"სტრატეგიული შეთანხმების" 4 წელი: რა მოიგო და რა დათმო ცხინვალმა

რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმების გაფორმებიდან 4 წელი შესრულდა.  

„ეს შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთს შორის უახლეს ისტორიაში გაფორმებულ დოკუმენტებს შორის უმთავრესია“,– განაცხადა ამასთან დაკავშირებით ოსური ე.წ. პარლამენტის სპიკერმა პეტრე გასიევმა.

ანალოგიური შინაარსის განცხადებები ამ დღეებში სხვა ოსი ე.წ. დეპუტატებისა და ჩინოსებისგანმრავლად ისმის, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ შეფასებას ოკუპირებულ რეგიონში ყველა როდი იზიარებს.

არაერთი რუსი და ოსი ექსპერტი ამ შეთანხმებას კონიუნქტურულად და ზედმეტად მიიჩნევს იმ არგუმენტით, რომ მისი ხელმოწერის მომენტისთვის უკვე მოქმედებდა 2008 წლის 17 სექტემბრის „დიდი შეთანხმება" "მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“, ასევე 70–მდე უწყებათაშორისი  ე.წ. დოკუმენტი, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობისა და ცხინვალის რეგიონის არსებობის ფაქტობრივად ყველა სფეროს არეგულირებდა.

ანალიტიკოსები მიუთითებენ იმაზეც, რომ ე.წ. შეთანხმების ყველა ძირითადი პუნქტი ჯერ კიდევ დოკუმენტის ხელმოწერამდე იყო შესრულებული.

ასე, მაგალითად, ერთ–ერთი მთავარი პუნქტის ხელმოწერით მხარეებმა აიღეს ვალდებულება, "შეთანხმებული საგარეო პოლიტიკა" აწარმოონ, რუსეთმა კი ამავდროულად „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების გაფართოების“ ვალდებულება იკისრა. არადა, იგივე ნიკარაგუას რუსეთის კარნახით ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 2008 წლის სექტემბერში ჰქონდა აღიარებული, ვენესუელას - 1 წლით გვიან.

ე.წ. შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტი რუსეთის ფედერაციას „რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნვლყოფას“ ავალდებულებს, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დაცვის ჩათვლით. არადა, დოკუმენტის გაფორმების მომენტისთვის ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე უკვე 7 წლის განმავლობაში იყო განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა, დე ფაქტო საზღვარს კი რუსი ე.წ. მესაზღვრეები აკონტროლებდნენ.  

ორად ორი პუნქტი, რომლითაც შესაძლოა, ეს ე.წ. შეთანხმება მართლაც გამოირჩეოდეს, რუსეთისა და ოსური დე ფაქტო შსს–ების ერთობლივი საინფორმაციო–საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბებასა და ოსური ე.წ. ჯარის ფაქტობრივ ლიკვიდაციას უკავშირდება.

ოსური ჯარის თუ სრული ლიკვიდაციის არა, მნიშვნელოვანი შემცირების საკითხს რუსული მხარე ბევრად ადრე, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან მალევე აყენებდა და მიანიშნებდა, რომ ასეთი „ჯარის“ შენახვა ფულის უსარგებლო ხარჯვა იყო. თუმცა ოსური საზოგადოება ამ იდეაზე მტკივნეულად რეაგირებდა და სვამდა კითხვებს: „ხვალ რომ რუსეთმა ჩვენი დაცვა გადაიფიქროს, ვინ დაგვიცავს?! ყველას გვახსოვს, როგორ მიგვატოვეს ჯერ - საბჭოთა, შემდეგ კი რუსეთის სამშვიდობოებმა ღამით! ან პუტინი რომ ვინმე ისეთმა შეცვალოს, ვისაც სამხრეთ ოსეთის შემდეგ სხვა დამოკიდებულება ექნებაო?!“. საბოლოო ჯამში, დე ფაქტო ხელისუფლებამ ოსი ხალხის აზრზე წინ კრემლის პოზიცია დააყენა, თავდაცვის დე ფაქტო სამინისტრო შეინარჩუნა, ჯარი კი გააუქმა.

უნდა აღინიშნოს, რომ შეშფოთებული იყო ოსური საზოგადოება თავად ამ ორმხრივი შეთანხმების დაანონსების მომენტშიც, რაც მისი პროექტის მოულოდნელად, არსაიდან გამოჩენას უკავშირდებოდა. დღემდე უცნობია, ვინ იყო მისი გაფორმების ინიციატორი, თუმცა ადგილობრივებს კარგად ახსოვთ, რომ ამ არსობრივად ანონიმურ პროექტს ძალზე აქტიურად ლობირებდნენ ოსურ პარლამენტში მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ წევრი დეპუტატები, რომლებიც რუსეთთან შეთანხმების გაფორმების ყველა მოწინააღმდეგეს „პროქართულ განწყობებში“ ადანაშაულებდნენ. 

"რუსეთთან ამ შეთანხმების მთავარი მიზანი, როგორც ჩანს, ორი რამ იყო: ოსური ჯარის ლიკვიდაციის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის შსს–ს ოპერატიულიწარმოდგენილობის უზრუნველყოფა. მოსკოვს გადაწყვეტილი ჰქონდა, ოს ხალხში ძალზე არაპოპულარული გადაწყვეტილებების რეალიზებისთვის იმგვარად მიეღწია, რომ ეს აღქმული ყოფილიყო არა კრემლის ინიციატივად, არამედ მოსკოვისადმი თავად ცხინვალის წინადადებად. ოსურმა ელიტებმა ეს დავალება შეასრულეს“,– წერს ამასთან დაკავშირებით "რადიო თავისუფლების" ადგილობრივი მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა