საგამოძიებო სამსახური: კაცს, რომელმაც სოციალურ ქსელში ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა, 5 -დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

24-04-2024 13:47:06 სამართალი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, Telegram-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე 27 წლის პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. შეხვედრისას, დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა. 2024 წლის მარტში, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელ „Instagram”-ზე განათავსა მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო, რის გამოც ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, იმავე დღეს დაზარალებული ქალისთვის ცნობილი გახდა რომ მისი ინტიმური ფოტოები, რომლის წაშლაც ბრალდებულს მოსთხოვა, სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ერთ-ერთ ჯგუფში იყო გავრცელებული.

დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, მათ შორის, ნანახი იქნა 2500 მომხმარებლისგან შემდგარი სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ის ჯგუფი, სადაც ბრალდებულმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა", - ნათქვამია განცხადებაში

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დანაშაული 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები