„ცხრაწლიანი რეჟიმის შემდეგ, ჩვენი მოქალაქეები დანევროზებულია, ოჯახები პატარა კამათის გულისთვის ინგრევა“

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა დასკვნამდე, რომ სადღეისოდ საქართველოში ოჯახების დანგრევის ფაქტების სიხშირე წინა ხელისუფლების ბრალია. 

მისი არგუმენტი შემდეგში მდგომარეობს:

„იმ 9-წლიანი რეჟიმის შემდეგ, ჩვენი მოქალაქეები დანევროზებულია, რომლებიც თავს ვერ იკავებენ და ოჯახები პატარა კამათის გულისთვის ინგრევა - როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახებს დანგრევისაგან?“

აღნიშნული კითხვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვიციანმა “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის განხილვისას დასვა.

“რას იტყვით თაღლითობაზე, რაც არსებობს გინდ ქალების და გინდა კაცების მხრიდან? ქალი ოჯახს თაღლითურად რომ შექმნის, მერე ქონების გულისთვის გაეყოფა და ამას ძალადობას დააბრალებს, ეს თუ არის გათვალისწინებული? არ ვარ წინააღმდეგი, რომ კანონი დაიხვეწოს, ოღონდ საკითხს ფაქიზად მოვეკიდოთ, რადგან ეს არის ოჯახი. შეიძლება ევროპელებსა და ამერიკელებისგან რაღაც ტექნოლოგიები ვისწავლოთ, მაგრამ ოჯახური ტრადიცია შეიძლება იქით ვასწავლოთ ძალიან ბევრს“, - განაცხადა კვიციანმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp