მოსკოვსა და თბილისს შორის კატა-თაგვობანა დამატებით დროში გადავიდა

22-04-2024 12:13:01 კონფლიქტები

2020 წლის 12 ნოემბერს მოსკოვმა და სოხუმმა „კანონმდებლობების ჰარმონიზების საფუძველზე ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამას“ მოაწერეს ხელი. როგორც მაშინ კრემლში აცხადებდნენ, დოკუმენტი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ 2014 წლის 24 ნოემბრის „სახელმწიფოთაშორისი“ შეთანხმების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა. ფორმალური თვალსაზრისით, ამ მაგისტრალური საგზაო რუქის ყველა დებულების რეალიზებას რუსული სახელმწიფოერიობის წიაღში აფხაზეთის სწრაფი და უპრობლემო ინტეგრცია უნდა უზრუნველეყო, ხოლო ფაქტობრივად - რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხავერდოვანი შესვლა.

45-პუნქტიანი დოკუმენტი სოხუმს 2-3 წლის განმავლობაში რუსეთის რეალობასთან მკაცრ შესაბამისობაში მოსაყვანად პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში რადიკალური საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებების განხორციელებას ავალდებულებდა. თუმცა დავალება განსაზღვრულ ვადებში ვერ შესრულდა. და არა იმიტომ, რომ აფხაზებმა საქმეს თავი ვერ მოაბეს, არამედ იმიტომ, რომ რეალურად, სოხუმს მთელი ეს პერიოდი რუსეთის მიერ სრული შთანთქმის საფრთხის ასარიდებლად აშკარად თავდაცვითი პოზიცია ეკავათ.

როცა ყველა გონივრული ვადაც ამოიწურა, მარტის ბოლოს სოხუმში აფხაზეთის მოსკოველი კურატორი, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრ ვოლვაჩი ჩავიდა. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გამოცხადდა, რომ მხარეებმა დაამტკიცეს კანონმდებლობების ჰარმონიზების პროგრამის ახალი - 2024-2025 წლების ეტაპი, რომლის რეალიზება აფხაზეთის მხრიდან «ორ ქვეყანას შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის განმტკიცებაზე მიმართული ნორმატიული აქტების საბოლოო მიღებას უზრუნველყოფს“.

რაკი მოსისხლე მოკავშირეები და პარტნიორები მეორე ეტაპის დაწყებაზე ალაპარაკდნენ, ყველაფერი, რაც მანამდე იყო, პირველად უნდა ჩავთვალოთ. გადავხედოთ, რა გვაქვს ამ დროისთვის სახეზე იმ საკითხთა ჩამონათვალიდან, რომელთა გადაჭრაც ხსენებული პროგრამით მოსკოვს სურდა და რას მიღწევა მოახერხა ამ დრომდე რუსეთმა?

დავიწყოთ იმით, რომ 2021 წელს მოსკოვმა თავისი გაიტანა და მიისაკუთრა საზღვრისპირა სოფელი აიბღა, რომელიც სსრკ-ის ტერიტორიული დაყოფის თანახმად, საქართველოს სსრ-ის აფხაზეთის ავტონომიას ეკუთვნოდა. ახლა ეს სოფელი რუსეთის კრასნოდარის მხარის ნაწილია. არადა, სულ რაღაც ერთი წლით ადრე, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია ირწმუნებოდა, რომ რუსეთი აიბღას ანექსიას არ გეგმავდა და სოხუმი მოსკოვთან ამ საკითხს „უახლოესი მოკავშირეებისთვის შესაფერისად“ გადაჭრიდა.

მეორე მიღწევა, რომელიც რუსეთის ყულაბაში შეგვიძლია, შევიტანოთ, რუსი ინვესტორისთვის სოხუმის აეროპორტის ტერიტორიის გადაცემაა, თანაც არა უბრალოდ შეღავათიანი, არამედ აფხაზეთისთვის ძალზე არახელსაყრელი პირობებით.

მესამე რუსეთის საკუთრებაში ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის - 186 ჰექტარი უნიკალური ნაკრძალის გადასვლაა ვრცელი საზღვაო აკვატორიითურთ: ეს ყველაფერი ექსტერიტორიული პრინციპით ოფიციალურად გავიდა ადგილობრივი იურისდიქციიდან და შევიდა რუსეთისაში. უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზები ამას ბოლომდე ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ მოსკოვმა მაინც აიძულათ, მისი „დაჟინებული თხოვნა“ შეესრულებინათ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აფხაზებმა უფროს ძმას არასასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეს: შეთანხმებას ცალმხრივად დაამატეს დათქმა ობიექტის მესამე პირთათვის გადაცემის აკრძალვისა და საჭიროების შემთხვევაში შეთანხმების დენონსაციის შესაძლებლობის თაობაზე. ამან მოსკოვი გააცოფა - და სოხუმს გაეგზავნა ნოტა მსგავსი ქცევის დაუშვებლობის შესახებ. რას მოიმოქმედებენ ამჯერად აფხაზები - ჯერ გაურკვეველია. თუმცა ამ ეტაპზე შეგვიძლია, ეს საკითხიც რუსეთის მიღწევებს მივათვალოთ.

მეოთხე: 2023 წლის სექტემბერში, მოსკოვში „პრეზიდენტ“ ბჟანიას მორიგი ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა რუსეთის განზრახვა, ოჩამჩირეს რაიონში სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზა განათავსოს. სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მიმდინარეობს მათი პროექტირება. აფხაზურ საექსპერტო წრეებში ამ საკითხისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ზოგიერთები ბაზის მშენებლობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას უკავშირებენ, სხვანი რისკებს აცნობიერებენ და თვლიან, რომ ოჩამჩირე შესაძლოა, კანონზომიერ სამიზნედ იქცეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, მით უფრო, რომ უკრაინელ ჩინოსნებს ამის შესახებ უკვე მთელი რიგი განცხადებები აქვთ გაკეთებული.

რომ შევაჯამოთ, მოსკოვმა ეფექტურობის სხვადასხვა ხარისხით შედეგს 4 საკითხში მიაღწია.

ახლა დავითვალოთ, ჰარმონიზაციის რამდენ ფრონტზე შეძლო კრემლის მგუდავი მკლავებისთვის თავის დაღწევა სოხუმმა.

აფხაზების ცალსახა გამარჯვებად შეიძლება, ჩაითვალოს „ორმაგი მოქალაქეობის საკითხთა მარეგულირებელი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების რატიფიცირების შესახებ“ კანონის სოხუმის პირობებით მიღება. კერძოდ, აფხაზებმა არ დაუთმეს მოსკოვს იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზური „მოქალაქეობის“ გამარტივებული წესით მინიჭებას ეხებოდა: გამარტივება მხოლოდ აფხაზეთის „მოქალაქეების“ მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას შეეხო. რუსეთს რომ თავისი გაეტანა, მის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების დაუბრკოლებლად შეძენის შესაძლებლობა მიეცემოდათ, დროთა განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე დემოგრაფიული სურათი მოსკოვის სასარგებლოდ შეიცვლებოდა და საბოლოო ჯამში, სოხუმს ხელიდან გამოეცლებოდა უკანასკნელი ბერკეტი სრული შთანთქმისათვის წინააღმდეგობის გასაწევად.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელთა გადაჭრაც მოსკოვს სურდა, სოხუმი ჯერჯერობით დროის წელვას ახერხებს. ეს ეხება, უპირველესად, აფხაზეთში უძრავი ქონების უცხოელების მიერ შეძენის აკრძალვას, რომელიც კვლავაც ძალაშია. ვინაიდან რუსეთმა საწადელს პირდაპირი გზით ვერ მიაღწია და სოხუმს აკრძალვა ვერ მოახსნევინა, ახლა იგი აქტიურად ლობირებს „აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის“ თემას: ეს რუსეთის მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემდათ, ოფიციალურად შეიძინონ საკუთრებაში აფხაზეთში აშენებული აპარტამენტები - იგივე ბინები, რომლებიც მუდმივ ცხოვრებაზეა გათვლილი. უნდა ღინიშნოს, რომ რუსებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენაზე მოქმედი აკრძალვის გაუქმებას ყოველი ახალი დე-ფაქტო მმართველი ჰპირდებოდა, თუმცა აფხაზური საზოგადოება ყოველ ჯერზე კატეგორიულ წინააღმდეგობას სწევდა. ასე მოხდა ამჯერადაც: აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი სადღაც „პარლამენტის“ დერეფნებში ჩაიკარგა და რუსების ზეწოლის მიუხედავად, ამ დრომდე არაა მიღებული..

ხსენებულ კანონპროექტთან ერთ პაკეტში სოხუმს უნდა დაემტკიცებინა კიდევ ორი „სახელმწიფოთაშორისი“ შეთანხმება - "ეკონომიკურ საკითხებში მხარეთა სასამართლო და საარბიტრაჟო ორგანოების გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებისა“ და „აფხაზეთის ტერიტორიაზე ფიზიკურ პირთა მიერ საინვესტიციო პროექტების რეალიზების“ თაობაზე. ჯამში ეს სამი დოკუმენტი მოწოდებულია, ფართოდ გაუხსნას კარი როგორც რუსულ დემოგრაფიულ ექსპანსიას, ისე აფხაზურ ეკონომიკაში რუსული ბიზნესის სრულ დომინაციას.

„ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის“ კიდევ ერთი პუნქტი არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოეთის აგენტების საქმიანობის რეგულირებას ეხებოდა. დე-ფაქტო ხელისუფლების აქტიური მცდელობების მიუხედავად, „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონი მიეღო, ჯერჯერობით ეს უკანასკნელი „აპარტამენტების“ შესახებ კანონის ბედს იზიარებს. პარალელურად კი რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზურ მონაკვეთზე დაწყებულია იმ აფხაზი აქტივისტების დაკავებები, რომლებიც რუსეთზე აფხაზეთის ისედაც თითქმის სრული დამოკიდებულების კიდევ უფრო გაღრმავებას ეწინააღმდეგებიან. ნათელია, რომ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი აფხაზეთის შემდგომი იზოლაციის მიზნით კრიტიკული აზრის სრულ ჩახშობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციები განდევნასა და რეგიონზე რუსეთის კონტროლის სრულ მონოპოლიზებაზეა მიმართული. მისი დამტკიცების შემთხვევაში სოხუმი ე.წ. „ცხინვალიზაციის“ გზას დაადგება და საბოლოოდ მოემწყვდევა სქელი რუსული გუმბათის ქვეშ.

ხოლო ბოლო უმნიშვნელოვანესი პუნქტი ეხება ენერგოსექტორის პრივატიზებას, რასაც მოსკოვი არანაკლებ დაჟინებით მოითხოვს. აფხაზური ენერგეტიკის მრავალწლოვანი კოლაფსი პირდაპირ აისახება შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე: დე-ფაქტო მმართველობის დასაწყისში ასლან ბჟანიას მიერ დადებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა ხომ სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ეხებოდა. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია საკითხის ამ დრომდე გადაუჭრელობის გამო აფხაზური საზოგადოების მზარდი უკმაყოფილებით სარგებლობს და სულ უფრო აძლიერებს ზეწოლას „ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის“ ენერგოობიექტების პრივატიზებასთან დკავშირებული პუნქტის აღსრულების მისაღწევად. ბოლო დროს დამყოლად ქცეული დე-ფაქტო ხელისუფლებაც სექტორის „განსახელმწიფოების“ წინადადებით გამოდის, ვარდნილჰესების კასკადის უცხოელი ინვესტორებისთვის იჯარით გადაცემის ჩათვლით, თანაც პრივატიზების სამომავლო პერსპექტივით, რაც ფაქტობრივად, რუსული ბიზნესის სასარგებლოდ ენერგოსექტორის გასხვისების ტოლფასია. ბოლო მსგავსი მცდელობა გასული წლის შემოდგომაზე დაფიქსირდა, თუმცა მაშინაც დაიბლოკა.

ცხადია, რუსეთის ზემოაღნიშნული ნაბიჯები ემსახურება აფხაზეთზე სრული კონტროლის დამყარებასა და ნოყიერი ნიადაგის მომზადებას ანექსიისთვის, რომლის საფრთხე განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური აგრესიისა და უკრაინული ტერიტორიების ანექსიის შემდეგ გამოიკვეთა. 2023 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის წლისათვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელიც ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებს, განაცხადა, რომ «რუსეთთან მიერთების იდეა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კვლავინდებურად პოპულარულია და ადვილად განხორციელებადიც, თუ მოსკოვს საამისოდ წონადი მიზეზები ექნება».

ამავდროულად, ხაზგასასმელია რუსეთზე პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოკიდებული აფხაზური საზოგადოების მცდელობები, წინ აღუდგეს მოვლენათა მსგავს განვითარებას, რის შედეგადაც რუსეთს, როგორც ვხედავთ, რიგ შემთხვევებში საკუთარ მოთხოვნებზე უარის თქმა ან, სულ მცირე, დროებით უკან დახევა მოუწია. თუმცა როგორც ისტორიული და ამჟამინდელი ფაქტები გვიჩვენებს, რუსეთი ყველაფერზე წამსვლელია საკუთარი იმპერიალისტური მიზნების მისაღწევად და საჭიროების შემთხვევაში კვლავ მიიღებს უმკაცრეს ზომებს.

საინტერესოა ერთი დეტალი: მოსკოვს, რა თქმა უნდა, ესმის, რომ აფხაზები დროს წელავენ და მას ბანალურად აბითურებენ, თუმცა მისთვის უჩვეულო ლმობიერების დემონსტრირებას აგრძელებს. კატა-თაგვობანას თამაში დამატებით დროში გადავიდა. ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, დასჭირდებათ თუ არა დაპირისპირებულ გუნდებს პენალტების სერია, თუ საქმე ოვერთაიმში გადაწყდება? და თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ ორიდან ერთი გუნდის ლიდერები აშკარად შეკრულები არიან მეორესთან, პირველის ბედი ალბათ, გადაწყვეტილად შეიძლება, ჩაითვალოს.

თუმცა ისტორიაში ყველაფერი მომხდარა და შესაძლოა, აფხაზებმა მაინც შეძლონ საკუთარი ინტერესების დაცვა, როგორც რომის იმპერიის პატარა განაპირა სოფელში მცხოვრებმა ასტერიკსმა და ობელიკსმა დაიცვეს ძლევამოსილი რომაელებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ამის მიღწევა მარტივი ნამდვილად არ იქნება.

რაჟდენ ქაჯაია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები