წიგნის გამავრცელებელთა ასოციაცია: "დაუშვებლად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება"

20-04-2024 14:27:35 საზოგადოება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ სამოქალაქო პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ დაუშვებლად მიაჩნია იმ კანონის მიღება, „რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები და დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაციები“. საუბარია "აგენტების კანონზე", რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო 17 აპრილს.

ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისას დაეყრდნონ ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს და საერთაშორისო ვალდებულებებს.

„შექმნილ დაძაბულ ვითარებაში, როცა დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყოველდღიურად იკრიბება ათიათასობით ადამიანი, არ უნდა დავუშვათ სიტუაციის ესკალაცია. წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა გვახსოვდეს, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ეფექტიანი ბრძოლის აუცილებელი პირობაა“.

ასოციაცია მიუთითებს, რომ მიზანი საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს განუყოფელ ნაწილად გახდომაა და ნებისმიერი ხელისუფლება მხოლოდ ამ მიზნის შესაბამისად უნდა მოქმედებდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები