"რუსთავი 2"–ს 70 მილიონს "საქართველო" და მისი მეანაბრეები სთხოვენ

საფინანსო კომპანია „საქართველო“ და მის მიერ დაზარალებული მეანაბრეები ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისგან 70 მილიონი ლარის გადახდას ითხოვენ. 

როგორც დაზარალებული მეანაბრეების ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ირწმუნება, საფინანსო კომპანია სწორედ „რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებული სიუჟეტების გამო გაკოტრდა. კერძოდ, საუბარია სიუჟეტებზე, რომელშიც ნათქვამია, "საქართველოში""ფინანსური პირამიდა" მოქმედებდა.

„ახლა დაზარალებულებსა და კომპანია „საქართველოს“ ერთი ინტერესი აქვთ. მათი შეფასებით, მათ ზიანი 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერში „რუსთავი -ის“ მიერ გაკეთებული სიუჟეტების გამო მიადგათ. სიუჟეტებში აღნიშნავდნენ, რომ ეს კომპანია იყო ე.წ. ფინანსური პირამიდა. არავის გაუჟღერებია, რომ ეს კომპანია ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი იყო. არ გაუჟღერებიათ, რომ იმ დროისთვის არანაირი ვალდებულება და დავალიანება არ ჰქონიათ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, თუ კერძო პირებთან. "რუსთავი 2“ ერთ–ერთი ლიდერი ტელევიზიაა, აქვს ხალხის ნდობა, შესაბამისად, მის მიერ გაკეთებულმა სიუჟეტებმა უარყოფითი შედეგები მოიტანა: კომპანიიდან თანხების გადინება მოხდა, ფაქტობრივად, თანხა აღარ დარჩა და კომპანია გაკოტრდა. ამის შემდეგ უკვე სასამართლომ გამოიტანა განაჩენი – კომპანიას 70 მილიონი ლარი დააკისრა",– განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში შემდეგი ფორმულირებით შევიდა:  „რუსთავი 2"-მა მიაყენა ზიანი, შესაბამისად, „რუსთავი 2-მა“ უნდა აანაზღაუროს.

მოსარჩელე საფინანსო კომპანიაა, მოპასუხე კი „რუსთავი 2“, დაზარალებულები  – მოწმეები. 

"70 მილიონი დაზარალებულებსა და კომპანიაზე უნდა გადანაწილდეს. რეალურად, 2243 დაზარალებულია“, – განაცხადა ადვოკატმა.

თავად ტელეკომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილი აცხადებს, "მოთხოვნა აბსურდულია, რადგან მედიის ფუნქციას სწორედ პრობლემის გაშუქება წარმოადგენს და ის ვერ იქნება საფინანსო კომპანია “საქართველოს” ქმედებებზე პასუხისმგებელი, რის შედეგადაც ასეულობით ადამიანმა კუთვნილი ფული დაკარგა".

ცნობისთვის: სასამართლომ 2017 წლის 31 ივლისს საფინანსო კომპანია საქართველოს ხელმძღვანელებს პატიმრობა განუსაზღვრა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp