რატომ ძირავს ხელისუფლება პროექტს, რომლის მნიშვნელობასაც, როგორც ირწმუნება, თავადაც აცნობიერებს

როგორც კი ცნობლი გახდა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის ეპიზოდს იძიებს (ფულის გათეთრების ნიშნებზეც გაკეთდა აქცენტი), დაისვა კითხვები, მოახდენს თუ არა ეს გავლენას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიულ პროექტზე. კითხვას გარკვეულხნიანი დუმილის შემდეგ „TBC ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ უპასუხა და თქვა, რომ ახდენს. მეტიც, მან 4 მარტს, პარლამენტში ვიზიტისას განაცხადა, რომ პროექტთან დაკავშირებით ინვესტორებთან კონტრაქტების გაფორმება მაის–ივნისში იყო დაგეგმილი, თუმცა წარმოუდგენლად მიაჩნია, შექმნილ ვითარებაში ეს შედგეს.

თავად მმართველი გუნდის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პროექტი სტრატეგიული,კრიტიკულად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ამას ხელისუფლება აცნობიერებს და ის აუცილებლად განხორციელდებ, თუმცა როგორ, ამაზე არავინ საუბრობს. უნდა ითქვას, რომ შექმნილი ვითარების ანაკლიის პორტზე გავლენა პირველმა მმართველი გუნდიდან ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამდაადასტურა, როდესაც განაცხადა, რომ „შექმნილი ნეგატიური ფონი ხაზარაძე-ჯაფარიძეს პორტისთვის კაპიტალის შეგროვებას ურთულებს“, თუმცა ისიც თქვა, ხაზარაძეს პროექტში ძირითადად მენეჯერის ფუნქცია აქვს და მასთან ერთად, თუ მის გარეშე, პროექტი მაინც განხორციელდება. რას ნიშნავს ეს, უნდა აღვიქვათ თუ არა მინიშნებად? მინისტრმა განმარტა, რომ მან ეს ზოგადად თქვა, თუმცა  მსგავსი კითხვა ჯერ კიდევ 4 მარტს პარლამენტში თავად მამუკა ხაზარაძემაც დასვა:

„სახელმწიფო ერთის მხრივ, ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანია, მეორეს მხრივ, მიდის ჩვენი იმიჯის დისკრედიტაცია იმ ბანკებთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან და ხელი უნდა მოვაწეროთ 600–მილიონიანი პაკეტის დახურვას მაის–ივნისში. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ვერ გააფორმებენ ჩვენთან ხელშეკრულებას სანამ ეს თემები არ დაიხურება [პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება]. თუ ამოცანა სხვაა, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ [ანაკლიის ღრმაწყლოვანის პორტის] პროექტში, მაგიც კაცურად გვითხარით და გავიგებთ, მაგრამ ეს ფორმა არაა სწორი“.

მთელს ამ საქმეში გარდა იმ კითხვისა, რატომ დაინტერესდა საგამოძიებო უწყება 11 წლის წინანდელი საქმით ახლა, ისიცაა, თუ რატომ გახმაურდა საქმე იმ პირობებში, როდესაც გამოძიებას ჯერ ბრალდებული არ ჰყავს გამოკვეთილი, და როგორც ირკვევა, ჯერ მნიშვნელოვანი ფიგურებიც არ არიან დაკითხულნი. მაგალითად, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში დღეს დაიკითხება, ამასთან, საგამოძიებო უწყებას თავად ფულის გათეთრების ეპიზოდი ჯერ კიდევ არ აქვს დადგენილი. ინფორმაცია პროკურატურიდან გამოვიდა და ამან მგრძნობიარე ფინანსურ სექტორში ბიზნესმენების რეპუტაციაზე თავისი გავლენა იქონია. ისმის კითხვა, ვის ინტერესებში იყო საქმის სკანდალად ქცევა და რა იყო მიზანი?

არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელი დირექტორისლია მუხაშავრიას შეფასებით, კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში პროკურატურის ქმედებები კრიტიკას ვერ უძლებს:


„როდესაც მათ სჭირდებათ, ამბობენ, «გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საიდუმლოაო» და სიტყვას ვერ ათქმევინებ, რომ გაიგო, რეალურად რა ხდება, ხოლო როცა თავად სჭირდებათ, ისე, რომ ბრალდებული არ ჰყავთ და უბრალოდ საქმეა აღძრული, ასახელებენ ადამიანებს... ასეთი ბრალდებით გამოდიხარ ისე, რომ ბრალი არ გაქვს წარდგენილი, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული, მნიშვნელოვანი პერსონები დაკითხული, - ეს ხომ აშკარად მიზანმიმართული კამპანიაა, საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების სრულიად ბოროტად გამოყენების პოლიტიკა! ამისთვის, სულ მცირე, ვიღაც უნდა დაისაჯოს. უფრო სერიოზულად რომ არ იქცევიან, ეს ჩვენი ბრალია, რადგან ჩვენ ასეთი უპასუხისმგებლობისთვის პასუხი არ მოგვითხოვია. ახლა მაინც მოვთხოვოთ!“.

იურისტის შეფასებით, მოვლენები, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ირგვლივ ვითარდება, უშუალოდ სახელმწიფოსთვის არის საშიში: 

„ეს მოვლენები საშიშია უშუალოდ სახელმწიფოსთვისაც, რადგან საქმე ეხება ანაკლიის პორტსაც, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა. რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ანაკლია არა მხოლოდ პორტი, არამედ, ჩემი აზრით, საქართველოს მომავლის საკითხია. შეიძლება, ანაკლიის პროექტის ჩაგდებამ ან განუსაზღვრელი ვადით გადავადებამ ჩვენი სტრატეგიული მიმართულება საერთოდ შეცვალოს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს მოვლენები საშიშია საქართველოში ნებისმიერი ბიზნესისთვის, საინვესტიციო გარემოსთვის და რიგითი მოქალაქისთვის“.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიმდინარე მოვლენებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის წინააღმდეგ „საბოტაჟის“ ნიშნებს ხედავს:

„ფაქტია, რომ შექმნილმა მოცემულობამ  „ანაკლიის“ პროექტის ტორპედირება მოახდინა. ანაკლიის პროექტი იყო წინასაკონტრაქტო პერიოდში. არ მგონია, ხელისუფლება იმდენად ბრიყვი ყოფილიყო, არ სცოდნოდა, რა მოჰყვებოდა ე.წ. „გაჟონვას“ [TBC–ს საქმის დეტალების ერთ–ერთ მედიასაშუალებაში გაშუქება და შემდეგ პროკურატურის პირველი ბრიფინგი] და შემდეგ ფაფხურს. შესაბამისად, ეს ყველაფერი ამ პროექტის საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს. ეს საქმე რეალურიც რომ იყოს, 11 წლის წინანდელია. ხალხო, სადაც 11 წელი იცადეთ,  კიდევ 3 თვეც მოგეცადათ, დაკონტრაქტებულიყო ანაკლია, მით უფრო, რომ არც ბრალდებული ჰყავთ; ამბობენ, ახლა ვიკვლევთ, არის თუ არა ფულის გათეთრებაო. სრული აბსურდია. ჯერ–ჯერობით ერთადერთი შედეგი, რაც ამ ძიებას მოჰყვა, ისაა, რომ ანაკლიის პორტი პრაქტიკულად განადგურდა. ამ დროს საუბარი იყო 2–3 თვის შემდეგ 600 მილიონიანი პაკეტის შეკვრაზე [ანაკლიის პორტის ინვესტიციების]“.


ანალიტიკოსის აზრით, ხელისუფლებამ ამ სკანდალით საკუთარი თავიც დააზიანა, რადგან მოცემულ სიტუაციაში მამუკა ხაზარაძეს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოსგან სოლიდური კომპენსაცია მოითხოვოს:  

„ახლა მამუკა ხაზარაძეს შეუძლია, ფორსმაჟორად გამოაცხადოს ვითარება, უარი თქვას საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებაზე და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხელისუფლებას საკმაოდ სოლიდურ თანხაზე უჩივლოს. ამ თანხას შემდეგ ბიუჯეტი გადაიხდის. ასეთ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და ეს შეგნებულად მოხდა, თუ შეუგნებლად, შედეგის თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს“.

ანალიტიკოსი მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ანაკლიის პროექტი აუცილებლად აშენდება, უბრალოდ სკანდალის გადაფარვის მცდელობად აფასებს:

„ამით ცდილობენ, რომ რაღაცეები გადაფარონ. საქმე იმაშია, რომ ანაკლია ხდებოდა გლობალური სტრატეგიის ნაწილი და, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში იყო. პარტნიორებს, იგივე ამერიკაში გაუჩნდათ კითხვები და ამათ [ხელისუფლებამ] რა ქნან? იძახიან, „ანაკლია ჩვენთვის მნიშვნელოვანიაო“. ადამიანო, თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო, მაშინ ელემენტარულ რაღაცეებზე დაფიქრებულიყავი. მეჩვენება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ თემის კომენტირებას ახდენენ, წარმოდგენა არ აქვთ, რას აკეთებენ. რაც „მესიჯბოქსში“ მიუვათ, იმას ისე ლაპარაკობენ, რომ შინაარსი არც ესმით. მაღალი ალბათობით, აქ რაღაც ინტერესჯგუფი მოქმედებს, მაგრამ ამ ჯგუფს პროექტის ხელში ჩაგდება უნდა, თუ ჩაშლა, ეს ჯერ გამოკვეთილი არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ ამოცანა უბრალოდ ჩაშლაა და არა გადაბარება“.

რაც შეეხება ხაზარაძის ეჭვს, მისი ჩანაცვლების შესახებ, ანალიტიკოსს მოვლენათა მსგავსი განვითარება რთულად წარმოუდგენია:

„რას ჰქვია ხაზარაძის ჩანაცვლება, სახინკლეა? ადამიანმა ამდენ იწვალა, ახლა ჩავანაცვლოთ და ყველაფერი კარგად იქნება? ის ინვესტორები, რომლებთანაც ხაზარაძემ საქმე რაღაც კონდიციამდე მიიყვანა, ხომ დაკარგულია? როდესაც პროექტის ირგვლივ ასეთი რაღაც ხდება, ჩანაცვლება პრობლემას გადაწყვეტს? ახალი ინვესტორი ამ ყველაფერს არ გააანალიზებს, თუ ყველა ბრიყვი ჰგონიათ?“.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპარლამენტის არჩევნები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე