ვითარება გარეჯში: "ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრები ერთობლივად ვახორციელებთ მონიტორინგს"

დავით–გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკთან მსვლელობით მისული აქციის მონაწილეების ნაწილი ადგილზე რჩება, ნაწილი კი დაიშალა. დაშლის მიზეზი აქციის ერთ-ერთი მონაწილის გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაცია გახდა. მისი თქმით, პატრიარქის კურთხევაა, რომ აქციის მონაწილეები სახლებში დაბრუნებულიყვნენ და რომ ამის შესახებ მას მამა ანდრიამ ჯაღმაიძემ აცნობა. 

ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიცია. 

"მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ყველა დანაყოფი, რათა თავიდან ავირიდოთ ყველანაირი პროვოკაცია და უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება",– განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თემურ კუპატაძემ.

მისი თქმით, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანული მხრიდან იგეგმებოდა პროვოკაციები, თუმცა დღეს გარეჯში გარდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეებისა, არავინ ასულა.  

„დილიდან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრები ერთობლივად ვახორციელებთ მონიტორინგს ამ პერიმეტრზე. დილიდან ასევე გვქონდა შეხვედრა მამა კირიონთან და სასულიერო პირებთან. მათთან ერთად დავგეგმეთ მარშრუტები, თუ როგორ უნდა გადაადგილებულიყო აქ მოსული მომლოცველები, რათა მათი გადაადგილება ყოფილიყო მაქსიმალურად უსაფრთხო. ასევე ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული მხრიდან იქნებოდა პროვოკაციები. არავინ, აზერბაიჯანის არც ერთი მოქალაქე არ ამოსულა, იქითა მხრიდან არიან მხოლოდ მესაზღვრეები და ისევე როგორც ჩვენ, ისინიც ასრულებენ მოვალეობას. მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ყველა დანაყოფი ადგილზე, რომ თავიდიან ავირიდოთ ყველანაირი პროვოკაცია და ასევე უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაეების უსაფრთხოება", - განაცხადა კუპატაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეების ნაწილს ეგონა, რომ გარეჯში გადაადგილების უფლება შეზღუდული იყო, რამაც მათი მღელვარება განაპირობა. 

„ეგონათ, არ ექნებოდათ გადაადგილების უფლება, მაგრამ როცა ნახეს, რომ ეს ასე არ ხდება, დამშვიდდნენ, მოილოცეს და ბრუნდებიან უკან", - განაცხადა კუპატაძემ.

ახალი ამბები