"1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1 ივნისს წმინდა ნინოს გზის გავლას აპირებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე - "კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა" განაცხადა.

გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომელიც ევროპას შემოიყვანს ჩვენში და დაანახებს მას, რა არის საქართველო და ამ მიმართულებით ეს კულტურული მარშრუტები ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია. ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან, რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც.

​ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი", – განაცხადა ზურაბიშვილმა.