ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან უკვე 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გააძევა

29-04-2024 12:53:51 პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან ამჯერად ოპოზციონერი დეპუტატი ანა წითლიძე გააძევა.

„რეგლამენტის დარღვევის გამო დატოვეთ სხდომათა დარბაზი. არაერთხელ მოგიწოდეთ, აგრძელებდით მიკროფონის გარეშე. თქვენს თავს ეცით პატივი, ნუ აიძულებთ ამ ხალხს [მანდატურებს], რომ გაგიყვანონ. აბრძანდით და გადით, გთხოვთ!“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

"რუსი ხარ...ამიტომ შეგეწერათ ყაველაშვილის გინება და შეგეწერებათ ბოლომდე", - ამ სიტყვებით მიმართა წითლიძემ "აგენტების" შესახებ კანონის წარმდგენ მამუკა მდინარაძეს.

მანამდე, ოხანაშვილმა დარბაზი ოპოზიციონერ დეპუტატებს – გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თამარ კორძაიას, სალომე სამადაშვილს, თაკო ჩარკვიანსა და ქეთევან თურაზაშვილს დაატოვებინა.

ცნობისთვის: დღეს საღამოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს. დღეს დილის 9 საათიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "აგენტების" შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. სხდომაზე პერიოდულად ხმაურია. პარლამენტმა ონლაინმედია არც 29 აპრილის საკომიტეტო განხილვაზე დაუშვა.

28 აპრილს ახალგაზრდებმა, რომლებიც ზედიზედ, 9 დღეა, პარლამენტთან აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, შემდეგი განაცხადეს:

"ოცნების" კონტრაქციის დროს არანაირი აქტივობა არ გვექნება რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე".

მანამდე, 28 აპრილს, კვირა საღამოს, 7 საათზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაცია 120–ზე მეტი ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით გაიმართა.

კერძოდ, აქციის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. სიტყვით გამოსვლების შემდეგ მათ პარლამენტისკენ მოაწყვეს მსვლელობა. პარლამენტთან მისვლის შემდეგ მოხდა პოლიციასთან დაპირისპირება, პარლამენტის შენობის წინ, „ქართული ოცნების“ ხვალინდელი აქციისთვის გამზადებულ სცენაზე რამდენიმე დემონსტრანტის ასვლასთან დაკავშირებით. პოლიციამ მათ სცენაზე ასვლის უფლება არ მისცა.

თბილისის მერიამ განაცხადა, რომ აქცია „არასანქცირებულია“.

პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები - სპრეი/გაზი, თუმცა არ დაუზუსტებია, რა შემადგენლობის. დააკავეს რამდენიმე ადამიანი, - მათი რიცხვი შსს-ს არ დაუზუსტებია. დაკავებულთა შორისაა ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი. პეტრიაშვილს ედავებიან წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, - რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს.

აქციაზე მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასობით თანამშრომელი - „რობოკოპები“, რომლებსაც აირწინაღებიც ეკეთათ. საბოლოოდ, ვითარება განიმუხტა.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები