კორძაია სახალხო დამცველს მიმართავს: გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი

29-04-2024 13:33:06 პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს მიმართავს, საჯაროდ მოუწოდოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს „აგენტების კანონი“.

"მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს. ვაცნობიერებ იმ ტვირთს, რაც ავიღე მისთვის ხმის მიცემისას და სწორედ ჩემი პასუხისმგებლობაა, გამოვიყვანო დღეს იმ კომფორტიდან, რომელიც ამ კანონთან დაკავშირებით აქვს. ბატონო ლევან, მოგმართავთ საჯაროდ, სახალხოდ და მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ და ჩაატაროთ ბრიფინგი და ხელისუფლებას მოუწოდოთ, რომ არ მიიღოს კანონი, რომელთა დაკავშირებითაც სწორად სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ეუთოს დასკვნის თანახმად, დაირღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონსტიტუციური უფლება, დაირღვევა გაერთიანების თავისუფლება. ეს კანონი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კანონიერების პრეზუმფციას. პასუხისმგებლობა, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონი, არ შეიძლება, მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში დარჩეს და აუცილებლად სასამართლოს მიერ უნდა იქნას მიღებული ნებისმიერ შემთხვევაში. ბატონო ლევან, სწორედ სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე ეუთომ დაწერა 70-გვერდიანი დასკვნა. ყოველ გვერდზე ის მიუთითებს იმას, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს კანონი არ არის საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შესაბამისი. ამიტომ მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ! ეს არ არის პოლიტიკური შეფასების საკითხი. ეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხია. სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად. ბატონო ლევან, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი", - აცხადბს თამარ კორძაია.

ცნობისთვის: დღეს საღამოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს. დღეს დილის 9 საათიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "აგენტების" შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. სხდომაზე პერიოდულად ხმაურია. კომიტეტის თავმჯდომარემ ამ დროისთვის სხდომა შვიდ ოპოზიციონერ დეპუტატს დაატოვებინა. პარლამენტმა ონლაინმედია არც 29 აპრილის საკომიტეტო განხილვაზე დაუშვა.

28 აპრილს ახალგაზრდებმა, რომლებიც ზედიზედ, 9 დღეა, პარლამენტთან აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, შემდეგი განაცხადეს:

"ოცნების" კონტრაქციის დროს არანაირი აქტივობა არ გვექნება რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე".

მანამდე, 28 აპრილს, კვირა საღამოს, 7 საათზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაცია 120–ზე მეტი ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით გაიმართა.

კერძოდ, აქციის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. სიტყვით გამოსვლების შემდეგ მათ პარლამენტისკენ მოაწყვეს მსვლელობა. პარლამენტთან მისვლის შემდეგ მოხდა პოლიციასთან დაპირისპირება, პარლამენტის შენობის წინ, „ქართული ოცნების“ ხვალინდელი აქციისთვის გამზადებულ სცენაზე რამდენიმე დემონსტრანტის ასვლასთან დაკავშირებით. პოლიციამ მათ სცენაზე ასვლის უფლება არ მისცა.

თბილისის მერიამ განაცხადა, რომ აქცია „არასანქცირებულია“.

პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები - სპრეი/გაზი, თუმცა არ დაუზუსტებია, რა შემადგენლობის. დააკავეს რამდენიმე ადამიანი, - მათი რიცხვი შსს-ს არ დაუზუსტებია. დაკავებულთა შორისაა ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი. პეტრიაშვილს ედავებიან წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, - რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს.

აქციაზე მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასობით თანამშრომელი - „რობოკოპები“, რომლებსაც აირწინაღებიც ეკეთათ. საბოლოოდ, ვითარება განიმუხტა.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები