რას დაჰპირდა ხლისუფლება სეტყვის შედეგად დაზარალებულებს

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობას დახმარების სახით 4 კომპონენტი შესთავაზეს: ვაუჩერების დარიგება, რომელზეც დაირიცხება თითოეულ ჰა მიწის ნაკვეთზე 200 ლარი; მიმდინარე სეზონზე საირიგაციო გადასახადისგან (1 ჰა ფართობი - 75 ლ.) გათავისუფლება; საბანკო სექტორთან შუამდგომლობის საფუძველზე აგროსესხების გადავადება; დონორული პროგრამის ამოქმედება. 

დაზარალებულთა ნაწილმა ხელისუფლების ამ შეთავაზებაზე უკმაყოფილება გამოთქვა და იმ 70 პროცენტიანი წილით დახმარება მოითხოვა, რომელიც დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში, თანამონაწილეობის სახით, სახელმწიფოს უნდა გაეღო. შეხვედრაზე დაზარალებულებმა მიწების რეგისტრაციისა და აგროდაზღვევის სისტემის დახვეწის აუცილებლობის საკითხიც დააყენა. 

"ძალიან დიდია ზარალი და საკმაოდ დიდია მოსახლეობაში ემოციური ფონიც, აბსოლუტურად გვესმის მოსახლეობის პრობლემების, თუმცა, ჩვენც შეზღუდული ვართ გადაწყვეტილებებში, გარდა იმ შეთავაზებებისა, რაც დღეს შევძელით. იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პროექტების განხორციელება მოხდება, მათ შორის, იქნება დონორული მხარდაჭერა. ასევე, ამ ეტაპზე პრიორიტეტია მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროებების გადაწყვეტა, დაზიანებული ნარგავების გადარჩენა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

“დაპირებისამებრ შევხვდით მოსახლეობას და რამდენიმე კომპონენტი შევთავზეთ. თუმცა, ამის გარდა, დაწყებულია მსჯელობა დამატებით სხვა პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც კიდევ უფრო შეუმსუბუქებს მოსახლეობას სტიქიისგან მიყენებულ ზიანს", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა. 

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სეტყვამ 30-ზე მეტი სოფელი დააზარალა. ძირითადად, განადგურებულია კურკოვანი ხილი და ბოსტნეული კულტურები. დაზარალებულებმა გუშინ ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად ავტობანის გადაკეტვა სცადეს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp