ცხოველებისადმი ან ფრინველებისადმი არასათანადო მოპყრობისთვის სასჯელის ზომები გამკაცრდა

ცხოველებისადმი ან ფრინველებისადმი არასათანადო მოპყრობისთვის სასჯელის ზომები გამკაცრდა.  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობისთვის ჯარიმა იზრდება. კერძოდ, ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმდება. სადღეისოდ  მდგომარეობით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობისათვის ჯარიმის ოდენობა შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობაა (40 ლარი).

ამასთან, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება მშობლის პასუხისმგებლობა არასრულწლოვანი პირის მიერ ჩადენილი ამ ქმედებისათვის - ასეთ შემთხვევაში, არასრულწლოვანის მშობელი ან მისი შემცვლელი შესაძლოა 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდეს.

რაც შეეხება “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, ცხოველის მოკვდინება “ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული აღარ იქნება და ის სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვლება. უფრო კონკრეტულად, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 1 წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი - ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის წესით დასჯას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400-საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლის დარღვევისათვის გამოვლენილი სამართალდარღვევათა რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 2015 წელი - 2 შემთხვევა; 2016 წელი - 0; 2017 წელი - 0; 2018 წელი - 3 შემთხვევა.

რაც შეეხება “სისხლის სამართლის კოდექსის” 259-ე მუხლს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, ამ დარღვევისათვის გამოვლენილი დანაშაულის რაოდენობა წლების მიხედვით მზარდია. თუკი 2015 წელს ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის 19 შემთხვევა აღირიცხა, 2018 წელს ეს რაოდენობა გასამმაგებულია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp