პრემიერი გაფიცულ ჭიათურაში სამ მინისტრს გზავნის

ჭიათურაში მასობრივი პროტესტის დაწყების შემდეგ პრემიერ–მინისრტმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წევრებს ადგილზე ჩასვლა დაავალა. 

როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, პრემიერის დავალებით ჭიათურაში მასთან ერთად კიდევ განათლებისა და ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელები ჩავლენ.  მინისტრები მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მედიაციის პროცესში ჩაერთვებიან.

ცნობისთვის: მაღაროელები ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით უკვე მე-11 დღეა შიმშილობენ. დღეს მაღაროელებს მხარდაჭერა რიგითმა ჭიატურელებმა და სკოლის მოსწვალეებმაც გამოუცხადეს. 

ცოტა ხნის წინ რამდენიმე მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა. კერძოდ, სამ მაღაროელს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მეოთხე კი ჰოსპიტალიზებულია. დღესვე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ კიდევ ერთი განცხადება  გაავრცელა და გაფიცულ თანამშრომლებს „კონსტრუქციულ რეჟიმში მოლაპარაკებების წარმოებისკენ“ მოუწოდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp