ბუნდესტაგის წევრი: გუშინ მოვახერხე მშვიდობიან აქციის თანმხლები ვყოფილიყავი და მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს

29-04-2024 13:06:19 პოლიტიკა

გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი ამბობს, რომ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ 28 აპრილს გამართულ აქციას პირადადაც შეუერთდა და მიხვდა, რომ "ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს".

"ქართულ ოცნებაზე" დღემდე არ მოუხდენია შთაბეჭდილება ე.წ. "გარე გავლენის გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და არ ჩანს მათი მხრიდან დათმობის ნიშანი. პრაქტიკაში, კანონი მიზნად ისახავს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას.

მმართველი პარტია, როგორც ჩანს, სრულიად მოწყვეტილია საქართველოს მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს. ის ბოიკოტს უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. პარლამენტმა კანონის მიღება უნდა შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები კანონის არქიტექტორების წინააღმდეგ და სერიოზულად განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება.

ქართველი ხალხი, რომელიც ყოველდღიურად გაბედულად აპროტესტებს ხელისუფლებას და რუსეთის მიერ ძალად თავსმოხვეულ კანონს, იმსახურებს ჩვენს პატივისცემას და აღფრთოვანებას.

გუშინ მოვახერხე მშვიდობიან აქციის თანმხლები ვყოფილიყავი და მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს",– წერს ჰაკერი.

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს თბილისში კვლავ შეიკრიბა ათასობით ადამიანი "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. მასშტაბური აქციის მონაწილეები ჯერ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც გვიან ღამით სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

აქციაზე გადაღებულ ფოტოს "ფორმულა" ავრცელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები