იუსტიციის სამინისტრო ნიკა გვარამიას პასუხობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური მდივნის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება და მას „მძიმე ბრალდებად“ აფასებს.

„რუსთავი 2-მა“ საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში ლადო ჭანტურიას აცილება გამოუცხადა. გვარამიას თქმით, ჭანტურია იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე. 

"ნიკა გვარამიას განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ინსტრუქციებს იღებს საქართველოს მთავრობისგან, არის ძალიან მძიმე ბრალდება და წარმოადგენს როგორც საქართველოს მთავრობისა და მისი წარმომადგენლის - იუსტიციის სამინისტროს, ასევე სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფას, მით უმეტეს, რომ ცარიელ ემოციებზე აგებულ განცხადებას არანაირი მტკიცებულება არ მოჰყოლია.

შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გმობს ტყუილს, რომელიც არხის დირექტორმა გაავრცელა და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი დავის პოლიტიზირებისაგან, რადგან დავის ერთ-ერთი მხარის ამგვარი თავდასხმა მოპასუხე მხარესა და დავის განმხილველ სასამართლოზე ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ინტერესებსა და ევროპული კონვენციის სულისკვეთებას.

იუსტიციის სამინისტრო, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი და მოპასუხე მხარე მშვიდად ელოდება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ მიმდინარე საქმეზე დაკისრებულ დროებით ღონისძიებას და ასევე შევასრულებთ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულო განცხადებაში. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქსტატი– აგვისტოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა