ადვოკატი: გრიგორიადისი რამდენიმე დღეში გადაწყვეტს,გასაჩივრებს თუ არა სასამართლოს მიერ მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს

24-04-2024 16:40:36 სამართალი

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისი გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

როგორც გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, რა სამართლებრივ მიმართულებას მისცემენ საქმეს, ამას მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გადაწყვეტენ.

"დაახლოებით, ორი კვირა გვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივროთ, რის შემდეგაც, უზენაესში გავასაჩივრებთ. თუკი უზენაესი სასამართლოც განაჩენს ძალაში დატოვებს და ლაზარე საჭიროდ ჩათვლის, საქართველოს ფარგლებს გარეთ წავალთ, თუმცა, ეს ლაზარე გიგორიადისმა უნდა გადაწყვიტოს. დაახლოებით, 3-4 დღეში, ეს გადაწყვეტილება მიღებული გვექნება”,- განაცხადა ბითაძემ.

პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილემ ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და ადვოკატები ელოდებოდნენ.

"მადლობა სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციებზე შევხვდებით", – განუცხადა მან ჟურნალისტებს ციხის დატოვების შემდეგ.

მან აღნიშნა, რომ "აგენტების" შესახებ კანონი დემოკრატიას ძირს უთხრის.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას ეტყოდა ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა "აგენტების" შესახებ კანონს აპროტესტებენ, მან შემდეგი განაცხადა:

"მე მგონი ახალგაზრდებს მიმართვა არ სჭირდება".

მისი თქმით, იგი დღეს მივა აქციაზე.

გრიგორიადისმა განაცხადა, რომ მისი ბრალდება პოლიტიკური იყო:

"ჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე, რადგან სხვა გზა აღარ მქონდა. [...] ყველაფერი ცხადად ჩანს. მგონი, განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს, მიჩვეული ხარ საქართველოში ასეთ რაღაცებს. რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით“, - განაცხადა გრიგორიადისმა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ის პოლიციელები მიიყვანეს, რომლებსაც აქტივისტები არ დაუკავებიათ:

„როგორც აქციებზე ხდება, საერთოდ სხვა პოლიციელები მოჰყავთ, რომლებმაც აქტივისტები არ დააკავეს, იგივე სიტუაცია იყო მანდაც, მგონია, რომ დასმული, პოლიტიზებული პოლიციელები მოიყვანეს სასამართლოზე“.

გრიგორიადისმა საპატიმროში მისდამი მოპყრობაზეც ისაუბრა:

"ადმინისტრაციის მხრიდან ნორმალური [მოპყრობა იყო], ბევრი პრობლემა არის ციხეშიც".

როგორც მან აღნიშნა, ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" ამ კანონის მიღებას ვერ შეძლებს: "არ მგონია, შეუძლებელია".

ლაზარე გრიოგორიადისმა, რომელმაც ციხეში ერთ წელზე მეტი გაატარა, თქვა, რომ ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე ყოფნა უჭირდა.

შეწყალების აქტი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 აპრილს გამოსცა.

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დღეს გახდა ცნობილი პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ იგი გრიგორიადისს შეიწყალებდა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები