„თუ ამერიკელი ინვესტორები იძულებულები იქნებიან, დატოვონ ანაკლიის პროექტი, ეს სამომავლოდ საქართველოში დასავლეთის ინვესტიციებს ფაქტობრივად გაყინავს“

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე, ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი მიიჩნევს, რომ თუ ამერიკელ ინვესტორებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ჩინური კომპანიების სასარგებლოდ დაატოვებინებენ, ეს სამომავლოდ საქართველოში დასავლეთის ინვესტიციებს ფაქტობრივად გაყინავს.

ამის შესახებ კარპენტერმა „აქცენტს“ განუცხადა.

„თუ ამერიკელი ინვესტორები იძულებულები იქნებიან, დატოვონ ანაკლიის პროექტი და ეს ყველაფერი გაკეთდეს ჩინური კომპანიების სასარგებლოდ, ეს იქნება ძალზე ნეგატიური სიგნალი და ფაქტობრივად გაყინავს სამომავლოდ აშშ–ისა და დასავლეთის ინვესტიციებს საქართველოში“, – განაცხადა ექსპერტმა.

ამასთან, მან ჩინურ და დასავლურ კომპანიებს შორის სხვაობაზეც ისაუბრა.

„მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხედავთ, ჩინეთის მთავრობა როგორ ახორციელებს სუბსიდირებას საკუთარ კომპანიებში და როგორ უწყობს ხელს კორუფციას ინფრასტრუქტურულ პროექტებში. გარდა ამისა, როგორც წესი, ჩინელები ასაქმებენ არა ადგილობრივ, არამედ საკუთარ მუშახელს. რაც შეეხება ამერიკულ და დასავლურ კომპანიებს, აქ ხშირ შემთხვევაში გვხვდება მაღალი სტანდარტები, ადგილობრივი მუშახელის დასაქმებისთვის მეტი პერსპექტივა და კორუფციასთან დაკავშრებული ნაკლები რისკები“, – განაცხადა კარპენტერმა.

ბოლო დროს გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" პორტის მმართველობა ჩამოერთვას ის დროებით მმართველობაში ჩინურ კომპანიას გადაეცეს. ანაკლიის პორტის ინვესტორი ბანკების მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8 მთავარი მოთხოვნიდან 7 შეთანხმდა, თუმცა შესათანხმებელი  დარჩა მხოლოდ ერთი და პრინციპული საკითხი ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ. თუ საქართველოს მთავრობა ამ პუნქტის შესრულებაზე უარს განაცხადებს, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პორტის მშენებლობის საკითხი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჯაფარიძე - პროკურატურას: "ველით, რომ შეასრულებენ სამსახურეობრივ მოველეობას"