აქციის შეწყვეტიდან პირველი დღე: "მაღაროელებს ხელფასი დიდი დანაკლისით ჩაერიცხათ"

ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეს მაღაროელებს ხელფასები ჩაერიცხათ, თუმცა დიდი დანაკლისით. 

“ჭიათურაში გაფიცვა შეწყდა,გაფიცული მაღაროელები დღეიდან დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. ბრძოლის მეორე ფაზა წინაა, დღეს მაღაროელებს ხელფასები ჩაერიცხათ, მაგრამ როგორც მატყობინებენ, ძალიან დიდი დანაკლისით, ყველას აკლია საკმაოდ დიდი თანხა”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში. 


თავად კომპანია ინფორმაციას უარყფს:

„მოგახსენებთ, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" აპრილის თვის ხელფასები გასცა სრულად. ჩვეულ რეჟიმში ხდება ხოლმე, ხელფასამდე ე.წ ქვითრები დარიგება, სადაც მითითებულია, თუ რა სახის ანაზღაურებას იღებს იმ თვეში თითოეული მუშა-მოსამსახურე, თუმცა ჩვენი თანამშრომლების თხოვნით, მოხდა პროცესის აქსელერაცია და პირველ რიგში გაიცა ხელფასები, არ დარიგებულა ქვითრები, რომელიც უფრო ახსნა-განმარტების ხასიათს ატარებს. ეს ე.წ ქვითრები დარიგდება ხვალ და გაირკვევა აღნიშნული საკითხი. ამ დროისთვის მოგვმართა 40-მდე ადამიანმა და მათთან მოხდა მათი ანაზღაურების დეტალურად განხილვა, შესწავლა და დადასტურდა ის გარემოება, რომ ხელფასები გაცემულ იქნა სწორად. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა რაიმე სახის უზუსტობა, ადმინისტრაცია მყისიერად გამოასწორებს და მოახდენს თანხების შესაბამისად კორექტირებას. დამატებით გადარიცხავს იმ თანხებს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ჩვეულ რეჯიმში აგრძელებს მუშაობას. ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც დასაქმებულთა მხრიდან დაისმება, კომპანია მყისიერად რეაგირებს და მზად არის ყველა დაინტერესებული პირის მხრიდან დასმულ კითხვებს დროულად გასცეს პასუხი“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ცნობისთვის: ჭიათურაში მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების მომატების მოთხოვნით 11 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. 27 მაისს მაღაროელებსა და “ჯორჯიან მანგანეზს” შორის მოლაპარაკება შედგა და მაღაროელებმა აქცია შეწყვიტეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp