ტარიელ ონიანი ციხიდან დასაღწევად გზებს ეძებს

რუსეთის, ორენბურგის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ ონიანს საექსტრადაციო პატიმრობის ვადა 8 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივა,– ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "праим краим" იუწყება.

როგორც ცნობილია, ონიანის ექსტრადირებას ელის ესპანეთი, რომელიც მას 1995–2005 დანაშაულებრივი სინდიკატის შექმნასა და მის ფარგლებში ფულის გათეთრებას ედავება, რის საფუძველზეც 8,5–წლიან პატიმრობასა და 50 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას ითხოვს.

70 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი მიმდინარე წლის 9 აპრილს განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია „შავი დელფინიდან“ გამოშვებისთანავე დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავების საფუძველი ესპანეთის მოთხოვნა იყო და ონიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.

"праим краим"–ის ცნობით, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, რუსეთი ესპანეთში იშვიათად ახდენს ეჭვმიტანილთა ექსტრადირებას, მით უფრო ისეთების, როგორიც ტარიელ ონიანია.

ცნობისთვის: 2006 წელს რუსეთმა ესპანეთიდან გაქცეულ ონიანს მოქალაქეობა მიანიჭა. იმ დროისთვის ესპანეთში მის მიმართ დაკავების ორდერი უკვე იყო გაცემული.

"праим краим"–ს წყარო უყვება, რომ რუსი ძალოვანები ონიანის ექსტრადირების შანსს მინიმალურად აფასებენ, თავად ონიანის გარემოცვაში კი ამბობენ, რომ მას საქართველოს გადასცემენ, საიდანაც უკვე ქართველი ძალოვანები მესამე ქვეყანაში გაუშვებენ, დიდი ალბათობით – თურქეთში, სადაც მისი კლანის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები. უნდა აღინიშნოს, რომ ონიანი საქართველოს მოქალაქე არაა. 

გამოცემის ანალიტიკოსების აზრით, ონიანი – ჯანგველაძის კლანი, რომელიც უმთავრესად ქუთაისელი და სოხუმელი ე.წ. ქურდებითაა დაკომპლექტებული, შესაბამისად ტარიელისა და მერაბის ხელმძღვანელობით, სადღეისოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მძლავრი „ქურდული“ ფორმირებაა და თუ ონიანი ციხეს თავს დააღწევს, მას ტოლი არ ეყოლება ავტორიტეტით „ქურდულ სამყაროში“, თუ არ ჩავთვლით მის მთავარ მოკავშირეს მერაბ ჯანგველაძეს.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp