ჭირი ორივე თქვენს სახლს! – თბილისსა და სოხუმში უცხოეთის აგენტების შესახებ „რუსული“ კანონის მიღებას ცდილობენ

24-04-2024 13:36:49 კავკასია

გასული წლის სამარცხვინო კრახის შემდეგ, როცა ღრმა თავისებურებებით გამორჩეული ადგილობრივი მმართველის, ზღაპრულ პერსონაჟ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ პარტიას საზოგადოებრივი საპროტესტო ზეწოლის შედეგად იმ დროისთვის პირველი მოსმენით მიღებული „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევა მოუწია, „ქართული ოცნება“ ძველ საქმეს დაუბრუნდა. 3 აპრილს საქართველოს პარლამენტში მოულოდნელად გაჩნდა გასული წლის ინიციატივის „ახალი ვერსია“ არსობრივად, ერთადერთი ცვლილებით: ახლა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ ჰქვია, ხოლო მის ობიექტებს - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები“, რაც როგორც შინაარსობრივად, ისე საზოგადოების ცნობიერებაში „უცხოეთის აგენტისგან“ არაფრით განსხვავდება.

იმ რეზონანსული პროექტის რეინკარნაცია, რომელსაც საზოგადოებრივმა აზრმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაასვა „რუსული კანონის“ წარუშლელი დაღი, ადვილად პროგნოზირებადი მიუღებლობა გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს პარტნიორებში.

ეს ყველაფერი ძალიან წააგავს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების უკვე ორწლიან ფუჭ მცდელობებს, ოკუპირებულ რეგიონში აგენტების შესახებ საკუთარი „რუსული კანონი“ მიიღოს.

მრავლისმთქმელია, რომ ისევე, როგორც 10 წლის წინ რუსეთში, თბილისშიც და სოხუმშიც კანონის ლიბისტებად მმართველი გუნდები გვევლინებიან, მის მოწინააღმდეგედ კი - საზოგადოებაც და პოლიტიკური ოპოზიციაც.

შეგახსენებთ: 2012 წელს პუტინისტური პროპაგანდა კანონის მიღების „აუცილებლობას“ ხსნიდა მიზნით, „მუხლიდან წამომდგარ სუვერენულ დემოკრატიას მსოფლიო დერჟავის სტატუსი გაემყარებინა“, ასევე სათანადო წინააღმდეგობა გასწეოდა „დასავლური სამყაროს ანტირუსულ ხრიკებსა“ და ლიბერალურ ფასეულობებს, რომლებსაც რუსული საზოგადოების წინაშე მხოლოდ და მხოლოდ ლგბტ-პროპაგანდად ასაღებდნენ. რეალურად კი, ეს ნაბიჯი თავად რუსულ საზოგადოებასთან ომის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა: სურდათ, საბოლოოდ წაერთვათ ამ უზარმაზარი „ხალხთა ციხის“ მოსახლეობისთვის ისეთი ფუნდამენტური ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი მედია, პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის, ღირსეული ცხოვრების, მედიცინის, კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა უფლებები.

რუსეთში, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში აგენტების შესახებ კანონის მიღების კუთხით პიონერად იქცა, საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგობამ სახელისუფლებო კამპანიის შედეგზე გავლენა ვერ იქონია, რადგან იმ დროისთვის ვლადიმირ პუტინი უკვე ერთპიროვნულად და განუყოფლად აკონტროლებდა, ან სულაც განადგურებული ჰყავდა დამოუკიდებელი მედიაცა და ოპოზიციაც. ხატოვნად რომ ვთქვათ, საფლავი უკვე გათხრილი იყო, კუბოც ჩაშვებული და მიწამიყრილი, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი კი იქცა ერთგვარ საფლავის ქვად უდროოდ წასული ნორჩი რუსული დემოკრატიისთვის.

იმის გათვალისწინებით, რად იქცა რუსეთი ბოლო წლებში, ძნელი დასაჯერებელია, რომ თბილისსა და სოხუმში, ლამის სინქრონულად, საკუთარი ნებით შეიტანეს დღის წესრიგში აგენტების შესახებ „რუსული“ კანონი. აუცილებელია, აღინიშნოს, რომ ორი ინიციატივის ტექნიკური განსხვავებების მიუხედავად, საბოლოო ჯამში, რუსეთის მიერ გაკვალული გზით სიარული არც თბილისს, არც სოხუმს უქადის რაიმე სიკეთეს, აი ზიანი კი კოლოსალური იქნება. მაშ რატომ დგამენ ამ არაპოპულარულ და აშკარად მავნებლურ ნაბიჯს? და რა შედეგებს მოიტანს მსგავსი კანონის მიღება?

დავიწყოთ სოხუმით. შედეგებზე თუ ვისაუბრებთ, ეს ჭეშმარიტად დრაკონული კანონი უცილობლად მიიყვანს აფხაზეთს პუტინისეულ რუსულ ავტორიტარიზმში ჩაძირვამდე, ან სულაც კადიროვისეულ დიქტატურამდე. კანონს ამოფარებულნი დახურავენ ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, პირს აუკრავენ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. აღარ იქნება აღარანაირი საარჩევნო პროცესი, განგრძობადი სტაბილურობა კრემლი-სოხუმის მკაცრი პოლიტიკური ვერტიკალით. იარსებებს მხოლოდ ხელისუფლების ხმა, რომელიც კრემლის სურვილებს გააჟღერებს და მის მადას მოემსახურება, ყოვლისმშთანთქმელი მყრალი რუსული პროპაგანდა და აღარაფერი სხვა.

და ეს მხოლოდ შესავალია, ეს მხოლოდ დასაწყისი: როცა აღარ იარსებებს დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი აქტივისტები, შეწყდება განხილვები მედიაში და დებატები „პარლამენტში“ (პარლამენტი ხომ, რუსეთის საზომით, დისკუსიისთვის განკუთვნილი ადგილი არაა), აღარ იქნება ქუჩის მიტინგები და საპროტესტო აქციები (მათ ან ადგილობრივი ძალოვანები დაარბევენ, ან როსგვარდია), ხელისუფლების კრიტიკა, როგორც მოვლენა, საბოლოოდ გაქრება, მათ შორის - ინტერნეტშიც (მის გამო ან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოგიწევთ, ან სულაც პატიმრობა, მაგრამ არა დრანდის კომფორტულ ციხეში, არამედ უკვე რუსული ყაიდის, გაცილებით მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში), მიუწვდომელი გახდება „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ სხვა არაერთ პოპულარულ ინტერნეტ-რესურსთან ერთად (მათ უცხოეთის აგენტებად და რუსეთის მტრებად გამოაცხადებენ) და ინტერნეტ-სივრცეში აღლუმს რუსული «ВКонтакте» და «Одноклассники» გაუძღვებიან, აი მერე იგრძნობთ და გააცნობიერებთ, რა რისკების შემცველი იყო ეს კანონი...

ნუ დაგვავიწყდება ასევე, რაოდენ გასაგებად განმარტა ასლან ბჟანიამ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, ქვეყნები, არასამთავრობოები, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმეს და ამ საკითხში ანტირუსული პოზიცია დაიკავეს, აფხაზეთის მტრებიც არიან... ეს, სხვა ყველაფერთან ერთად, იმასაც ნიშნავს, რომ სოხუმი, როგორც რუსეთის ერთგული ვასალი, მთელი ცივილიზებული მსოფლიოსგან ნებაყოფლობით იზოლაციაში მოექცევა...

თუ ეს სცენარი მოგწონთ, მაშინ მიიღეთ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი - და ჩათვალეთ, უკვე ყელამდე რუსეთში ხართ.

ახლა ვისაუბროთ „რუსული კანონის“ ქართულ ვერსიაზე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტზე. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამ ინიციატივის რუსულ წარმომავლობას ჯიუტად უარყოფს, აშშ-ისა და ევროპის „ანალოგებზე“ მიუთითებს და ცდილობს, საკუთარი კანონპროექტი ხალხს „ლეგიტიმური მიზნის - უცხოური დაფინანსების გამჭვირვალეობის მიღწევის ინსტრუმენტად“ შეასაღოს. მაგრამ წარმოდგენილი პროექტის სულისკვეთებაცა და შინაარსიც დამაჯერებლად მეტყველებს ზუსტად საპირისპიროზე.

უპირველესად, ისევე, როგორც რუსეთში, კანონი წერტილოვნად მედიისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგაა მიმართული. მეორე: „ოცნების“ ლიდერებს თავის რიტორიკაში უკვე არაერთგზის წამოსცდათ კანონპროექტის რეალური მიზნები, როცა მედია და არასამთავრობოები „შავი ფულის“ მიმოქცევაში, „რევოლუციების მზადებასა“ და „სხვა უკანონო ქმედებებში“ დაადანაშაულეს. თუ მართლაც ასეა, რა საჭიროა გამჭვირვალეობაზე უსაგნო საუბრები? - თუ ვინმე ესოდენ მძიმე დანაშაულს სჩადის, მაშინ რას აკეთებენ სუს-ი, შსს, პროკურატურა?! გარდა ამისა, ქვეყანაში უკვე არსებული სამართლებრივი ბაზა საიმედოდ უზრუნველყოფს ყველა ფულადი სახსრის მიმოქცევის გამჭვირვალეობას, საქართველოს ბაზარზეც კი დიდი ხანია, აღარ წარმოებს ანგარიშსწორებები დიდი ოდენობის ნაღდი ფულით. ასე, რომ გამჭვირვალეობის პრობლემა სხვა არაფერია, თუ არა სიცრუე რეალური მიზნების დასაფარად.

„ქართული ოცნება“ სულ რაღაც ერთი წლის წინ დებდა პირობას, რომ უცხოეთის აგენტების შესახებ პირველი ვერსიის უპირობოდ გაწვევის შემდეგ მეორე მცდელობას აღარასოდეს განახორციელებდა... „გიჟები ხომ არ ვართო?!“ - ირწმუნებოდნენ პარტიის ლიდერები, თუმცა არა მარტო მოკლე მეხსიერება აღმოაჩნდათ, არამედ სუსტი ლოგიკაც. ახლა, „ახალი“ კანონპროექტის წარდგენის შემდეგ ისინი ირწმუნებიან, რომ დოკუმენტი ლამის ზუსტი ასლია ამერიკული FARA-სა (უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ 1938 წელს კონკრეტული მიზნით - ნაცისტური გერმანიის პროპაგანდასთან ბრძოლისთვის მიღებული კანონის) და იმ კანონპროექტისა, რომელიც ამჟამად ევროკავშირში მუშავდება.

ის, რომ „ოცნება“ უღმერთოდ ცრუობს, ევროკავშირის ხსენებული საკანონმდებლო ინიციატივის სახელწოდებიდანაც კი ჩანს - „ევროკავშირის წევრ საელმწიფოებში არაწევრი ქვეყნების ინტერესების გატარების საქმიანობის გამჭვირვალეობის შესახებ“. რუსული, ქართული და აფხაზური ვერსიებისგან განსხვავებით, ევროპულ კანონპროექტში არ მოიპოვება ისეთი ტერმინები, როგორიცაა „უცხოეთის აგენტი“ და „უცხოური გავლენის გამტარი“. შესაბამისად, იგი არც საზოგადოებრივი სტიგმატიზაციის და არც კანონის ობიექტების რეპუტაციის შელახვის რისკებს შეიცავს. ამასთან, არც ამერიკული, არც ევროპული ვერსიები ახდენენ უცხოური დაფინანსების მიღების აქტის კრიმინალიზაციას - თავისთავად ეს აქტი არ წარმოადგენს საფუძველს შესაბამის რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციისთვის. გარდა ამისა, ევროპული კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო რეგისტრაცია გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული აქტივობებისთვის (საქმიანობისთვის), რომლებიც ევროკავშირში მესამე ქვეყნების ინტერესთა ლობირებას წარმოადგენს და გარე ძალების ეფექტური კონტროლით რეალიზდება. ანუ, ისევე, როგორც აშშ-ში, კანონპროექტი მიმართულია იმაზე, რომ მესამე ქვეყნების ინტერესების ლობიზმი ხორციელდებოდეს საჯაროდ და არა ფარულად. ამასთანავე, კანონი არანაირად არ შეეხება ორგანიზაციებს, რომლებიც ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფოდან იღებენ დაფინანსებას.

რომ შევაჯამოთ, თუ ამერიკული კანონი თავდაპირველად ჰიტლერის ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ იყო მიმართული, ახლა - გარე დეზინფორმაციისა და ფარული ლობიზმის წინააღმდეგ, ხოლო ევროპული პროექტი - მესამე ქვეყნების ფარული ლობირების, ასევე რუსული და ჩინური დეზინფორმაციის წინააღმდეგ, კანონის „ოცნებისეული“ ვერსია საქართველოს მოკავშირეებისა და პარტნიორების - ევროკავშირისა და აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული პროექტია, რაზეც თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც კი უკვე ფაქტობრივად ღიად მიანიშნებენ. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამასწინათ განაცხადა: „ერთი წლის განმავლობაში პირადად ვეკონტაქტებოდი ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებს და ვცდილობდი, დამერწმუნებინა, რომ საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება არასწორია. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელი, ამიტომაც გვიწევს კანონის მიღებაო“.

აქ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სწორედ აშშ-სა და ევროკავშირზე მოდის ქართული არასამთავრობო სექტორისა და ნაწილობრივ მედიის თითქმის სრული უცხოური დაფინანსება. „ოცნების“ კანონპროექტის თანახმად კი, უცხოური გავლენის გამტარებლად გამოცხადდება ყველა არასამთავრობო და მედია-ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსების არანაკლებ 20%-ს უცხოეთიდან იღებს, განურჩევლად მათი საქმიანობის სფეროსი - ეკოლოგია იქნება ეს, განათლება, ჯანდცვა თუ სხვა. ამგვარად, უცხოური ძალების ინტერესების გამტარებლის იარლიყი გარანტირებულად მიეკრობა თითქმის ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასა და დამოუკიდებელი მედიის ნაწილს. ასეთი ორგანიზაციები ნებისმიერ მომენტში შეიძლება, დაუსაბუთებელ შემოწმებებს დაექვემდებარონ და იძულებულნი გახდნენ, საქმიანობა შეწყვიტონ.

და თუ სოხუმის ნაწილში ყველაფერი გასაგებია - კანონპროექტს მოსკოვი პედალირებს, თბილისში რატომ აკეთებენ იგივეს ნებაყოფლობით - ბევრისთვის გამოცანად რჩება. შესაძლოა, ივანიშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის 180 გრადუსით შეტრიალება გადაწყვიტა, მაგრამ ამის ღიად გაკეთება სადღეისოდ შეუძლებლად მიაჩნია: შეუზღუდავი ძალაუფლების მე-12 წელსაც კი მას არ ძალუძს, საჯაროდ განაცხადოს, მაგალითად, „აშშ და ევროკავშირო, მოშორდით აქედან, საქართველოს თავად მივხედავთო!“ - და არაკეთილსინდისიერი თამაში უწევს. კერძოდ, „ოცნება“, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა შესამჩნევი, კოლექტიური დასავლეთის დემონიზების აქტიურ პოლიტიკას აწარმოებს, ნატო-ში გაწევრიანების საკითხში ნიჰილიზმს თესავს, აშშ-სთან მიმართებაში პრაქტიკულად გააქრო საკუთარი რიტორიკიდან ტერმინი „სტრატეგიული პარტნიორი“, შიდა პოლიტიკაში კი ფართოდ გაუღო კარი იმ პოლიტიკურ და სხვა ჯგუფებს, რომლებიც ოფიციალურად დეკლარირებენ პრორუსულ კურსს. ამასთან, მმართველი გუნდი აშკარად ახალისებს ამ პრორუსული ჯგუფების პერიოდულ ძალადობრივ აქტებს ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ, ისევე, როგორც საზოგადოების მოწყვლად ნაწილში სხვადასხვა პირველყოფილი ფობიების გაღვივებას და „სუვერენული დემოკრატიის“ წმინდად კრემლისტური დოქტრინის მოშველიებით ხალხის ამ ნაწილის ფსევდოპატრიოტული განწყობებით თამაშობს... თუ ივანიშვილს მართლაც ეს მიზანი აქვს - ჩააგდოს ევროინტეგრაცია, მსგავსი ტაქტიკა სრულად ეწერება „ოცნების“ კანონპროექტის ლოგიკაში.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მმართველი ელიტის ანტიდასავლური რიტორიკის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა, თავად „ოცნების“ მხარდამჭერთა დიდი ნაწილის ჩათვლით, ევროინტეგრაციას კვლავინდებურად მტკიცედ უჭერს მხარს. თუმცა ხელისუფლებას ეს უხერხულობას არ უქმნის: „ტრიუკების“ დიდოსტატი მორიგ ჯერზე წარბშეუხრელად იცრუებს და ევროინტეგრაციის პროცესის შესაძლო საბოლოო კრახს თავად ევროკავშირს დააბრალებს. უკვე წარმომიდგენია, როგორ იტყვის ხელისუფლება - „ჩვენ რა შუაში ვართ? ევროკავშირმა გადაწყვიტა, მუხლებზე დავეყენებინეთ, ცალ ფეხზე ვმდგარიყავით მის წინაშე, მაგრამ ჩვენ სუვერენიტეტი დავიცავით და ამისთვის დაგვსაჯაო“...

ფაქტობრივად, საქართველო, უფრო სწორად მისი ის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, უშუალოდ მიადგა ზღვარს, რომლის იქითაც სახელმწიფო აღქმული იქნება თვითგამოცხადებული მესიისა და თავისებურებებით გამორჩეული ოლიგარქის პირად საკუთრებად - ერთგვარ ბიძოსტანად. სამწუხაროდ, რეალობაა, რომ საქართველოს ფლობს და საკუთარი ხუშტურებისამებრ მართავს ბატონი ფანტომასი, რომლის ჭეშმარიტი იერი მოსახლეობის ნაწილმა ამ დრომდე ვერ განჭვრიტა, ან განჭვრიტა, მაგრამ თვითმოტყუას აგრძელებს. წარმოიდგინეთ: არსებობს პლანეტაზე პატარა, მაგრამ ძალიან სიმპატიური ქვეყანა, რომელშიც არა უბრალოდ მდიდარი, არამედ ამ ქვეყნის ყველა ღარიბ და მდიდარ მოქალაქეზე, ერთად აღებულზე, გაცილებით მდიდარი ადამიანი ცხოვრობს; მას ჯიბეში ჰყავს მთავრობა, პარლამენტი, სპეცსამსახურები, სასამართლო და „ტიტუშკების“ ჯგუფებიც კი, რომლებიც პერიოდულად მის პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობენ... რაში სჭირდება ასეთ ადამიანს ევროკავშირი - ანუ კანონის უზენაესობა, სამართალი, ადამიანის უფლებები, თავისუფალი მედია და არასამთავრობო სექტორი, რომლებმაც ერთ მშვენიერ დღეს, „ღმერთმა არ ქნას“ და, შეიძლება, ყველაფერში ამხილონ? - ეს ხომ მხოლოდ ზედმეტი თავისტკივილი იქნება მისთვის! ამდენად, ბუნებრივია, რომ ივანიშვილს ევროკავშირში სულაც არ ეჩქარება - და არა იმიტომ, რომ პუტინისა და რუსეთის თავგადაკლული ფანატია (თუმცა არც ამის გარეშეა საქმე), არამედ იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მის პირად ინტერესებს.

ესაა სიმართლე. ხოლო გამჭვირვალობა, რომელზეც უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების „აუცილებლობის“ არგუმენტირებისას ხელისუფლება აპელირებს, სრული სიცრუეა, რადგან ამ კანონის ობიექტების ფინანსური ნაკადები ახლაც სრულიად გამჭვირვალეა: არასამთავრობოები და მედია, რომელთა წინააღმდეგაც კანონია მიმართული, სრულად არიან ანგარიშვალდებულნი შესაბამისი ფისკალური ორგანოების წინაშე, საქართველოში შემომავალ ყველა ფინანსურ ნაკადს მკაცრად აკონტროლებს სახელმწიფო, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი, თავის მხრივ, ის უცნაური ფანტომასია. უბრალოდ სრული ბედნიერებისთვის მას მხოლოდ ერთი რამ რჩება - არასამთავრობო სექტორისა და მედიის დამორჩილება, როგორც დემოკრატიის უკანასკნელი ბასტიონებისა, რომლამდეც ხელი ჯერ არ მიუწვდა. დაფინანსების კუთხით პრობლემების შექმნისა და იარლიყების მიწებების გზით მათი დადუმება, საზოგადოების დემორალიზება და საკუთარ დიქტატს საბოლოოდ დაქვემდებარება აბსოლუტური მრავალათწლეულიანი (მემკვიდრეების ჩათვლით) ძალაუფლების უზრუნველსაყოფად, რომლის დროსაც ქვეყნის ყველა რესურსს საკუთარი ფაზენდასავით განკარგავ, - სულ ესაა ტრაგიკომიკური გამოცანის პასუხი.

საქართველოს მომავლის წინააღმდეგ ამ ბრძოლის პირველი რაუნდი ხელისუფლებამ მოიგო: თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მრავალდღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების, აგრეთვე საქართველოს მეგობრებისა და პარტნიორების კონსოლიდირებული კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. თუმცა „რუსულ კანონთან“ ომი გრძელდება და იმედია, ქართული საზოგადოების სიმტკიცე კვლავ აიძულებს ხელისუფლებას, გასული წლის მსგავსად, უკან დაიხიოს.

აკვირდები როგორც სოხუმელი, ისე თბილისელი მოღვაწეების მიერ გაჩაღებულ ამ „უცხოეთის აგენტებზე ნადირობის“ საშიშ კლოუნადას - და თვალწინ უნებლიედ გიდგება ნატურალისტური სურათი: სადღაც ცხრა მთას იქით, კრემლში პატარა მელოტი დიქტატორი კმაყოფილებით იფშვნეტს ოფლიან ხელებს... და გინდება წყევლა: ჭირი ორივე თქვენს სახლს!

რაჟდენ ქაჯაია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები