უმრავლესობის დეპუტატი: "ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ექსკლუზივი ანაკლიამ უნდა მიიღოს"

მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი  უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გაუგებრობად აფასებს. საუბარია ფოთის ნავსადგურისთვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის მიცემასა და შემდეგ გაუქმებაზე.

„როგორც ვატყობ, რაღაც გაუგებრობაა“,– განუცხადა „აქცენტს“ დეპუტატმა.

კითხვას, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ეკონომიკის სამინისტრო, როდესაც აცხადებს, რომ ნებართვა მთავრობის წევრებთან შეუთანხმებლად გასცა კონკრეტულმა პირმა, დეპუტატი პასუხობს: „ეს უკვე მეორეხარისხოვანია“.

ოქრიაშვილის განცხადებით, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ექსკლუზიური ნებართვა ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმმა უნდა მიიღოს.

„ანაკლიის პორტმა, ანაკლიის პორტის კონსორციუმმა უნდა მიიღოს ექსკლუზივი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომ მათმა ინვესტიციამ არ განიცადოს დარტყმა სხვა ნებართვის შესაძლო გაცემასთან დაკავშირებით“,– განუცხადა „აქცენტს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.   

შეგახსენებთ, რომ "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. 

"ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღმოჩნდა, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში, მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა 2 მაისს გაიცა, კონსორციუმის წარმომადგენლები და ინვესტორები კი მთავრობის წევრებს 21 მაისს შეხვდნენ:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება" - ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში. 

უკვე დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებას ამცნო, რომ ნებართვა გაიცა მთავრობის წევრებთან შეუთანხმებლად და ის გაუქმებულია, ნებართვის გამცემი კი თანამდებობიდან გათავისუფლებული:

"პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას; ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი სარგებლობის დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად - ჩემთან.  გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის ეს დოკუმენტი გაცემული. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს დოკუმენტი გაუქმდა და ასევე, სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„უსამართლობის გამო“ პროკურორმა სალომე ადეიშვილმა პროკურატურა დატოვა