საქართველო სააკაშვილის ექსტრადირებას ისევ ითხოვს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის დაკარგვის ან აღდგენის ფაქტს მის მიმართ არსებულ სამართალწარმოებასთან და საექსტრადიციო პროცედურებთან კავშირში არაა და ამ კუთხით არსებულ პროცესზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

როგორც პროკურატურის წარმომადგენელი კოკა კაციტაძე განმარტავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საექსტრადიციო პროცედურები საქართველოს პროკურატურას დაწყებული აქვს და  არ შეწყვეტილა.

„რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მისი მოქალაქეობის დაკარგვის, ან აღდგენის ფაქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საექსტრადიციო პროცედურებთან არავითარ კავშირში არ არის და მიმდინარე პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს.სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება! საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ის მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ასევე მსჯავრდებულია პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, ხოლო ბრალდებულია და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედის უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებზე. პროკურატურა გააგრძელებს სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა 28 მაისს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.სააკაშვილი ამჟამად უკრაინაში იმყოფება. 

ცნობისთვის: ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო სააკაშვილის ექსტრადირებას რამდენიმე წელია ითხოვს, ჯერ კიდევ უკრაინის წინა პრეზიდენტის დროს, თუმცა აქტი არ განხორციელებულა 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp