კობახიძე "უკრაინელ მეგობრებს" რჩევით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინას არ ურჩევს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რომელიმე თანამდებობაზე დანიშნონ. 

ის ამბობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნას უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე გავლენა ვერ ექნება.

"უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც არის ისტორიულად საქართველოს მეგობარი და შესაბამისად ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე გავლენა არ უნდა იქონიოს, თუმცა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს არ ვურჩევდი ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ ვიცით წინა შემთხვევაში, როგორ დასრულდა ასეთი გადაწყვეტილება. შედეგი, ამ შემთხვევაშიც, იქნება იგივე, როცა საქმე ეხება ავანტიურისტის დანიშვნას რაიმე პოზიციაზე, ბუნებრივია, შედეგი არის ყველა შემთხვევაში გარდაუვალი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რჩევებით შემოვიფარგლოთ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ "მაესტროს" ეთერში და დასძინა, რომ "მთავარია, ის [მიხეილ სააკაშვილი] საქართველოში უფრო ნაკლები აქტუალობით სარგებლობს და ამის დასტური იყო შუალედური არჩევნები".

ცნობისთვის: უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. სააკაშვილმა ზელენსკის მადლობა გადაუხადა და ფეისბუქზე ვარშავა-კიევის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა. ის უკრაინაში 29 მაისს ჩავა. სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება მას საქართველოსთან კიდევ უფრო დააახლოვებს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp