ბაქო: საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურების ხელმძღვანელები რიგ საკითხებზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ სასაზღვრო რეჟიმის გამარტივებაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ევროპის ლიგის ფინალურ მატჩზე დასასწრებად ბაქოში ჩასვლას აპირებენ, - იუწყება აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური. 

ლონდონურ კლუბებს, „არსენალსა" და „ჩელსის" შორის მატჩი 29 მაისს,  ადგილობრივი დროით 23:00 სთ-ზე ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზეა დაგეგმილი.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში გულშემატკივრების ჩასვლის საკითხი შეათანხმეს და მათ ორი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა როგორც საჰაერო გზით, ისე რკინიგზითა და ავტომობილებით შეეძლებათ. მიღწეულია შეთანხმება გულშემატკივრებისთვის საბაჟო კონტროლის გამარტივების, მათთვის და მათი სატრანსპორტო საშუალებებისთვის საზღვრის გადაკვეთის განსაკუთრებული პირობების შესახებ.

გარდა ამისა, აზერბაიჯანული უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო საზღვარზე არსებული ოპერატიული ვითარება, სასაზღვრო რეჟიმის წესების დაცვის უზრუნველყოფის ზომები და რიგი სხვა საკითხები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს

"აზერბაიჯანში დაგეგმილ უეფას ევროპის ლიგის ფინალის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით საქართველოს გავლით ფეხბურთის გულშემატკივრები ბაქოს სტუმრობენ. მათი უსაფრთხოების და საქართველოში კომფორტული გადაადგილების მიზნით საპოლიციო დანაყოფები არიან მობილიზებული. 

ზემოაღნიშნულ სპორტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულ მხარესთან შედგა საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც ორი ქვეყნის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ტრანზიტული მგზავრებისთვის, საქართველო -აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გამარტივებული სასაზღვრო პროცედურების გავლა  იქნება შესაძლებელი.

საქართველოში შეფერხების, ან ნებისმიერი დაბრკოლების შესახებ გულშემატკივრებს შეუძლიათ პოლიციას შეატყობინონ 112-ზე, როგორც ტელეფონით, ასევე ონლაინ არხებით", – განუცხადეს "აქცენტს" უწყებაში.

რაც შეეხება დავით–გარეჯის საკითხს, ამ თემაზე საუბარს და რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, უწყებაში არ აკონკრეტებენ.

იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას ქალიშვილთან ერთად დაესწრო