"დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის
17-06-2022 14:35:20
პოლიტიკა
ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეი იმ პირობებზე საუბრობს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება.
- „ჩვენ გვსურს, ვიხილოთ პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება;
- ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების ["შარლ მიშელის შეთანხმება"] შესრულება, რომელიც მათ შორის, სასამართლო რეფორმას ეხება;
- ჩვენ გვჭირდება პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში;
- ჩვენ ასევე გვჭირდება პროგრესი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში;
- ჩვენ გვჭირდება სრულყოფილი, თავისუფალი მედიაგარემო;
ესაა ჩვენი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, შემდეგ კვირას საბჭო ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს“, – განაცხადა ვარჰეიმ.
კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება ჩამოთვლილი 12 პრიორიტეტი:
- მოგვარდეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით;
- გარანტირებულ იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობა, გაძლიერდეს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტური ანგარიშვალდებულება, ასევე – მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქცია; გაუმჯობესდეს საარჩევნო ჩარჩო; მოგვარდეს ამ პროცესში ეუთო/ოდირისა და ევროპული საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები;
- მიღებულ იქნას და დაინერგოს გამჭვირვალე და ეფექტური მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, დაფუძნებული ფართო, ინკლუზიურ და ინტერპარტიულ კონსულტაციის პროცესზე; უზრუნველყოფილ იქნას, რომ მართლმსაჯულება იყოს სრულად დამოუკიდებელი; ასევე დაცული იყოს ძალთა გადანაწილება, განსაკუთრებით უზრუნველყოფილ იქნას სასამართლოს და პროკურატურის ყველა ინსტიტუტის შესაბამისი მუშაობა და ხელშეუხებლობა – კონკრეტულად უზენაესი სასამართლოსი და მოგვარდეს ხარვეზები, მათ შორის მოსამართლეთა და მთავარი პროკურორის დანიშვნები; გატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმა და დაინიშნონ მისი დარჩენილი წევრები. ყველა ეს ზომა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან;
- გაძლიერდეს ანტი-კორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, ყველა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანებით, კერძოდ მკაცრად გადაწყდეს მაღალი დონის კორუფციული საქმეები; აღიჭურვოს ახალი სპეციალური საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის სერვისები მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით; უზრუნველყოფილ იქნას მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;
- განახორციელოს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჭარბი ზეგავლენისა და პრივილეგირებული ინტერესების აღმოფხვრით;
- გააძლიეროს ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საფრთხის დეტალური შეფასების საფუძველზე, კერძოდ, სრულყოფილი გამოძიების, სასამართლო დევნის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდებების სანდო ჩანაწერების უზრუნველყოფით;სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის გარანტია;
- გასწიოს ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, კერძოდ, იმის უზრუნველყოფით, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები შეესაბამებოდეს ყველაზე მაღალ საკანონმდებლო სტანდარტს და ჟურნალისტებისა და მედიის სხვა პროფესიონალების მიმართ საფრთხის შემთხვევაში მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება დაიწყოს;
- მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის სწრაფი გაუმჯობესება, მათ შორის დამნაშავეების და ძალადობის წამქეზებლების დასჯის ეფექტურად განხორციელება;
- ძალისხმევის კონსოლიდაცია გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად და ქალების წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლაში;
- სამოქალაქო საზოგადოების წევრების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;
- კანონმდებლობის მოწესრიგება, რათა ქართულმა სასამართლომ პროაქტიულად გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები პრაქტიკაში;
- გარანტია, რომ დამოუკიდებელ ადამიანს მიეცემა პრეფერენცია ახალი სახალხო დამცველის ნომინაციის პროცესში, რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ და ომბუდსმენის ოფისის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი.
ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.
კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.
ევროკომისიის გადაწყვეტილების თაობაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
- ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება.
- კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.