გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი პარიზში OIE-ს გენერალურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  რიგით (OIE) 87-ე გენერალურ სესიის მუშაობაში მონაწილეობს. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის   გენერალური  სესია ყოველწლიურად იმართება  პარიზში და მასში 182 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობს. 

25-31 მაისს, გენერალური სესიის ფორმატში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა, ინტეგრირებული მიდგომა  და კონტროლი; ცხოველების ვაქცინაცია და  რისკების  პრევენცია; ცხოველებით  და ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. საქართველოს წარმომადგენლებმა სესიის მონაწილეებს საქართველოში არსებული ვითარების, ცხოველთა დაავადებების და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შორის გაიმართა პირისპირ შეხვედრები.

„საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რაც თანამედროვე სტანდარტების შემუშავებას და საკანონმდებლო დაახლოებას   ითვალისწინებს. ამ მიმართულებით   უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები და დღეს  სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის პროცესში,  საქართველო აგრძელებს დაავადებათა წინააღმდეგ  ბრძოლის თანმიმდევრულ  პოლიტიკას,  რაც დადებითად აისახება ქვეყნის კეთილსაიმედოობასა და  საექსპორტო პოტენციალზე“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.  

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (OIE) წამყვან როლს ასრულებს და განსაზღვრავს ვეტერინარულ პოლიტიკას და  ზედამხედველობას უწევს მისი  იმპლემენტაციის პროცესს. დელეგაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ორგანიზაციის დელეგატი საქართველოდან, სააგენტოს უფროსის მოადგილე  ვასილ ბასილაძე. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp