ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შეიზღუდება

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალქში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო დღეს საღამოდან ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია საკმაოდ მასშტაბური და საჭირო პროექტია.

„ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას და დღეს საღამოდან უკვე კონკრეტულ ლოკაციაზე შეიზღუდება მოძრაობა, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, ატენის ქუჩამდე შეიზღუდება მოძრაობა. გვინდა, რომ სრულად მოხდეს ქუჩის რეაბილიტაცია. გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ გვაჩვენა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როდესაც ფუნდამენტურად ვახორციელებთ რეაბილიტაციას. მხოლოდ მოასფალტება არ შველის საქმეს და ეს არ არის გაკეთებული საქმე. გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე. ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს სანიაღვრე სისტემები ამ მიმართულებით ჭავჭავაძეზე გვაქვს მძიმე მდგომარეობა. საჭიროებს გადაუდებელ სამუშაოებს. იმის გამო, რომ სატრანსპორტო კოლაფსი არ გამოვიწვიოთ ქალაქში, მთლიანად ჭავჭავაძეს ვერ გადავკეტავდით, მოხდება ლოკაციების შერჩევა და ადგილების გადაკეტვა. პირველი ეტაპი ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე გვაქვს. ჩამოყვანილი გყავს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც დააკვირდებიან პროცესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას15 მილიონი ლარია დასჭირდება და ქუჩაზე მოეწყობა ავტობუსების ზოლები, საფეხმავლო ბილიკები, სრულად შეიცვლება განათება.

ამავე თემაზე: რა მიმართულებით იქნება შესაძლებელი მოძრაობა


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp