"ხვალ კიევში ჩავალ...ივანიშვილი ისევე დამარცხდება, როგორც მისი კოლეგები – უკრაინაში"

ხვალ კიევში ჩავფრინდები და დავეხმარები ახალ პრეზიდენტს, ზელენსკის და უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„მან [ზელენსკიმ] დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული, ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან. ხვალ დღის მეორე ნახევარში ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი, კიევში, სადაც ვსწავლობდი, კიევში, სადაც ვმსახურობდი არმიაში, კიევში, სადაც ბევრი მიბრძოლია და ციხეშიც კი ვმჯდარვარ. რა თქმა უნდა, კიევში ვბრუნდები, მაგრამ ჩემი ყველა ფიქრი უკრაინაზე და საქართველოზეც არის, რა თქმა უნდა. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია, დავეხმარები ზელენსკის და დავეხმარები უკრაინელ ხალხს. უკრაინაში ჩემ წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორც საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე შეეხო ბიძინა ივანიშვილს და განაცხადა, რომ „ქართველი ხალხი ივანიშვილს ქვეყანას ხელიდან გამოსტაცებს“.

„ქართველი ერის ისტორიაში ივანიშვილი დარჩება მხოლოდ იმით, რომ მე ჩემს ქვეყანაში არ მიშვებს დროებით. ესეც ძალიან მალე დასრულდება და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, დაიბრუნებს თავის ქვეყანას და გამოსტაცებს მას ხელიდან და ზუსტად ისევე დამარცხდება ის, როგორც დამარცხდნენ მისი კოლეგები უკრაინაში“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ცნობისთვის: უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა სააკაშვილს ჩამორთმეული მოქალაქეობა დაუბრუნა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp