გაერკვა თუ არა ჰააგა ქართული შიდა პოლიტიკის თავისებურებებში და რას ველოდოთ მისგან

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები კვლავ იქცა საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ნაწილის შეშფოთების საგნად. განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია მის მიერ ახლა უკვემოქმედი პრეზიდენტის რანგში გამეორებულმა განცხადებამ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს «საკუთარი მოსახლეობის დაბომბვის» შესახებ. თუმცა ზურაბიშვილმა იქვე ისიც მიაყოლა, რომ ჯამში 2008 წლის სამხედრო აგრესიაზე რუსეთია პასუხისმგებელი, - თითქოს ორი ვერსია შემოგვთავაზა: პირველი – შიდა მოხმარებისთვის, მეორე კი - საერთაშორისო არენისთვის. 

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ამ განცხადების ირგვლივ განმარტებების საჭიროებას ვერ დაინახა, ოპოზიციამ კი იმპიჩმენტის საფუძვლები განჭვრიტა.  თუმცა ამ პოლიტიკურ დისკუსიებზე უფრო მნიშვნელოვნად ის მეჩვენება, ჰპოვებს თუ არა ეს ასახვას ქვეყნის ინტერესებზე, მათ შორის - ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რომლის პროკურატურაში 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების ძიება გრძელდება.

ამ თვალსაზრისით, ალბათ, ძნელია, დაეთანხმო პრეზიდენტ  ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომ «სააკაშვილის მიერ ნახევრად დაცლილი ცხინვალის დაბომბვა მხოლოდ შიდა განხილვის თემაა და არა საერთაშორისო სასამართლოსი», ვინაიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღის გამოყენება სწორედაც რომ ომის დანაშაულია. ომის კონტექსტში სააკაშვილისა და ქვეყნის პასუხისმგებლობის გამიჯნვას მმართველი გუნდი დიდი ხანია, ცდილობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გასულ წელს, ამ თემაზე მორიგი ვნებათაღელვის დროს ირწმუნებოდა, რომ საქართველოს სახელმწიფო დამნაშავედ ვერც ერთ ვარიანტში ვერ წარმოჩინდება, რომ პასუხისმგებლობა ვინმეს შესაძლოა, მხოლოდ ინდივიდუალურად დაეკისროს და რომ ამ მხრივ ქვეყანას არანაირი საფრთხე არ ექმნება.

თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის "Justice International" ხელმძღვანელ ნიკა ჯეირანაშვილს,  რომელიც წლებია, ჰააგაში სწორედ ამ საქმის ფარგლებში საქართველოს პოზიციების დაცვას ცდილობს. მისი განმარტებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მსგავსი ტიპის საქმის განხილვის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია, შესაბამისად, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ აღიქვამს მას საზოგადოება. ამასთან, გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორიც:

„ნიშნავს თუ არა ყოფილი პრეზიდენტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ქვეყნის პასუხისმგებლობას, - ეს ალბათ, უფრო აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიის საგანია. აქამდე ჰააგის სასამართლოს არ ჰქონია საერთაშოირისო კონფლიქტის გამოძიების გამოცდილება, შესაბამისად, ეს არის პრეცედენტული საქმე და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ აღიქვამს ამას ადგილობრივი (ანუ ქართული) და საერთაშორისო საზოგადოება. ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნებს შორის ომს, შესაძლებელია, ყოფილი პრეზიდენტის პასუხისმგებლობა გაიგივდეს ქვეყნის პასუხისმგებლობასთან, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების მიერ ასე იქნას აღქმული ეს საკითხი პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე მხარე – რუსეთი, ყოფილი პრეზიდენტის პასუხისმგებლობას გააიგივებს საქართველოს პასუხისმგებლობასთან. ის უკვე დიდი ხანია, ამ ნარატივს ისედაც იყენებს და პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამას სათავისოდ გამოიყენებს. მეტიც, თუ რუსეთის მხრიდან არ იქნება ვინმე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული, რუსეთი ეცდება, სულაც შიდა კონფლიქტად მონათლოს 2008 წლის ომი და საერთოდ გამორიცხოს თავისი მონაწილეობა“.

ამდენად, ძალაშირჩება კითხვა, არის თუ არა შესაძლებელი, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის განცხადებას ჰქონდეს მტკიცებულების ძალა და გავლენა. 


როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი თამარ თომაშვილი განმარტავს, პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს წარმოადგენს, მის მიერ ოფიციალურ ფორმატებში გაკეთებული საჯარო განცხადებები სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავს და შესაძლოა, წარმოქმნას სამართლებრივი ვალდებულება, თუმცა თუნდაც ინტერვიუს დროს გაკეთებული საჯარო განცხადებაც შესაძლოა, პრობლემების შემქმნელი აღმოჩნდეს. ამ კუთხით თომაშვილი უპირველესად ჟენეის დისკუსიების ფორმატზე ამახვილებს ყურადღებას:

„უპირველესად, გასათვალისწინებელია, როგორი გავლენა ექნება ასეთ განცხადებას ჟენევის მოლაპარაკებებზე, სადაც პირველი სამუშაო ჯგუფი ძალის გამოყენების აკრძალვის საკითხს განიხილავს, საქართველო ამტკიცებს რუსეთის აგრესიას და მოითხოვს 6–პუნქტიანი შეთანხმების შესრულებას. თავის მხრივ, რუსეთი აღნიშნულ განცხადებებს გამოიყენებს ნებისმიერ ფორუმზე - გაერო–ს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს ფარგლებში“.

რაც შეეხება ჰააგაში მიმდინარე გამოძიებას, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი საფრთხეს ამ მიმართულებითაც ხედავს:

„სასამართლო 2008 წლის ომთან დაკავშირებით ომისა და ადამიანურობის წინააღმეგ მიმართულ დანაშაულებს იძიებს. მას არ აქვს იურისდიქცია აგრესიის დანაშაულზე (ეს საკითხი 2008 წელს სასამართლოს იურისდიქციაში არ შედიოდა). ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ომის დაწყება (საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია) და საბრძოლო მოქმედებები ცხინვალის ტერიტორიაზე (რომელიც შესაძლოა, ომის დანაშაულად დაკვალიფიცირდეს). შესაბამისად, როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მეთაურმა/მთავარსარდალმა დაბომბა ცხინვალი და ამას არ უწოდებს კანონიერ საბრძოლო მოქმედებებს, თავად ფორმულირებაც კი ნეგატიურ კონოტაციას იძენს და შესაძლოა, ქართული მხარის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული“.

ნიკა ჯეირანაშვილი კი, რომელიც ბოლო წლების საქმიანობიდან გამომდინარე, ამ საქმის ფარგლებში საკუთარი წყაროებიდან ბევრ არაოფიციალურ ინფორმაციასაც ფლობს, გვაიმედებს, რომ «ჰააგაში ქართული პოლიტიკის თავისებურებებში კარგად გაერკვნენ და ესმით, თუ რას ემსახურება პოლიტიკოსების მიერ შეცვლილი ფაქტებით მანიპულირება, ამდენად, გამოძიებაზე მსგავსი განცხადებები გავლენას ვერ მოახდენს“.


„მართალია, ზურაბიშვილის წინა [გაპრეზიდენტებამდე გაკეთებული ანალოგიური შინაარსის] განცხადებების შემდეგ საქმეში მოწმეები „გაიცხრილნენ“ (ბევრმა ადამიანმა ხელი ჩაიქნია პროცესზე), თუმცა დარჩნენ საკვანძო მოწმეები - ისინი, ვისშიც ქ-ნი სალომეს ნათქვამმა საპირისპირო რეაქცია გამოიწვია და მოქმედება მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობად მიიჩნიეს. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი მსგავსი განცხადებების კეთებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგშიც განაგრძობს, გასული წლის ნოემბრის ამბების შემდეგ მათ ნაკლები ყურადღება ექცევა, ვინაიდან სასამართლომ დაინახა მკვეთრი საზოგადოებრივი პროტესტი [გაპრეზიდენტებამდე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ ანალოგიურ განცხადებებზე] და ამან უკვე იმოქმედა გარკვეულ გადაწყვეტილებებზე.  ამ შემთხვევაში ხალხის რეაქცია აღმოჩნდა გადამწყვეტი და არა პოლიტიკოსების. სასამართლოს აფრიკული ქვეყნებიდან აქვს მსგავსი გამოცდილება და არ გასჭირვებია შექმნილ სიტუაციასთან გამკლავება. უბრალოდ ცუდია, რომ ჩვენ, ნაცვლად იმისა, რომ გვეჩვენებინა, რამდენად ევროპელები ვართ, პირიქით გამოგვივიდა“,– განუცხადა «აქცენტს» ჯეირანაშვილმა და საკითხის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მეტი დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

ამავდროულად, მისი აზრით, პრეზიდენტის მსგავსი განცხადებები შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს მომავალ სასამართლო პროცესებში, როდესაც უკვე ეჭვმიტანილები წარსდგებიან სასამართლოს წინაშე და წაყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოუწევთ და ყველას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა ჰმართებს:

„ზურაბიშვილის [ბოლო] განცხადებაში კონკრეტულ თარიღზეა საუბარი და შესაძლოა, ეჭვმიტანილის დაცვის მხარემ სათავისოდ გამოიყენოს ეს განცხადება ბრალდების გასანეიტრალებლად, რათა უდანაშაულოდ სცნოს სასამართლომ. წინ ურთულესი პროცესები გველის და ბევრი რამის განმსაზღვრელი სწორედ მიმდინარე და მომდევნო წელი იქნება, ამდენად, მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო».

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამ ეტაპზე ზურაბიშვილის განცხადებებს სიჯიუტეს უკავშირებს: 

„ქალბატონი სალომე ცნობილია, როგორც საკმაოდ ჯიუტი პოლიტიკოსი, აქვს გარკვეული შეხედულებები და მათ არ იცვლის განურჩევლად იმისა, რას ფიქრობს საზოგადოება, რამდენად მგრძნობიარეა კონკრეტული საკითხისადმი ხალხი. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა [ზურაბიშვილი] ფრანგი დიპლომატის «ხიბლიდან» და ცდილობს, აქაური რეალობა ფრანგულ მოდელს მოარგოს. რაც შეეხება უშუალოდ განცხადებას, შეთქმულების თეორიებში ვერ წავალ და არ ვიცი, ზურაბიშვილი ამას რისთვის აკეთებს. თუმცა ყველაზე ცუდი მდგომაეობს მის მოსზრებაში, რომ ეს საკითხი მხოლოდ შიდა დისკუსიისთვისაა განკუთვნილი. რეალურად, ასე არაა, რადგან მის განცხადებებს ეცნობიან საქართველოში მყოფი უცხოელი დიპლომატებიც, ისმენენ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და ეს ზოგადად ძალიან სახიფათოა ეროვნული უსაფრთხოებისთვის».

კაკაჩიას შეფასებით, ერთ–ერთი, რაც სალომე ზურაბიშვილს მმართველი პარტიის ლიდერთან, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან აკავშირებს, ამ ნარატივების საერთო ხასიათია:

«გვახსოვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ–მინისტრი იყო, რამდენჯერმე განაცხადა, რომ «ომი სააკაშვილმა დაიწყო». ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს სააკაშვილისადმი პიროვნული სიძულვილით და ა.შ., მაგრამ ფაქტია, ორივეს საერთო ნარატივი აქვთ, რომელსაც საჯაროდ აქტიურად აჟღერებენ“,– აცხადებს პოლიტოლოგი და მსგავს „უხერხულობებს“ მომავლისთვისაც პროგნოზირებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"