SJC: საჯარო მოხელეებს უფლება აქვთ, უარი თქვან პარტიულ დემონსტრაციაში მონაწილეობაზე, მზად ვართ, დავიცვათ მათი უფლებები

25-04-2024 14:10:03 საზოგადოება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ეხმიანება "ქართული ოცნების" მიერ 29 აპრილს კონტრაქციის დაგეგმვას და მიიჩნევს, რომ "ხელისუფლება, საჯარო სექტორში დასაქმებული და სახელმწიფოზე ფინანსურად სხვაგვარად დამოკიდებული ადამიანების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზებით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების დაყოფას და დაპირისპირების ხელოვნურად გაღვივებას ცდილობს".

ორგანიზაცია აცხადებს, მზად არის, "დაიცვას იმ საჯარო მოხელეების უფლებები, რომლებიც პოლიტიკური იძულებისა და დევნის მსხვერპლი შეიძლება გახდნენ".

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ქართული ოცნების მიერ 29 აპრილს კონტრაქციის დაგეგმვას და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, საჯარო სექტორში დასაქმებული და სახელმწიფოზე ფინანსურად სხვაგვარად დამოკიდებული ადამიანების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზებით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების დაყოფას და დაპირისპირების ხელოვნურად გაღვივებას ცდილობს.

ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიციირებული ანტიდემოკრატიული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბური და განგრძობადი სპონტანური წინააღმდეგობის საპასუხოდ, ხელისუფლება ხალხის წუხილების გათვალისწინების ნაცვლად, კონტრაქციას აანონსებს და საზოგადოებრივ აღქმებზე ზემოქმედებას ამ გზით ცდილობს. მიგვაჩნია, რომ თავისთავად პარადოქსულია ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტიის მცდელობა, გადაწყვეტილების გასატანად დემონსტრაცია დააანონსოს მაშინ, როდესაც ძალაუფლება თავად მის ხელშია. მმართველი პარტია კანონის მოწინააღმდეგე ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ უსმენს და მათი პროტესტის საპირწონედ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას ახდენს.

ქართული ოცნების ხელმძღვანელი პირების განცხადება იმის შესახებ, რომ 29 აპრილს დაგეგმილ დემონსტრაციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი იქნება, პირდაპირ აჩვენებს, რომ მათ აქვთ დემონსტრანტების მობილიზების კონკრეტული გეგმა და რომ პროცესი სპონტანური და ნებაყოფლობითი არ არის. ამას ადასტურებს, მედიით გავრცელებული ინფორმაციაც, რომელიც აჩვენებს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულებს ავალდებულებენ, მონაწილეობა მიიღონ სამთავრობო დემონსტრაციაში.

მობილიზების მასშტაბის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობაც აცნობიერებს, რომ საჯარო მოხელეების აქციაზე მასობრივად გამოყვანის ორგანიზებას მალულად ვერ შეძლებს და ამიტომ, უკვე აღარც უარყოფენ, რომ ისინი, საჯარო მოხელეებსაც მოუწოდებენ, გამოვიდნენ 29-ში დაგეგმილ აქციაზე და, რაც მთავარია, ორგანიზებას უწევენ ამ პროცესს.

უშუალოდ საჯარო მოხელეების პარტიული მიზნებით გამოყენების გარდა, დამატებით, ჩნდება შეკითხვები ტრანსპორტირების და სხვა ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებითაც, რადგან არსებობს რისკი, რომ საერთო სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად განკუთვნილი ადმინისტრაციული რესურსი სამთავრობო დემონსტრაციის ხარჯების დასაფარად, პარტიული მიზნებით იქნება გამოყენებული.

საქართველოში საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის პრინციპებს ეყრდნობა.საჯარო მოხელე თავისი საქმიანობისას საჯარო ინტერესით უნდა ხელმძღვანელობდეს. კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს. ამავე კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად, მოხელე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, რომელიც გულისხმობს მის ვალდებულებას, სამუშაო საათებში თავი შეიკავოს პოლიტიკური აქტივობისაგან საჯარო სამსახურის მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლი პირდაპირ ადგენს, რომ მოხელეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს განკარგულების შესრულებაზე, თუ განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

შესაბამისად, დავალება, რომელიც საჯარო მოხელეებს, მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიტიკურ მანიფესტაციაში მონაწილეობას და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევას აიძულებს, უკანონოა და ამდენად, მოხელეს სრული უფლება აქვს, უარი თქვას მის შესრულებაზე.

გვსურს, ყველა იმ საჯარო მოხელისთვის, რომლებიც შესაძლოა, მომდევნო დღეებში ხელმძღვანელობის მხრიდან დავალებას, ზეწოლას, და შევიწროებას დაექვემდებაროს, მკაფიოდ განვმარტოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მათ აქვთ უფლება, უარი თქვან პარტიულ დემონსტრაციაში მონაწილეობაზე და ამ უარის გამო მათი შევიწროება ან სამსახურიდან გათავისუფლება იქნება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უკანონო.

აშკარაა, რომ ამ დღეებში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია (“სქრინები”, კონფიდენციალური ინტერვიუები და ა.შ.), რომელიც საჯარო სამსახურში დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის კანონსაწინააღმდეგო კომუნიკაციას აჩვენებს, ღირსებას ულახავს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს და აღრმავებს მოქალაქეების უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ გვჯერა, რომ საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი, რომელმაც კარგად იცის საქართველოს კანონმდებლობის არსი და წლებია აქტიურად მუშაობს ქვეყნის ეროვნული და ევროპული ინტერესებისთვის, აცნობიერებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების სიმძიმეს. მნიშვნელოვანია, ამ რთულ რეალობაში მათ საკუთარ თავში იპოვონ ძალა და არ დაექვემდებარონ მმართველი პოლიტიკური პარტიის უკანონო მოწოდებებს და საზოგადოების გახლეჩისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მიმართულ გადაწყვეტილებებს. მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებს ესმოდეთ საკუთარი პასუხისმგებლობის და საკუთარი ძალის, რომ დღეს სწორედ მათ პრინციპულ პოზიციებს შეუძლია შეაჩეროს საზოგადოებრივი პოლარიზაცია და დრამატული უკუსვლა ევროინტეგრაციის გზაზე.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საჯარო სამსახურის რეფორმის დაწყების დროს, საჯარო სამსახურის ერთ-ერთ გამოწვევად მისი პოლიტიზების პრობლემა იყო მიჩნეული[3]. თუმცა, აშკარაა, რომ რეფორმის ეს მიზანი მხოლოდ ფურცელზე დარჩა და ქართული ოცნების მმართველობის 12 წლის თავზე, საჯარო სექტორში დასაქმებულებს მასობრივად, საკუთარი ღირსებისა და კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ ავალდებულებენ, ემსახურონ არა საჯარო ინტერესს, არამედ ვიწრო პარტიულ მიზნებს, საკუთარი ხალხის უმრავლესობის უკმაყოფილების საპირისპიროდ. საჯარო სამსახურის პოლიტიზება ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთი ასპექტია და სხვა სამწუხარო პრაქტიკებთან ერთად, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის ნიშანია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მზადყოფნას სამართლებრივი გზებით, მათ შორის, სასამართლოში დაიცვას იმ საჯარო მოხელეების უფლებები, რომლებიც შესაძლოა, ამ პროცესში დაზარალდნენ", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები