რუსული ნავთობის დაბინძურებამ გერმანიის ეკონომიკას დაარტყა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რუსული ნედლეულის მიწოდების გაჭიანურების გამო ნავთობპროდუქტებით ვაჭრობით დაკავებული გერმანული კომპანიები გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდნენ. ამასთან, გერმანულ ბაზარზე ნედლეულის დეფიციტი წარმოიშვა, – განაცხადა საწვავისა და ნავთობის საქსონური სავაჭრო გაერთიანების პრეს–მდივანმა. 

მისივე თქმით, გაერთიანებას ივნისისთვის ვითარების გამოსწორების იმედი აქვს, რადგან რუსული მხარე ნავთობის დაბინძურების პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრას სწორედ ამ დროისთვის ვარაუდობს.

თუმცა გამოცემა "დოიჩე ველე“ შეგროვილ ფაქტებზე დაყრდნობით ამ პროგნოზს არ ეთანხმება და წერს, რომ გერმანიისთვის ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნედლეულის მიწოდების აღდგენა სავარაუდოდ, კიდევ გაჭიანურდება. 

თავის მხრივ, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ მოვლენათა განვითარებას აკვირდება და ჯერ–ჯერობით არ აქვს საფუძველი განაცხადოს, რომ გერმანიისთის საწვავის მიწოდების საიმედოობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.  სამინისტროს პრეს–სამსახურის მონაცემებით, ამ ეტაპზე სახელმწიფო ნავთობრეზერვების გამოყენების დაწყება არ იგეგმება.

ორშაბათს ბელარუსულმა სახელმწიფო ნავთობკომპანია „ბელნეფტეხიმმა“ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთს უკვე 80 ტონა დაბინძურებული ნავთობი დაუბრუნდა.

გასულ კვირას რუსეთისა და ბელარუსის მთავრობებმა ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის ერთობლივი გეგმა შეათანხმეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"