ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...

უკვე ერთი თვეა, დავით–გარეჯის სამონატრო კომპლექსის საკითხთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში დუღილის ტემპერატურა არ იკლებს. ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებენ სხვადასხვა რელიგიური თუ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი თხოვნის მიუხედავად, თვითნებურად აწყობენ აქციებს, გარეჯისკენ მსვლელობებს და ყოველდღიურ რეჟიმში ავრცელებენ ამ ერთობ მგრძნობიარე  თემასთან დაკავშირებით განცხადებებს, რომელიც არცთუ იშვიათად ფაქტების დამახინჯებას ემყარება. 

დეესკალაციას არც ის უწყობს ხელს, რომ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის  დამდგენი კომისიის მუშაობის პარალელურად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის წინა დღეებში აზერბაიჯანულმა მხარემ გარეჯში ჩიჩხიტურის მონასტერთან მისასვლელი გზის გაყვანის პროცესი წამოიწყო, პროტესტის საპასუხოდ კი განმარტა, «სამუშაოები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარმოებს და უფლებამოსილი ვარ, ჩემს ტერიტორიაზე ინფრასტრუქურული სამუშაოები ვაწარმოო». 

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანელი აქტივისტები 28 მაისს აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის 101-ე წლისთავის გარეჯში აღნიშნვას გეგმავდნენ, არ  დადასტურდა. იგი დღეს საქართველოს სასაზღვრო სამსახურმაც უარყო: 

„ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული მხრიდან იქნებოდა პროვოკაციები. არავინ, აზერბაიჯანის არც ერთი მოქალაქე არ ამოსულა, იქითა მხრიდან არიან მხოლოდ მესაზღვრეები და ისევე, როგორც ჩვენ, ისინიც ასრულებენ მოვალეობას. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ყველა დანაყოფი, რათა თავიდან ავირიდოთ ყველანაირი შესაძლო პროვოკაცია და უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაეების უსაფრთხოება", - განაცხადა სასაზვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ.

თუმცა გავრცელებული დეზინფორმაცია საკმარისი საბაბი აღმოჩნდა რიგი ქართველი სასულიერო მოღვაწეებისა და აქტივისტებისთვის, დღეს სამონასტრო კომპლექსისკენ მსვლელობა მოეწყოთ დევიზით „გარეჯი საქართველოა, კავკასია კი – ჩვენი საერთო სახლი“. მრევლი და  სასულიერო პირები გარეჯის მიმართულებით 15 ეპარქიიდან დაიძრნენ. მათ სამოქალაქო აქტივისტები და გიდებიც შეუერთდნენ.  

და ეს - მიუხედავად პატრიარქ ილია მეორეს წუხანდელი მოწოდებისა, რომლის ადრესატებიც უპირველესად, ალბათ, სწორედ სასულიერო პირები და მრევლი იყვნენ, - "შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაო". 


მოგვიანებით მსვლელობის მონაწილეთა ნაწილმა გარეჯი დატოვა. როგორც ღონისძიების მონაწილემ – აქტივისტმა გურამ ფალავანდიშვილმა განმარტა, «პატრიარქის კურთხევა იყო, აქციის მონაწილეები სახლებში დაბრუნებულიყვნენ». თუმცა მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი გარეჯში დარჩა და განაცხადა, რომ «აზერბაიჯანელი აქტივისტების სამონასტრო კომპლექსში ასვლის შემთხვევაში სურდათ, ადგილზე დაჰხვედროდნენ». 

საბოლოოდ დღევანდელმა მსვლელობამ, საბედნიეროდ, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუმცა არსებული მღელვარებისა და რიგი ჯგუფების მიერ ამ მღელვარების სათავისოდ გამოყენების მცდელობების ფონზე არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ვითარების გამწვავების თავიდან აცილება სამომავლოდაც მოხერხდება. 

ამ ფონზე აქტუალურია კითხვა: მაინც რა გახდა სახელმწიფო საზღვრის დაუდგენლობის მრავალი წლის შემდეგ დავის ასეთი გამწვავების საფუძველი? 

ზოგიერთის ვერსიით, საფუძველი შესაძლოა, საზღვრების დროული განსაზღვრის აუცილებლობის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ამასწინანდელი განცხადება გამხდარიყო. ამ ვერსიას ემხრობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძეც, რომლის არგუმენტაცია ასეთია: 


„ტრივიალური ჭეშმარიტებაა, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრები უნდა დადგინდეს. საკითხის შეფასება საზოგადოებამ სწორად რომ შეძლოს, პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ ის, თუ რატომ შეიქმნა ეს ფაქტობრივი მდგომარეობა. ეს იყო იმთავითვე ჩადებული ნაღმი, რომელიც გულისხმობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ესკალაციის გზით გათამაშდებოდა მაშინ, როდესაც ეს მტრულად განწყობილ სახელმწიფოს მისცემდა ხელს. სწორედ ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით იყო ორი სახელმწიფო შეთანხმებული, რომ ვიდრე დელიმიტაცია–დემარკაცია მოხდებოდა, არსებული სტატუს–ქვო შენარჩუნდებოდა. მთავარი კითხვა, რომელიც დღეს უნდა დავსვათ, ასეთია: ეს ესკალაცია დაუდევრობით არის გამოწვეული, თუ მას საფუძვლად ხელოვნური გარემოებები უდევს? როგორც საზოგადოება ვარაუდობდა (და ეს სალომე ზურაბიშვილმაც დაადასტურა), სალომე ზურაბიშვილის განცხადებაა აზერბაიჯანის საპასუხო რეაქციის საფუძველი. რთული წარმოსადგენია, რომ დაუდევრობასთან გვქონდეს საქმე: როგორი წარმოდგენისაც არ უნდა ვიყოთ მასზე, ის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა და ბუნებრივია, ეცოდინებოდა შესაძლო რეაქციის შესახებ“. 

თუმცა თავად პრეზიდენტი ბრალდებას არ ეთანხმებადა აცხადებს, რომ მისი განცხადებების შედეგი  არა ესკალაცია, არამედ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სახელმწიფო საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობის განახლებაა, რაც დიდმიღწევად უნდა შეფასდეს. თუ პრეზიდენტის პრეს–სამსახურს დავუჯერებთ, ამ კუთხით ზურაბიშვილი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი, ოპტიმიზმის საფუძველს კი საქართველო–აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობები აძლევს.  

«[...] მოლაპარაკებები აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ორ კეთილმეზობლურ და მეგობარ ქვეყანას შორის უნდა არსებობდეს დადგენილი საზღვრები, ამის გარეშე არ არსებობს არც ქვეყნის დამოუკიდებლობა, არც განვითარება, მათ შორის - ეკონომიკური, არც უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ამის იმედი აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ და მივიღოთ სასურველი შედეგი", - განაცხადა პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

კავკასიოლოგ მამუკა არეშიძეს საკითხის მყისიერი გააქტიურება აფიქრებინებს, რომ საქმე არა პრეზიდენტის განცხადებისშედეგთან, არამედ შესაძლოა, გარკვეულ კომერციულ თემებთან გვქონდეს:   


„რატომღაც მგონია, ისეთ რამესთან გვაქვს საქმე, რომელიც ფართო საზოგადოებამ არ იცის. მაგალითად, როდესაც 2012 წლის აღდგომის დღესასწაულის დროს მოხდა იგივე, მაშინაც დაისვა კითხვა, რატომ მოხდა ასე უცებ? მგონია, რომ რაღაც კომერციული, ბიზნეს-საკითხი შეიძლება, იყოს. მოკლედ, რაღაც არ მოეწონა აზერბაიჯანს. მესმის, რომ ეს შესაძლოა, ნაკლებად სერიოზულად ჟღერდეს, მაგრამ სხვა გარემოება, რომელიც ამ თემის გააქტიურებას გამოიწვევდა, არ არსებობს და არ არსებობდა არც 2004–2012 წლებში“. 

ამის საპასუხოდ ნინო კალანდაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ეჭვი შეიძლებოდა, ლეგიტიმურად ჩათვლილიყო, ვინაიდან აქამდეც ყოფილა მსგავსი სიტუაციები, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში აზერბაიჯანი გაცილებით თანმიმდევრულია, ვიდრე წინა შემთხვევებში იყო:   

„2012 წელს მესაზღვრეები ამოვიდნენ [გარეჯში] დროებით. მაშინ პრობლემის სათავე ორმხრივი ურთიერთობები [აზერბაიჯანი–საქართველო] იყო. ლეგიტიმურია მოსაზრება, რომ ამ შემთხვევაშიც შესაძლოა, იყოს კომერციული ინტერესი, ან სუბიექტური გაღიზიანება, რომელიც ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებს ახასიათებს. წარსულში [გარეჯის] სანაცვლოდ ქართულმა სახელმწიფომ აზერბაიჯანულ მხარეს არაერთხელ შესთავაზა სხვა ტერიტორია, უფრო დიდიც, თუმცა აზერბაიჯანული მხარე ამაზე არ თანხმდებოდა. ეს არის სტრატეგიული ტერიტორია, არა სამხედრო თვალსაზრისით, არამედ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რა საჭიროებების მიხედვითაც იყენებენ მას პერიოდულად არა მხოლოდ რუსები, არამედ აზერბაიჯანიც. ის ამ ფაქტობრივ მდგომარეობას პერიოდულად სათავისოდ იყენებს ორმხრივ ურთიერთობებში ზეწოლის განსახორციელებლად. ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო 2012 წელს. დღეს იდენტური სურათი არ არის. ეს რომ ასე იყოს, ისევე გადაწყდებოდა, როგორც 2012 წელს. კერძოდ, ხანმოკლე პერიოდი გაგრძელდა ეს ვითარება, შემდეგ სახელმწიფო მეთაურებმა ერთმანეთში ისაუბრეს, კონკრეტული გარემოება, რომელიც კონფლიქტს ედო საფუძვლად, აღმოიფხვრა და ქართველ მომლოცველებს კვლავ მიეცათ ასვლის უფლება. მაშინ აღდგა სტატუს–ქვო“,– აცხადებს კალანდაძე.  

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი კი დღეს გარეჯში მიმდინარე მოვლენების უკან რუსეთს მოიაზრებს: 


„ჩემთვის სრულიად შოკისმომგვრელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ 26 მაისს ჩვენს სახელმწიფოში, როდესაც რუსული დროშები ფრიალებდა ბათუმში. ეს არის ხელისუფლების ნამდვილი სახე. ამ ხელისუფლების პირობებში  რუსეთი უკვე ტანკებით და ჯარისკაცებით კი არ იპყრობს ამ ქვეყანას, არამედ დროშებით და მომღერალი ბავშვებით. დღეს უხილავი რუსული დროშა ფრიალებს დავით–გარეჯშიც იმიტომ, რომ ყველგან, სადაც იქმნება პრობლემა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, იქ ფრიალებს რუსული დროშა და ეს რუსული დროშაც თქვენ ააფრიალეთ, ეს თქვენი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა“. 

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია თვლის, რომ საქართველო–აზერბაიჯანს შორის ვითარების გამწვავებას პატრიოტიზმის საფარს ამოფარებული ჯგუფები ცდილობენ. 


“ყველასთვის ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის გუნდის მიმართ, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს, ძალიან მკაფიო პოზიცია გვქონდეს იმათთან მიმართებაში, ვინც დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების გამწვავებას, ქვეყნის შიგნით შუღლის გაღვივებას ცდილობს. იმათ მიმართ, ვინც პატრიოტიზმის საფარქვეშ რეალურად ქვეყანას მტრობს. არის ხალხი, ვინც ამას გამიზნულად აკეთებს, თუმცა არიან გულწრფელი ადამიანებიც, რომლებიც ცდებიან. მთავრობის მიმართ საფუძვლიანმა უნდობლობამ, კრიტიკულობამ, საკუთარი ქვეყნის სიყვარულმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას. მთავრობისთვის ზიანის მიყენება და ქვეყნისთვის ზიანის მიყენება ორი სხვადასხვა რამაა. მხოლოდ იმიტომ, რომ შენთვის თუნდაც სამართლიანად ვერასატან მთავრობას – ივანიშვილის გუნდს ზიანი მიაყენო, არ შეიძლება, ზიანი ქვეყანას მიაყენო. ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და ამავდროულად აზერბაიჯანს აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას ”.

ემოციების ჩაცხრობას ელის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანულ–ქართული კომისიის წევრი ლაშა დარსალია, რათა კომისიამ მუშაობის მშვიდ რეჟიმში გაგრძელება შეძლოს. 


"ამ ეტაპზე დავით–გარეჯში ვითარება სტაბილურია. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემოციურმა ფონმა თანდათან ჩაიაროს, რათა კომისიას მიეცეს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. საქართველოს და აზერბაიჯანს არაფერი აქვთ საჩხუბარი არც ერთ საკითხზე. შესაძლებელია და ორივე ქვეყნის მხრიდან არსებობს მოტივაცია, რომ ჩვენ მშვიდ გარემოში მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მისაღები იქნება ორივე ქვეყნისა  და  საზოგადოებისათვის. ამისთვის მნიშვნელოვანია არა ემოციური ფონი და ურთიერთბრალდებები, არამედ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ცნობისთვის: სსრკ-ის დაშლისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დღემდე ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილია განსაზღვრული. პროცესი ძირითადად მე–6 საუკუნის ქართული კულტურული ძეგლის  – დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი მონაკვეთის გამო შეფერხდა: კელიების ნაწილი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

დავით-გარეჯის თემა 2012 წლის შემდეგ მღელვარების საგნად 2019 წლის 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამ მღელვარების ფონზე შეიქმნა ზემოთხსენებული კომისია, რომელსაც ქართული მხრიდან დარსალია ხელმძღვანელობს. ცნობილია, რომ კომისიამ რამდენიმე შეხვედრა გამართა ბაქოში, კომისიის წევრები იმყოფებოდნე გარეჯშიც, მომდევნო შეხვედრები კი თბილისში 1 თვის განმავლობაში შედგება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp