სტოლტენბერგი: რუსი ჯაშუშები უკრაინის მხარდაჭერას ხელს ვერ შეუშლიან

26-04-2024 20:35:21 მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში ბოლო დღეებში გამოვლენილი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის შემთხვევები ხელს არ შეუშლის უკრაინის სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ მან 26 აპრილს ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა.

სტოლტენბერგმა ნატოს წევრებს მოუწოდა, სიფხიზლე შეინარჩუნონ რუსეთის ფარული აქტივობების მიმართ.

„გასულ კვირას გერმანიამ ჯაშუშობაში და დივერსიაში ბრალდებული პირები დააკავა, ხოლო დღეს დიდ ბრიტანეთში ხუთ პირს წაუყენეს ბრალი რუსეთის სასარგებლოდ საქმიანობისთვის“, - იხსენებს ის.

მან ხაზი გაუსვა, რომ ნატოს წევრები "სრულად სოლიდარულები" არიან გერმანიასა და ბრიტანეთის მიმართ.

„ასეთი ქმედებები სახიფათო და მიუღებელია, თუმცა ხელს ვერ შეგვიშლიან უკრაინის მხარდაჭერაში და ჩვენ მჭიდროდ ვაკოორდინირებთ ჩვენს ქმედებებს ნატოს წევრების წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედებების საპასუხოდ",– თქვა ნატოს გენმდივანმა.

ერთი დღით ადრე, ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, სტოლტენბერგმა მოუწოდა მოკავშირეებს, დააჩქარონ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას კვლავ აქვს რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მოგების შანსი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები