თელავის მერიაში მასშტაბური საკადრო ცვლილებებია

თელავის მერიაში მასშტაბური საკადრო ცვლილებებია: მერის სამმა მოადგილემ და ოთხი სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.

თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ირწმუნება, რომ აღნიშნულმა პირებმა განცხადებები საკუთარი ნებით დაწერეს. 

„ჩემმა მოადგილემ გიორგი  თუშიშვილმა გადაინაცვლა კერძო სექტორში და ეს მისი სურვილი იყო, რომ დაეტოვებინა თანამდებობა. ასევე დანარჩენი სამსახურის ხელმძღვანელებიც, მათი პირადი სურვილით მოხდა წასვლა სამსახურიდან",– აცხადებს მერი. 

განსხვავებულ ინფორმაციას ფლობენ ენმ–ში. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის გიორგი ბოტკოველის ცნობით, პროცესი კლანური დაპირისპირების შედეგია. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ ახალ მოადგილედ თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა საკუთარი ქვისლი დანიშნა.  

„ეს არის სუს-ის და იმ კლანების პოზიციების გადანაწილების ბრძოლა, რომელიც მოქმედებს თელავშიც და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. პლუს ამას დაემატა ის, რომ ამ ყველა ცვლილების შემდეგ, ერთი მოადგილე გახდა უცებ არსებული მერის, შოთა ნარეკლიშვილის ქვისლი. ეს ადამიანები არიან მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რამის გამო, რომ მათ გაისქელონ ჯიბეები და ამ ყველაფერს კარგად ახერხებენ,“-აცხადებს ბოტკოველი.

შორეულ ნათესაობას ადასტურებს ნარეკლიშვილი, თუმცა აცხადებს, რომ ეს ხელშემშლელი პირობა არ არის. 

„ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე კადრი ნათესაური ნიშნით არის შერჩეული. მე ყველა კადრს ვარჩევ პროფესიონალიზმით და მათი გამოცდილების მიხედვით,“- ირწმუნება თელავის მერი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp