“ტატუნაშვილის საქმემ სამხრეთ ოსეთი მთელს მსოფლიოში შეარცხვინა და რუსეთიც დააზიანა”

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა გამოცემა Честный Взгляд-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც დე ფაქტო საპარლამენტი არჩევნების წინ ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ცხინვალისა და მოსკოვის ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასა და სხვა რიგ თემებზე ისაუბრა:


“აქცენტი” ამ ინტერვიუდან ამონარიდების ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

“ორი წლის წინაც, როდესაც [დე ფაქტო პრეზიდენტად] ანატოლი ბიბილოვს დავუჭირე მხარი და დღესაც სამხრეთ ოსეთს ძალზე საპასუხისმგებლო პერიოდი უდგას: ჩვენ ყველას უნდა დავუმტკიცოთ,რომ თავად ვართ ჩვენს სახლში პატრონი და რომ გარედან თავს ვერავინ ვერავის და ვერაფერს მოგვახვევს, ძალით ვერავის დაგვინიშნავს [ამა თუ იმ თანამდებობაზე].

2017 წლის არჩევნებამდე მე მქონდა შეხვედრები [მოსკოვში],რომელზეც პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ შემდეგი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი უნდა ყოფილიყო. ვიცოდი რა მის მიმართ ხალხის დამოკიდებულება, მის საქმიანობაზე ხალხის აზრი, მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე [ბიბილოვის კანდიდატურის მხარდაჭერა].

ბოლო წლები – თიბილოვის მმართველობის პერიოდიც და ახლა უკვე ბიბილოვისაც – ეს ყველაზე დიდი ჩავარდნის წლები იყო ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში. ეს იყო ჩვენი დიდი გამარჯვების, ჩვენი დიდი მონაპოვარის, დიდი წარმატების – დამოუკიდებლობის ფლანგვის წლები, რაც როგორც ლეონიდ თიბილოვის – როგორც პრეზიდენტის, ისე ანატოლი ბიბილოვის -  როგორც ჯერ პარლამენტის სპიკერის და შემდეგ უკვე პრეზიდენტის სინდისზეა. მათ ფაქტობრივად, გაანულეს ჩვენი ხალხის ავტორიტეტი. მათი ურთიერთდაპირისპირება, ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედება,  რეფერენდუმის იდეით თამაში… - სადამდე მიგვიყვანა ამ ყველაფერმა?! ყველამ ხომ ისედაც ყოველთვის იცოდა, რომ ოსი ხალხი ყოველთვის ისწრაფვოდა რუსეთთან გაერთიანებისაკენ და რას დაამსგავსეს მათ ეს იდეა?!

ამას დაემატა [მოსკოველი] კურატორების აგდებული დამოკიდებულებაც ოსი ხალხის მიმართ. რატომ უნდა ზიანდებოდეს ამ ცალკეული პირების ქმედებების გამო რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები?! ეს ყველაზე საშიში და სარისკო თემაა. ჩვენ რუსეთის წინააღმდეგები კი არ ვართ – პირიქით, ჩვენ მისი ყველაზე სანდო მოკავშირეები ვართ, მაგრამ ვის ვირჩევთ – ეს ჩვენი. ოსი ხალხის გადასაწყვეტია და ეს ყველას უნდა დავანახოთ.    მაშინაც, როცა თიბილოვს გვახვევდნენ თავს, მე სწორედ ამ პრინციპით ვიმოქმედე და შევეცადე, ორი ბოროტებიდან (თიბილოვი და ბიბილოვი) უფრო მცირესთვის დამეჭირა მხარი.

ანალოგიური სიტუაცია გვაქვს დღესაც – საპარლამენტო არჩევნების წინ. თურმე, უკვე გაგვიწერეს, რომელ პარტიას რამდენი ადგილი ექნება პარლამენტში… ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის სუბიექტებშიც ვხვდებით, ჩვენი პატარა რესპუბლიკისთვის კი იგი უბრალოდ დამღუპველია. ჩვენ ჩვენი  ხალხის აზრს უნდა ვუსმინოთ. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ სამხრეთ ოსეთი ვინმეს რეზერვაცია არ არის, ჩვენს სახლში ჩვენ ვართ პატრონი!

სწორედ აქედან გამომდინარე დავუჭირე თავის დროზე მხარი [პრეზიდენტად] ბიბილოვს გარედან ნაკარნახევი თიბილოვის კანდიდატურის ნაცვლად. ახლა არ მოვყვები, როგორ მიხასიათებდნენ მაშინ [მოსკოველი კურატორები] ანატოლი  ბიბილოვს, რას ამბობდნენ მასზე… იგივე სურკოვი [რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე “დსთ-სთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში” - რედ.], მაგალითად, პირდაპირ მეუბნებოდა, “ბიბილოვი პრეზიდენტად კი არა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის სპიკერის სავარძელსაც კი ვერ შეინარჩუნებსო”… მე ვუპასუხე, “ღრმა პატივისცემის მიუხედავად, უნდა გთხოვოთ, პატივი სცეთ ჩემს და ოსი ხალხის აზრსა და ნებას”-მეთქი…

ეს ყველას უნდა ვუჩვენოთ: ჩვენ სამხრეთ ოსეთში მდგმურები არ ვართ, ჩვენ პატრონები ვართ და რაოდენ ცოტანიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენს სახლში თავზე არავინ უნდა გადაგვახტეს. სამხრეთ ოსეთი ჩვენი სამშობლოა და ამას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს. და ნუ სხედან ჩვენს ცსკ-ში და ნუ იძლევიან ბრძანებებს, ვინ, სად და რამხელა კვოტით უნდა იყოს არჩეული; ნუ უბრძანებენ ჯიბის პარლამენტს, მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება…

გავა დრო და ზოგიერთ მოქმედ ჩინოსანს იქაც და აქაც შერცხვება საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების წინაშე. მაგრამ დღეს მთავარია, კი არ ვფლანგოთ, არამედ შევინარჩუნოთ ჩვენი დიდი მონაპოვარი – ჩვენი დამოუკიდებლობა”;

”ვადასტურებ, რომ უფრო ადრეც ბიბილოვის სწრაფ კარიერულ ზრდას დიდწილად მეც შევუწყვე ხელი. ჩემს ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად ის მიმაჩნია, რომ ზედმეტად ვენდე ზოგიერთ ჩინოსნებს მოსკოვში, რომლებმაც მითხრეს, რომ ბიბილოვის კანდიდატურა მათთვის უფრო კომფორტული იქნებოდა. ამდენწლიანი მუშაობის განმავლობაში ამ ადამიანებისთვის არასოდეს მიმუხთლია. ჩამოყალიბებული გვქონდა ძალიან კარგი, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ზოგიერთთან დღემდე ვინარჩუნებ მეგობრულ ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობებზე აღარ არიან. თუმცა მათ შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მაშინ არაკეთილსინდისიერად მირჩია ბიბილოვი და მეც მას დავუჭირე  მხარი, თორემ პირადად მე ჩემს მომავალ შემცვლელზე ფიქრის დროს მის გარდა, კიდევ რამდენიმე კანდიდატურას განვიხილავდი. დღეს მინდა, ვუთხრა ჩემს ხალხს, რომ არ გავურბივარ პასუხისმგებლობას არც 2011, არც 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ბიბილოვის სასარგებლოდ  აგიტაცია მეწარმოებინა. ის, რომ შემდგომში, მიუხედავად ამხელა მხარდაჭერისა და ზურგისა, ბიბილოვმა ხალხის ნდობა ვერ მოიპოვა და ხელოვნურად შექმნილიც დაკარგა, მხოლოდ და მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს და იმ პიარ-ტექნოლოგებს, რომლებიც მას ლობირებდნენ და მოსკოვს ატყუებდნენ ბიბილოვის მიმართ ვითომდა კოლოსალური მხარდაჭერის შესახებ […]

ახლაც, საპარლამენტო არჩევნების წინ ვიცი რეალური კვლევების შედეგები და ის, რომ მმართველ პარტია “ერთიან ოსეთს” ძალზე მცირე მხარდაჭერა აქვს. თუმცა ისევ იდება, ისევ იგზავნება მოსკოვში ყალბი მონაცემები… და იგივე ხდება აფხაზეთშიც, იმის მაგივრად, რომ ორივე რესპუბლიკას მოგვცენ შესაძლებლობა, თავად ავირჩიოთ ჩვენს ოჯახში უფროსი…”;

“დღეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში არა პოლიტიკოსები, არამედ შემთხვევითი ადამიანები არიან. მე და ჩემი მხარდამჭერები ვერ გავიზიარებთ იმ კურსს, რომლითაც ჩვენი რესპუბლიკა ანატოლი ბიბილოვს მიჰყავს, რადგან შედეგად ჩვენს რესპუბლიკას ფაქტობრივად გაუნულდა ავტორიტეტი. არ შეიძლება, ივაჭრო შენი ქვეყნის ავტორიტეტით – ეს ის არ არის, რასაც ბიბილოვისგან ველოდით. ჩვენ ველოდით იმას, რომ ოსი ხალხი თავად იქნებოდა თავისი ბედის, თავისი თავის, თავისი სახლის პატრონი. ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოსი ხალხის აზრს ანგარიშს უწევდნენ”;

“არჩილ ტატუნაშვილის საქმემ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ავტორიტეტს ძალზე სერიოზული დარტყმა მიაყენა. ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი, 2001 წლიდან დაწყებული, 2011წლის ჩათვლით, ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში არასოდეს დაგვიშვია, საერთაშორისო თანამეგობრობას რამეში დავედანაშაულებინეთ. გავიხსენოთ თუნდაც ის მომენტი, როდესაც ქართული სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პირები პირადად ჩემზე თავდასხმას ამზადებდნენ და ჩვენ მათი დაკავება შევძელით: ტატუნაშვილის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობდა, ამ პირების წინააღმდეგ კი ძალიან კონკრეტული მტკიცებულებები გვქონდა – თავადაც ყველაფერი აღიარეს და რა გავაკეთე მაშინ მე? - მე რუსი სამშვიდობოების თანდასწრებით (რითაც რუსეთის მნიშვნელობას გავუსვი ხაზი) ეს ადამიანები გადავეცი მათ  ნათესავებს – არა ქართულ ხელისუფლებას, არა კიდევ ვინმეს… ამით ვუჩვენე ქართულ მხარესაც, რომ ჩვენ სისხლისმსმელები არ ვართ, სისხლი არ გვწყურია, ასეთ სიტუაციაშიც კი… და მაშინ ამ ჩვენს საქციელს ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ეუთო-მაც, საერთაშორისო თანამეგობრობამაც, შესაბამისად, ჩვენ ავამაღლეთ მათ თვალში ჩვენი საერთაშორისო ავტორიტეტი… ტატუნაშვილის შემთხვევამ  კი სამხრეთ ოსეთი მთელი მსოფლიოს თვალში შეარცხვინა და ამდენი ხნის განმავლობაში ესოდენ დიდი შრომით მოპოვებული ავტორიტეტი ერთბაშად გაგვინულა. ამასთანავე, ტატუნაშვილის სიტუაციაში როგორც თავად ანტოლი ბიბილოვის, ისე პარლამენტის სპიკერის და ბევრი სხვა ჩინოსნის ქმედებებმა ძალზე სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთის ფედერაციას. მიპასუხონ, რას მიაღწიეს იმით, რომ მთელი  თვის განმავლობაში არ იძლეოდნენ ტატუნაშვილის ცხედარს? და ეს – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ФСБ-დანაც სთხოვდნენ, რუსეთის პატრიარქიც ჩაერთო… ისინი დაჰპირდნენ კირილს, რომ ცხედარს 4 მარტს გადასცემდნენ ქართულ მხარეს, მაგრამ ეს არ გააკეთეს  და პატრიარქიც დარტყმის ქვეშ დააყენეს… ამიხსნან ბატონებმა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში, რით იხელმძღვანელეს მსგავსი მოქმედებისას, თუნდაც იგივე რუსული მხარის მიმართ, რომლის წინაშეც თვალცრემლიანები დებენ ხოლმე ერთგულების ფიცს და გულზე მჯიღის ცემით ისწრაფვიან რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლისაკენ, რეალურად კი მსგავსი ნაბიჯებით ჩრდილს აყენებენ რუსეთს, როგორც ჩვენს მთავარ, სტრატეგიულ მოკავშირეს?   მათი მსგავსი მოქმედების შედეგად საბოლოოდ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოს სწორედ რუსეთის წინააღმდეგ მიმართეს! მიპაუხონ ბატონებმა, რას მიაღწიეს და ნუ ცდილობენ, ჩემი პრეტენზიებით გადაფარონ რამე: მე ტატუნაშვილი არ მომიკლავს, მისი ცხედრის გადაცემა არ გამიჭიანურებია და ამით ამ მოქალაქის ოჯახისთვის კიდევ უფრო მეტი დარტყმა არ მიმიყენებია! არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ეროვნებას – ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, - ტატუნაშვილი ასევე იყო სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, ცხოვრობდა ლენინგორის [ახალგორის – რედ.] რაიონში და ჩვენ ხომ გვაკისრია პასუხისმგებლება ჩვენი რესპუბლიკის ყველა მცხვრებზე?! კი, ბევრს ჩვენი მოქალაქეობა ჯერ არ მიუღია, მაგრამ ხომ ცხოვრობენ ჩვენთან და კონსტიტუციური უფლება აქვთ, იცხოვრონ! თუ ჩვენც ისეთივე დამოკიდებულებას გამოვიჩენთ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართ, როგორსაც ქართველები იჩენდნენ, მაშინ რით ვართ იმ - ნაციონალისტურ საქართველოზე უკეთესები?!”.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა