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლის აქტიურობამ იმატა მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნის გარეთ სატელეფონო ზარები არ წყდებოდა. ეს დაახლოებით 17:00 საათის შემდეგ ხდებოდა. ამ გზით სახელისუფლებო და მთავარი ოპოზიციური ძალის ე.წ. კოორდინატორები ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი მომხრე მიეყვნათ საარჩევნო ყუთთან. პოლიტიკურად ჯანსაღი გარემოს  შექმნისთვის და გააზრებული არჩევანის გაკეთების კუთხით კოორდინატორების ინსტიტუტის სრული გადააზრებაა აუცილებელი. ეს დემოკრატიული პროცესის ამოსავალ პრინციპს არჩევნების გამჭირვალეობას აყენებს ჩრდილქვეშ.

მთაწმინდის წინასაარჩევნო პროცესმა და საკუთრივ არჩევნებმა გამოაჩინა, რომ პარტიული აქტივის ამგვარ გამოყენებას არ გააჩნია არანაირი ღირებულებითი მხარე. ის უბრალოდ კაპიტალის შეჯიბრებითობას წააგავს. ამ მოცემულობაში კი ცხადია იჩაგრებიან კანდიდატები, რომლებიც არ ფლობენ და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, არც სურთ ფლობდნენ ამგვარ ბერკეტს. სრული, სისტემური განახლება -ეს იყო ამოსავალი მესიჯი მაგალითად ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის, რომელიც ხაზს უსვამდა ე.წ. ‘კოორდინატორთა’ მანკიერ პრაქტიკას. ასევე მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ მაშინ როცა მმართველ პარტიას ჰყავდა პარტიული მობილიზებული აქტივი, ერთ-ერთი კანდიდატის კამპანია მთლიანად მოხალისეობრივ პრინციპზე იყო დაფუძნებული. არჩევნების შედეგზე გავლენა დიდწილად მოახდინა რესურსების თავმოყრამ ერთი პოლიტიკური ძალის ხელში, შესაბამისად არ უნდა გვიკვირდეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული მთაწმინდაზე შესამჩნევად დიდია უნდობლობისა და სრული ნიჰილიზმის ნიშნები, რაც თავის მხრივ ადვილად ექვემდებარება განზოგადებასაც. მაშასადამე, ამგვარი მზარდი რესურსების მობილიზების დროსაც კი ვერ აღწევს ხელისუფლების კანდიდატი წარმატებას. როცა მთაწმინდელ ამომრჩეველს ხელი აქვს ჩაქნეული გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე, რადგან არჩევანი რომელსაც მთავარი პარტიები სთავაზობენ მათთვის არ არის საინტერესო. ორპოლუსიანი პარტიული დიქოტომიის დარღვევისკენ მიმართული ნაბიჯები გადადგეს სწორედ დამოუკიდებელმა კანდიდატებმა, ოღონდ სამწუხაროდ იმ თვისობრივი განსხვავებითაც, რომ პოლიტიკის განახლების მესჯის მქონე კანდიდატებიც რამდენჯერმე იყვნენ ძველ პარტიულ საქმიანობაში ჩაბმულნი. ეს კი ხელს უშლის პლურალური პარტიული სისტემის შექმნას და იზრდება საფრთხე ერთპარტიული კარტელური სისტემის ჩამოყალიბების კუთხით. (Katz,Mair 1992)

საბოლოოდ, ხსენებული აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი ზუსტი დიაგნოზია იმისა, თუ რა მდგომარეობაშია ერთის მხრივ დღევანდელი პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ელიტა და მეორე მხრივ გაერთიანებული ოპოზიცია. ხალხი ეჭვის თვალით უყურებს პოლიტიკურ პროცესს და არც კი იცნობს წინა, ახლანდელ თუ მომავალში ასარჩევ კანდიდატს, რადგან მაჟორიტარული სისტემის მანკიერი პრაქტიკა ქვეყანაში უკვე სამი ათწლეულია მყარადაა დამკვიდრებული. მთაწმინდის არჩევნებში გამოვლენილი დარღვევები და 31-ვე უბანზე არსებული სიტუაცია პოლიტიკური სიჯანსაღის მკაფიო ელემენტების დეფიციტს განიცდიდა. დასამახსოვრებელი 2019 წლის შუალედური არჩევნებიდან  იქნება რესურსების არაპროპორციულობა, უთანასწორო კანდიდატთა პაექრობა და უპრეცედენტოდ დაბალი ინტერესი ელექტორატში. სწორედ ამგვარი გზით ლეგიტიმაცია მინიჭებულ კანდიდატს ვიხილავთ პარლამენტში მეორე ტურის შემდგომ. აქ საფრთხეს წარმოადგენს კანდიდატის თვითდაჯერებულობა, რომ თითქოს საყოველთაო ნდობით სარგებლობს იგი,მაგრამ რეალური ალტერნატივების არარსებობის შემთხვევაში ამ დასკვის გამოტანა არამართლზომიერია. არსებობს არჩეული დეპუტატის რეალობიდან მოწყვეტის საშიშროებაც, იმდენად რამდენადაც წინასაარჩევნო პროგრამაშიც კი არ ვლინდებოდა მკაფიო ინტერესების თანხვედრა მთაწმინდელ ამომრჩევლებთან.

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების ჩატარებამდე საზოგადოებაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი 41%-ს სცდებოდა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა მოლოდინსა და ინტერესს პოლიტიკური აქტორებისთვის.[NDI-ს კვლევის ანგარიში 2019, გვ 71] საზოგადოების ამ ნაწილისათვის არცერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ახლოს. ისევ სახალხო განწყობებს თუ დავუბრუნდებით, 58%-ზე მეტი ამომრჩევლის პასიურობა მიანიშნებს მის სრულ დეპოლიტიზაციაზე და უნდობლობაზე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის იგივე სტატუს-ქუოს შენარჩუნებამ შეიძლება პოლიტიკურ კრიზისამდეც მიგვიყვანოს. უკვე საკმარისზე მეტი დრო გავიდა, იმისთვის რომ  ამომრჩეველმა თავადვე ეძებოს ორ პოლარიზებულ ბანაკს შორის მისი პოლიტიკური პოზიცია. აქ საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ პოლიტიკურ ველზე პლურალისტული ნიშნები არ ჩანს. თუ დამოუკიდებელი კანდიდატები და სოციალური მოძრაობის წევრები პარტიულ ინსტიტუციას შექმნიან, ეს იმთავითვე პოზიტიურად იმოქმედებს ქართულ პარტიულ პოლიტიკაზე. საზოგადოებრივი განწყობების კვლევებში (NDI-ს 2018 წლის კვლევა)  ნათლად იკვეთება, რომ მათი ინტერესების გამომხატველი პარტიის არსებობის შემთხვევაში მათ გაუჩნდებათ მონაწილეობრივი მოტივაცია და პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმის სურვილი.