„პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების შედეგი საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის განახლებაა“

„პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების შედეგი საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის განახლებაა“, – ასე უპასუხა პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას სალომე ზურაბიშვილის მიერ დელიმიტაციის საკითხის წამოწევის შემდეგ დავით–გარეჯში ვითარების დაძაბვის შესახებ. 

„პასუხისმგებლობის გააზრება იმათ მოვთხოვოთ, ვინც არასახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. კომისიამ რომ განაახლა მუშაობა, ამაზე არ ვსაუბრობთ? ეს ურთულესი საკითხი სხვადასხვა მიზეზის გამო წლების განმავლობაში იყო გაყინული. ყოველთვის იყო შესაძლებელი მისი წამოჭრა, მაგრამ რატომღაც სხვა დროს ეს არ მოხდა. ახლა განიხილება და ყველაზე მნიშვნელოვანია, მივცეთ კომისიას მუშაობის საშუალება. კომისიამ დაიწყო მუშაობა, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია, გაყინულია, ეს არის შედეგი. პატრიარქმა გააკეთა გუშინ განცხადება და ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა. ოპოზიციურ ლიდერებს შორისაც კეთდება განცხადებები, მათ შორის თვლიან, რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესი და სახელმწიფო ინტერესი ყველა სხვა დანარჩენ ინტერესთან მიმართებაში ყოველთვის წინ უნდა იდგას. უნდა ვიხელმძღვანელოთ აქედან გამომდინარე. მოსალოდნელი იყო ეს აქტივობებიც, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური თუ სხვა მიზეზებით იყო გამოწვეული. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დადგენილი საზღვრები. მოლაპარაკებები აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ორ კეთილმეზობლურ და მეგობარ ქვეყანას შორის არსებობდეს დადგენილი საზღვრის გარეშე არ არსებობს არც ქვეყნის დამოუკიდებლობა, არც განვითარება, მათ შორის ეკონომიკური, არც უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ამის იმედი აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ და მივიღოთ სასურველი შედეგი", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp