შაქრო კალაშოვმა კოლონია დატოვა

29-03-2024 14:59:35 მსოფლიო

"კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი კრასნოდარის მხარეში მდებარე კოლონიიდან გაათავისუფლეს, იუწყება Mash. მან 2018 წელს მისჯილი 9 წლიდან და 10 თვედან დაახლოებით ექვსი წელი მოიხადა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ მიიღო 71 წლის კალაშოვის ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

კალაშოვს, რომელიც ცნობილია მეტსახელით "შაქრო მოლოდოი", ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან "კანონიერ ქურდს" უწოდებენ. ამბობენ, რომ მან ამ როლში შეცვალა ასლან უსოიანი (დედ ჰასანი), რომელიც 2013 წელს მოკლეს.

არსებული ცნობებით, 2022 წელს კალაშოვმა "კანონიერ ქურდებს" მიმართა წინადადებით, დაესრულებინათ ომი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ორ დიდ კლანს შორის და ვარაუდობენ, რომ მისი წინადადება პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ შესაძლოა, რეალიზდეს.

კალაშოვი 2006 წელს დუბაიში დააკავეს და ესპანეთს გადასცეს, სადაც მას ფულის გათეთრებისთვის 7,5 წელი მიუსაჯეს და 20 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა, ხოლო მოგვიანებით – ცხრა წელი. მაშინ ესპანეთის ხელისუფლებამ კალაშოვის ექსტრადიციის თაობაზე მოთხოვნები მიიღო რუსეთიდან და საქართველოდან. მოსკოვი აცხადებდა, რომ კალაშოვი რუსეთის მოქალაქე იყო და სასჯელი რუსეთში უნდა მოეხდინა. საქართველოში მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი 18 წელი გამოძალვისა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზებისთვის.

2011 წელს ესპანეთის ხელისუფლებამ ქართული მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ კალაშოვმა გადაწყვეტილება ესპანეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც მისი რუსეთში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. კალაშოვი 2014 წლის 29 ოქტომბერს რუსეთში დაბრუნდა. ის შსს-ში გამოკითხეს და გაათავისუფლეს.

ის ბოლოს 2016 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა მოსკოვის რესტორან Elements-ის მფლობელისთვის 8 მილიონი რუბლის გამოძალვა. კრიმინალურ გარჩევას სროლაც მოჰყვა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა.

კალაშოვს 2018 წელს გამოძალვისთვის 9,10 წელი წელი მიუსაჯეს. ვადა 2026 წელს იწურებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები