ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა – ტოპ–10 ქვეყანა და პროდუქტი

19-04-2024 11:53:07 ეკონომიკა

იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 მილიარდ 326 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.3%-ით ნაკლებია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მთლიან ექსპორტში ადგილობრივ ექსპორტს, 45.7%-იანი წილი უკავია. ქვეყანამ მხოლოდ ადგილობრივი წარმოების საქონლის ექსპორტით ამ პერიოდში 605 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 21%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში თითქმის ყველა მიმართულებით ადგილობრივი საქონლის რეალიზების მაჩვენებელი შემცირებულია. ექსპორტის ზრდა მხოლოდ აშშ-ში, უკრაინასა და შვეიცარიაში ფიქსირდება. ამასთან, 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.8% შეადგინა. ადგილობრივი საქონლის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - $132 მილიონი, კლება -6.6%;
  • თურქეთი - $82.3 მლნ, კლება - 11.9%;
  • ჩინეთი - $56.4 მლნ, კლება - 54.2%;
  • სომხეთი - $32 მლნ, კლება - 21.7%;
  • აშშ - $27.8 მლნ, ზრდა - 104.7%;
  • აზერბაიჯანი - $24 მლნ, კლება - 10.8%;
  • უკრაინა - $23.4 მლნ, ზრდა - 42.1%;
  • შვეიცარია - $21.5 მლნ, ზრდა - 10.9%;
  • პერუ - $20.9 მლნ, კლება - 47.2%;
  • ბულგარეთი - $14.1 მლნ, 83.5%;

რაც შეეხება ადგილობრივი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალს, ამ შემთხვევაში კლება ფეროშენადნობების, აზოტოვანი სასუქების, დაუმუშავებელი ოქროს და თხილის ჯგუფში ფიქსირდება.

წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები იყო, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7%-ს შეადგენს. ადგილობრივად წარმოებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეული კი ასეთია:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $83.2 მლნ, ზრდა - 47.7%;
  • ფეროშენადნობები - კლება - 11.4%;
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $39.5 მლნ, ზრდა - 140.7%;
  • მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $36.6 მლნ, ზრდა - 40.7%;
  • აზოტოვანი სასუქები - $33.3 მლნ, კლება - 39.7%;
  • შაქრის დანამატებიანი წყლები, მინერალური და დაგაზიანებულის ჩათვლით - $23.5 მლნ, ზრდა - 24.1%;
  • ტრიკოტაჟის მაისურები - $22.9 მლნ, ზრდა - 10.6%;
  • სპირტიანი სასმელები - $22.4 მლნ, ზრდა - 3.9%;
  • დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო - $21.5 მლნ, კლება - 10.8%;
  • თხილი და სხვა კაკალი - $20.2 მლნ, კლება - 21%.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები