18-04-2024 15:29:19 პოლიტიკა ,ეკონომიკა ,ანალიზი
„აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღების შემდეს, რომელსაც საზოგადოებაში „რუსულ კანონს“ უწოდებენ, მმართველმა გუნდმა დაჩქარებულად მორიგი ცვლილებების მიღება გადაწყვიტა: „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ოფშორებიდან ქართულ კომპანიებზე წილების გადაფორმება და აქტივების გადმოტანა ყველა სახის გადასახადისგან გათავისუფლდება. კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, ცვლილების მიზანია საქართველოში მოქმედმა ბიზნესმენებმა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიები სრულად საქართველოში გადმოიტანონ. ოპოზიცია კი ეჭვობს, რომ შეღავათი ერთი ადამიანისთვის – „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის წესდება, რომელსაც ძირითადი კომპანიები სწორედ რომ ოფშორულ ზონებში აქვს დარეგისტრირებული. მათი ხედვით, ივანიშვილი დასავლეთის მხრიდან სანქციებს ელის და სწორედ ამიტომ სურს აქტივების საქართველოში გადმოტანა. ამასთან, ოპოზიციაში შიშობენ, რომ ამ ცვლილებების შედეგად საქართველოში რუსული ფული შემოვა, შედეგად საქართველოს საერთაშორისო იმიჯი შეილახება.
ინფორმაციისთვის: პროექტი 17 აპრილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ და მისი პირველი მოსმენით მიღება 17 აპრილსვე მოხდა. დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
„უცებ აღმოჩნდა, რომ ორ დღეში უნდა მივიღოთ კანონი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილის ოფშორში განთავსებული აქტივების, აქციების, წილების, ქონების, თვითმფრინავების...საქართველოში დაუბეგრავად გადმოტანის შესახებ. [...] ხომ არ მოჰყვება ამას უკიდურესად გაუარესება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის, საინვესტიციო კლიმატის? რა თქმა უნდა, ამით ისარგებლებს უამრავი ის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე (აქ მოქალაქეობაზე არც არის საუბარი, რეზიდენტი არც არის გამოკვეთილი), რომელსაც საქართველოში ფულის გათეთრების შანსები გაუჩნდება?“,– იკითხა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.
დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი დაინტერესდა, მაინც რატომ დადგა დღის წესრიგში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობა:
„300 ლარს თუ აცდები, ამგვარ ამანათს ვბეგრავთ და პირობითად, თვითმფრინავს არ ვბეგრავთ. ხალხი რიგში დგას, „ფული გვინდა სასწრაფოდ შემოვიტანოთ და აბა დაგვეხმართო“? კონკრეტულად მართლა ბიძინა ივანიშვილს ეხება და რაღაც რისკებს ვაზღვევთ? თუ რა პრობლემაა ისეთი, რომელმაც გამოიწვია ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღება?“.
იგივე კითხვა აქვს დეპუტატ იაგო ხვიჩიასაც:
„მინდა, ლოგიკა წარმომადგენინოთ: ადამიანებს, რომლებსაც ოფშორებში აქვთ ფული, შეუძლიათ მილიონობით, შესაძლოა, მილიარდობითაც აქტივი შემოიტანონ საქართველოში, გვერდი აუარონ საგადასახადო სისტემას, ფულის გათეთრების სისტემას; პარალელურად მოწყობილი გვაქვს რეჟიმი (ცვლილება პაკეტში შემოტანილი არაა), საქართველოს მოქალაქემ 300 ლარიანი ნივთი რომ გამოიწეროს, 18% ბიუჯეტს უნდა გადაუხადოს“.
დეპუტატები ოფშორებიდან ინვესტიციების მოზიდვას გაუმჭვირვალეობიდან გამომდინარე სახიფათოდ მიიჩნევენ.
„ასე მარტივად არ არის საქმე, რომ მხოლოდ ინვესტიციები შემოვა... ზოგადად, ინვესტიციებთან დაკავშირებით კითხვა ყოვეთვის უნდა დასვა, ეს რა ტიპის ფულია და ზოგადად ამ აქტივს რა რისკები შეიძლება, მოჰყვებოდეს. ჩვენ წინასწარ ხომ ვერ ვხედავთ, რა აქტივებზეა საუბარი?!“,– ხაზი გაუსვა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.
რისკებზე გაამახვილა ყურადღება დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმაც:
„ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესი, თქვენი აზრით, რა არის – ამან გადასახადი გადაიხადოს თუ არ გადაიხადოს? მეორე – ეს ხომ არ იქნება ფულის გათეთრება? და ეს შეთანხმებული გაქვთ მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან? ან მათი აზრი ამ საკითხზე თუ არის ცნობილი? ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებთანაც თქვენ იდეაში, ამ ნაწილში თანამშრომლობთ?“.
ფრაქცია "ევროოპტიმისტები" ამ კანონპროექტზე პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ, რადგანაც ფრაქციის შეფასებით, კანონი რიგ სამართლებრივ და რეპუტაციულ პრობლემებს აჩენს საქართველოს სახელმწიფოსთვის. ფრაქციის არგუმენტები ამგვარია:
მმართველი გუნდის წევრები კი ტრადიციული რიტორიკით პასუხობდნენ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მათ პროექტი წაკითხული არ აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გააპროტესტებდნენ.
მათი თქმით, ოფშორებში კომპანიების საქმიანობა გართულებულია –მოეთხოვებათ მეტი გადასახადები და ქართველი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ოფშორებში ფლობენ აქტივებს, შეღავათებია საჭირო, რათა ეს კაპიტალი მოიზიდონ საქართველოში.
რაც შეეხება სიჩქარეს, კვიჟინაძემ თქვა, რომ ეს უკავშირდება ამნისტიის კანონს, რომლის ფარგლებშიც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 8 აპრილს დააანონსა, რომ ფიზიკურ პირებს საგასასახადო ვალი ჩამოაეწერებოდათ. თუმცა მაშინ კობახიძემ არაფერი უთქვამს კანონპროექტზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 17 აპრილს წარადგინა.
„ამის განხილვა იმიტომ მოხდა დაჩქარებული წესით, რომ კანონპროექტის პირველ ნაწილში ფიზიკურ პირებს ეხებოდა ამნისტია. ანუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ გადაიხადეს გადასახადები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს... ვიღაც, ვინც გადაიხადა დაჩაგრულად გამოდისო ამბობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ არის, ეს ხალხი, ვინც ვერ გადაიხადა, თავისი ქონებით აგებს პასუხს. იმას, რომ დავალიანება გაუჩნდა, მაგალითად 500 ლარი ან ანგარიშიდან მოუხსნიან, ან ქონებას დაუყადაღებენ და ა.შ. ამ გაგებით ეს ყველაზე გაჭირვებული ხალხია და ფულსაც ვერ ამოიღებ ამ გაგებით.
ამ ხალხზე ჩატარებულია ყველა ღონისძიება, ანგარიშებზე ინკასო ადევთ, ქონება დაყადაღებული აქვთ და ეს ხალხი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია და რაიმე პრივილეგიას მაგით ვერ მიიღებს. ამაზე იყო საუბარი და პრემიერმა განაცხადა, რომ ამ ხალხს ჩამოვაწეროთ გადასახადები. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, რატომ ვაწვალებთ ამ ხალხს? - დავუბრუნოთ ისინი ეკონომიკურ საქმიანობას, ამიტომ გავაკეთეთ დაჩქარებული და იმ მეორე ნაწილზე, რომელიც ახლა თქვენ [დეპუტატებს] გინდათ გამჭვირვალობას მიაბათ, საერთოდ არ მეგონა, რომ ვინმე ხმას გაიღებდა. ხან იძახით, რატომ არ შემოგაქვთ ინვესტიციები ოფშორებიდან და ა.შ. და ახლა ამოატრიალეთ და სხვანაირად იძახიან. ვინ გააკეთა ეს და ყველამ - შუა აზიით დაწყებული, კავკასიით, და ევროპით დასრულებული, ახლა ამერიკაც აკეთებს, მთელი მსოფლიო ამას აკეთებს და რა ვერ გაიგეთ - ინვესტიცია რომელიც ოფშორშია და იურიდიული თემით დასავლეთის ქვეყნებს ეხება ნელ-ნელა გამოვიდეს სიბნელიდან და მეტი გამჭვირვალობა იყოს. ვინც გინდა ის იყოს, რა არის იმაში ცუდი, რომ ოფშორიდან გადმოვიდეს და შეხვალ რეესტრში და ნახავ, რომ აქ არის დარეგისტრირებული. ეს ერთჯერადი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა კვიჟინაძემ.