დღეს გარეჯის მიმართულებით ხალხი 15 ეპარქიიდან დაიძვრება

დავით - გარეჯის დასაცავად დღეს მასშტაბური მსვლელობა იგეგმება. სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით ხალხი 15 ეპარქიიდან დაიძვრება. ადგილზე ჩასვლას გეგმავენ სასულიერო პირები, მრევლი, სამოქალაქო აქტივისტები, გიდები.

აქცია აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს დავით–გარეჯში აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ დაგეგმილი მსვლელობის გასაპროტესტებლად იმართება. სასულიერო პირები მოითხოვენ, ხელისუფლებისგან სამონასტრო კომპლექსის დასაცავად სახელმწიფო დონეზე პრინციპული მოლაპარაკებები აწარმოოს.

„მივდივართ მრევლი მოსალოცად. ღმერთმა ყოველივე კეთილად ინებოს და მთავრობამ თავის საქმე პრინციპულად და სამართლიანად აწარმოოს და განაგოს. მე ამ პოზიციას პირველ რიგში ვაფიქსირებ, აზერბაიჯანის მიმართ არ მაქვს, ჩვენი ხელისუფლების მიმართ მაქვს, რომ მან დაინახოს ჩვენი პრინციპული მიდგომა და პრინციპულ დონეზე აწარმოოს მოლაპარაკებები აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან,“-განაცხადა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა მამა კირიონმა.

გიდების განცხადებით, მათი მიანია, კიდევ ერთხელ დააფიქსირონ გარეჯის კუთვნილება. 

„მიზანი არის მხოლოდ ის, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მხარი დავუჭიროთ აქტივისტებსაც, იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, მშვიდობიანად დააფიქსირონ, რამდენად მნიშვნელოვანია დავით–გარეჯი საქართველოსთვის. ქისტები, ინგუშები, სხვადასხვა მცირე ეთნიკური ჯგუფები, მათ შორის აზერბაიჯანელებიც აპირებენ ჩამოსვლას,“-განაცხადა ერთ-ერთმა გიდმა, ია თაბაგარმა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp