რუსეთში ქართველი დიდგვაროვნების ნეკროპოლი აღმოაჩინეს

პეტერბურგში, კეთილმორწმუნე ფიოდორ ნოვგოროდელის სახელობის ეკლესიის რესტავრაციისას ქართველი დიდგვაროვნების, მათ შორის სამეფო ოჯახის წევრთა ნეკროპოლი აღმოაჩინეს. ნაპოვნია სულ 28 სამარხი, - იუწყება რუსული მედია. 

გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანობაში აღმოჩენილია 31 სამარხი, რომელთა შორისაა 1861 წლის ცნობილი გლეხური რეფორმის ერთ-ერთი ავტორის, გრაფ იაკობ როსტოვცევის სარკოფაგიც.


როგორც რუსული პრესა წერს, სარესტავრაციო სამუშაოები უკვე მეათე წელია, გრძელდება. 

საბჭოთა ეპოქაში, სხვადასხვა დროს აღნიშნულ ეკლესიაში განთავსებული იყო ჯერ აეროკლუბი, შემდეგ ფიზკულტურული საზოგადოება „სპარტაკი“ და ბოლოს სისხლის გადასხმის სადგური. შესაბამისად, ტერიტორიაზე არაერთი მიშენება გაჩნდა.

ალექსეი ოდინცოვის თქმით, რომელიც ალექსანდრე ნეველის ლავრაში (რომლის შემადგენლობაშიც შედის ფიოდორ ნოვგოროდელის ეკლესია) რესტავრაციისა და არქიტექტურულ-მხატვრული შემკულობის საქმეებს ხელმძღვანელობს, სამარხები დაკონსერვდება და ზემოდან დაჯავშნული მინით დაიხურება. 


ალექსანდრე ნეველის ლავრა პირველი და ყველაზე დიდი მონასტერია პეტერბურგში. არქიტექტურული კომპლექსის შემადგენლობაში შედის რამდენიმე სასაფლაო, სადაც ცნობილ მოღვაწეებს კრძალავდნენ. 

ლავრაში სამონასტრო ცხოვრების აღორძინება 1996 წელს დაიწყო, ხოლო სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას ლავრა სრულად 2000 წლის 18 აპრილს გადაეცა.