"ოცნება" 29 აპრილს პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" აანონსებს: "ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა"

22-04-2024 11:14:16 პოლიტიკა

"ქართული ოცნება" 29 აპრილს პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" აანონსებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო. პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას შეცდომაში ვერ შეიყვან. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60 პროცენტს აჭარბებს, ხოლო ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12-პრეოცენტიანი რეიტინგი აქვს. ამ ფონზე, პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.

ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას. მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას. პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ პოლიტიკურ უმცირესობას ვერ მივცემთ სპეკულირებისა და ხალხის სახელით საუბრის უფლებას.

ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება. ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!", – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები