გერმანული ფონდები – "აგენტების კანონზე: აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან

29-04-2024 17:43:28 პოლიტიკა ,საზოგადოება

საქართველოში წარმოდგენილი გერმანული ფონდები ეხმიანებიან "აგენტების კანონის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ამბობენ, რომ მისი პირველი მოსმენით მიღება და ზოგადად, განხილვა, მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან.

ფონდების შეფასებით, მისი მიღება "მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში”.

ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის და კონრად ადენაუერის ფონდი პარლამენტს კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ, საქართველოში წარმოდგენილი გერმანული პოლიტიკური ფონდები, გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიმართ. კანონის პირველი მოსმენით მიღება და ზოგადად, განხილვა, მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან.

თუ კანონი მიღებული იქნება, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში. ეს კიდევ უფრო შეამცირებს კრიტიკულ ხმას და ხელს შეუწყობს პოლარიზაციას. საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ გამოთქვეს მტკიცე სურვილი საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ და აჩვენეს წინააღმდეგობა კანონთან დაკავშირებით.

ჩვენ ვიზიარებთ კანონის კრიტიკას, რომელიც გამოხატულია მრავალი პატივცემული ინსტიტუტის მიერ. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, სერიოზულად მოეკიდონ დაინტერესებული მხარეების შეშფოთებას და გაიწვიონ კანონი უკან.

სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია ჩვენი ღირსეული პარტნიორები არიან მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა საქართველოში ორი ათეული წლის წინ. კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობა საქართველოში მნიშვნელოვან უკუსვლას წააწყდება. გარდა ამისა, ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას „უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები