კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ

სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს ტაძარი პირვანდელი სახით აღარ არსებობს. ძეგლთა დაცვის სააგენტოს გაფრთხილების მიუხედავად, მუშებმა ძეგლის სტატუსის მქონე დარბაზული ტიპის ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოები განაგრძეს, კედლები ძალაყინით ჩამოანგრიეს, ქვები კი იქვე ეზოში დაასაწყობეს, – იუწყება "სამხრეთის კარიბჭე". 

მისივე ინფორმაციით, ეკლესიაზე „სარესტავრაციო სამუშაოები“ ადგილობრივების ინიციატივითა და დაფინანსებით 12 მაისიდან მიმდინარეობს. სამუშაოების ზედამხედველმა იური ზედგენიძემ განაცხადა, რომ კედლის დაშლა მოსახლეობის მოთხოვნით დაიწყეს.

„რასაც ეს ხალხი გვეუბნება, ვაკეთებთ. გვეტყვიან დაშალეთ - დავშლით, ააწყვეთო - ავაწყობთ“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ იური ზედგენიძის კომენტარს.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, უნებართვოდ დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ორგანიზებისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივი იური წარუკიანი ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი 5000 ლარით დააჯარიმა. მიუხედავად ამისა, სამუშაოები მაინც გრძელდება.

კორხში მდებარე წმინდა სტეფანეს (სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წლის 30 ივნისს მიენიჭა. XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp