"აგენტების კანონი", 2024 წლის არჩევნები და მოსახლეობის სწრაფვა ევროკავშირისკენ – ზურაბიშვილი ნაუსედას ესაუბრა

24-04-2024 18:00:02 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუველ კოლეგას გიტანას ნაუსედას ესაუბრა.

ორ პრეზიდენტს შორის საუბრისას ყურადღება გამახვილდა "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ "აგენტების კანონზე", მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და საქართველოს მოსახლეობის ევროპისკენ სწრაფვაზე.

ნაუსედამ "აგენტების კანონთან" დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ კანონპროექტს შესაძლოა, ზეგავლენა ჰქონდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე.

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. გამოვთქვი ჩემი შეშფოთება "უცხოური აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით და რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მას EU-ში ინტეგრაციის პროცესზე. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში," - წერს ნაუსედა.

სალომე ზურაბიშვილმა ნაუსედას "საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა.

"გმადლობ, პრეზიდენტო გიტანას ნაუსედა საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვით მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას და მანამდე სტაბილურობის აუცილებლობას. დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი კვლავ ურყევად მისცემს ხმას ჩვენს ევროპულ მომავალს," - წერს ზურაბიშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები